"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროექტის" კორუფციული სქემის შესწავლა დაიწყო. ეს პროექტი ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის დროს წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც გამგეობებისა და ამხანაგობების თანადაფინანსებით მრავალბინიანი კორპუსების გამაგრებითი, გადახურვის, სადარბაზოების სარემონტო და სხვა სამუშაოები მიმდინარეობდა. გამომძიებლები იმან დააინტერესა, რომ უმრავლეს შემთხვევაში სამუშაოს ასრულებდნენ ერთი და იგივე კომპანიები, რომელთაც გამგეობის ხელმძღვანელი პირები პირადი ფინანსური დაინტერესების საფუძველზე არჩევდნენ. კანონმდებლობის თანახმად კი, სამუშაოების მწარმოებელი კომპანია უნდა შეერჩია ამხანაგობის თავმჯდომარეს, მაგრამ ხშირად გამგეობა არჩევდა სასურველ კომპანიას და ამხანაგობის თავმჯდომარეს სთხოვდა, მასთან გაეფორმებინა ხელშეკრულება, სანაცვლოდ კი ამხანაგობას არ მოუწევდა თანადაფინანსების ფარგლებში დაწესებული 20%-ის გადახდა. კორუფციული სამკუთხედის მიხედვით, სამშენებლო კომპანიას დოკუმენტებში შეჰქონდა ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად ზრდიდნენ შესრულებული სამუშაოების მოცულობასა და ღირებულებას. შედეგად, გარიგებაში მყოფი პირები მოტყუებით ეუფლებოდნენ საბიუჯეტო სახსრებს. გარიგება კი ყველა მხარისთვის მომგებიანი გახლდათ: ამხანაგობა თავისუფლდებოდა 20%-იანი თანადაფინანსებისგან, გამგეობის ხელმძღვანელები, საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენლები და სამშენებლო კომპანია კი შეუსრულებელი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ინაწილებდნენ.
ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში გოგოლისა და ფიროსმანის ქუჩის ბინათმესაკუთრეებიც მოხვდნენ, სარემონტო სამუშაოებისთვის თანხაც გამოიყო. "კვირის პალიტრამ" ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა, თუმცა, ფოტომასალიდანაც კარგად ჩანს, რომ იქ სამუშაოები არ ჩატარებულა (თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ გოგოლის #10-სა და ფიროსმანის #18-ში გადაღებულ ფოტოებს).
ვის ჯიბეში მიდიოდა სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხები? სამშენებლო კომპანიებს მერიის მაშინდელი მაღალჩინოსნები არჩევდნენ და კორუფციული გზით თანხებს ითვისებდნენ. წყაროს ცნობით, ამ საქმეზე მალე დაკითხვაზე დაიბარებენ მთაწმინდის ყოფილ გამგებელს, ნიკა მელიას, ჩუღურეთის ყოფილ გამგებელს, დავით დაღელაშვილსა, და დიდუბის ყოფილ გამგებელს, ლევან მხეიძეს.