გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში

გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში

საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში და აქ ერთიანი ძალისხმევაა საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განმარტებით, დაუშვებელია ვიწროპარტიულმა ან უწყებრივმა ინტერესებმა შეასუსტონ ევროატლანტიკური პლატფორმა.

"2014 წელს "ჰიბრიდულმა" ომებმა, ტერორიზმმა, სახელმწიფოების საზღვრების ძალადობრივმა შეცვლამ მკაფიოდ დაგვანახა, თუ რაოდენ მასშტაბური საფრთხეები ემუქრება მსოფლიო წესრიგს. მოვალენი ვართ ზედმიწევნით სწორად შევაფასოთ ვითარება და შესაბამისად ავაგოთ ჩვენი სტრატეგია.

საქართველოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან. მიმდინარე წელს კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები როგორც საკუთრივ ევროკავშირთან და ნატოსთან, ისე ევროატლანტიკური სივრცის თითოეულ სახელმწიფოსთან.

ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და ის უპირატესობები, რაც საინტერესოს ხდის ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობისათვის; საქართველოს განვითარებითა და სტაბილურობით დაინტერესებულ სახელმწიფოთა რიცხვის ზრდა ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი სერიოზული საერთაშორისო გარანტიაა.

ამდენად, საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში და აქ ერთიანი ძალისხმევაა საჭირო. დაუშვებელია ვიწროპარტიულმა ან უწყებრივმა ინტერესებმა შეასუსტონ ევროატლანტიკური პლატფორმა. პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველას - პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს თავისი უმრავლესობითა და უმცირესობით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული საკითხები ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.

"საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია და მილიტარიზაცია ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში და ამდენად, ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას, უარს ამბობს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე; გასულ წელს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელეს მანიპულირება მავთულხლართებით. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულებების გაფორმების გამო, ჩემი მიმართვის პასუხად, პარლამენტმა ეს აქტები ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ეს შეფასება ჩვენმა პარტნიორებმაც გაიზიარეს და საერთაშორისო მასშტაბით კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის აგრესია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."