თინა ხიდაშელი - ხარძიანის საქმეს სჭირდება უფრო სერიოზული პასუხი, ვიდრე მივიღეთ ვაზაგაშვილის მკვლელობაზე

თინა ხიდაშელი - ხარძიანის საქმეს სჭირდება უფრო სერიოზული პასუხი, ვიდრე მივიღეთ ვაზაგაშვილის მკვლელობაზე

ბესო ხარძიანის საქმეს სჭირდება გაცილებით უფრო სერიოზული პასუხი, ვიდრე ჩვენ მივიღეთ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

"არ შემიძლია ამ ტრიბუნასთან ვიდგე დღეს და ერთი წინადადებით მაინც არ შევეხმიანო იმ საზარელ მკვლელობას, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ მოხდა და კიდევ მანამდე, რამდენიმე ხნით ადრე. იურა ვაზაგაშვილის და ბესო ხარძიანის მკვლელობა არის, შესაძლოა, ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენი ხელისუფლება დადგა, რის წინაშეც ჩვენი ახალი შს მინისტრი და საქართველოს პროკურატურის ახალგაზრდა გუნდის ახალი შემადგენლობა დადგა. მე დარწმუნებული ვარ, დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე საქმე სათანადოდ გამოძიებული იქნება და არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი ამ გამოძიებასთან დაკავშირებით; დაისჯებიან როგორც შემსრულებლები, ასევე, დამგეგმავები, შემკვეთები. ასეთი მკვლელობები შემთხვევით არ ხდება. ასეთი მკვლელობები ასე უცბად, რომ დილით ვიღაცამ გაიღვიძა ცუდ ხასიათზე და ტყვია გაისროლა, არ ხდება, ამიტომ ამ საქმეს სჭირდება გაცილებით უფრო დიდი და სერიოზული პასუხი, ვიდრე ჩვენ მივიღეთ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე და მე დარწმუნებული ვარ, სრული ნდობა და რწმენა მაქვს, რომ საქართველოს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ნათელს მოჰფენს ამ საქმეებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ამ საქმეების გამოძიება მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ აღარავის არასოდეს ეჭვიც არ გაუჩნდეს, რომ ასეთი დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს და ეპატიოს. "ჩვენი სახელმწიფოს სიჯანსაღისთვის და სიჯანმრთელისთვის არის აუცილებელი ამ მკვლელობებზე პრინციპული და სათანადო პასუხის გაცემა", - დასძინა თინა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."