ირაკლი ალასანია - ე.წ. კაბელების საქმის წარმოება ჩრდილოკორეული სცენარით მიმდინარეობს

ირაკლი ალასანია - ე.წ. კაბელების საქმის წარმოება ჩრდილოკორეული სცენარით მიმდინარეობს

ე.წ. კაბელების საქმის წარმოება ჩრდილოკორეული სცენარით მიმდინარეობს და როცა მოუნდება ივანიშვილს მაშინ მიაწერენ ამა თუ იმ გვარს, - ამის შესახებ კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომის 15 აპრილისთვის გადადების შემდეგ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ ე.წ. კაბელების მთავარ საქმეზე მოხდა სხვა პირების პასუხისგებაში მიცემა, ალასანიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამაზე ვერაფერს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს ამის შესაძლებობას.

"ეს არის ჩრდილოკორეული, საუკეთესო ტრადიციებში გაკეთებული სცენარი, რომ საქმე ზოგადად რაღაცაზე გახსნილია და როცა უნდა ბატონ ივანიშვილს მაშინ მიაწერენ ამა თუ იმ გვარს. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და ჩვენი სამართლისთვის, ასევე მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის ძალიან დამაზიანებელია ასეთი ჩრდილოკორეული სცენარით საქმის წარმოება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეეხება წინასასამართლო სხდომის გადადებას, მისი თქმით, აუტანელია ის, რომ ხუთი უდანაშაული ადამიანი, რომლებიც ე.წ. კაბელების საქმეზეა დაკავებული, კიდევ ორი კვირის განმავლობაში პროცესის განახლებამდე წინასწარ პატიმრობაში უნდა დარჩნენ.

"ყველაზე სამწუხარო ჩვენთვის, ბრალდებულების ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც სამართალს ვეძებთ, არის ის, რომ ეს ხუთი უდანაშაულო კაცი კიდევ ორი კვირა უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში. ეს არის აუტანელი, ძალიან მძიმე ყველასთვის, რომ უდანაშაულო ხალხი კიდევ 15 დღე ციხეში იქნება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 აპრილს, 11:00 საათზე განახლდება.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."