ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მოსაზრებაზე - ასეთი დონის დამაკნინებელი შეფასება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია

ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მოსაზრებაზე - ასეთი დონის დამაკნინებელი შეფასება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია

სადაც პრემიერ-მინისტრი არის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, იქ მინისტრი იქნება რიგითი წევრი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ საკოორდინაციო საბჭოების შექმნასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

"არასდროს მოუმართავს პრეზიდენტს რაიმე კითხვით, თუ რას აკეთებს ეკონომიკური საბჭო, უშლის თუ არა რომელიმე სამინისტროს მუშაობაში ხელს. მე მინდა, მოსახლეობას განვუმარტო ამ შემთხვევაში და არა პრეზიდენტს, თუ რა მიზნით შევქმენით ეკონომიკური და კრიზისების მართვის საბჭოები. პრეზიდენტს რომ მოემართა კითხვით, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს ამას მოვახერხებდით. მე მახსოვს, რომ ამ საკითხზე ჩვენ გვქონდა საუბარი. ეს მოდელი ჩვენ გადმოვიღეთ ისრაელიდან, სადაც პრემიერ-მინისტრს აქვს მსგავსი ტიპის სათათბიროები. ასევე აქვს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, აშშ-ის პრეზიდენტს. რაიმე ახალი გამოგონება არ ყოფილა, პირიქით, მე შევეცადე, რომ კოორდინაციის გაზრდის მიზნით შემექმნა საბჭოები. აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის შენიშვნა, თუ კრიტიკა მინისტრების მისამართით პრეზიდენტის მხრიდან, რომ მინისტრები საბჭოს რიგით წევრებად ითვლებიან. უკაცრავად და ამ საბჭოს ვხელმძღვანელობ მე, პრემიერ-მინისტრი. სადაც პრემიერ-მინისტრი არის ხელმძღვანელი, იქ ბუნებრივია, მინისტრი იქნება რიგითი წევრი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ იდენტური ვითარებაა მთავრობის სხდომის შემთხვევაშიც.

"ასე რომ, აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის ასეთი დონის დამაკნინებელი შეფასება. მინდა, ყველას მოვუწოდო, მათ შორის, პრეზიდენტს, რომ როდესაც საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებაზე, არ დაავიწყდეს არავის, რომ ასეთი საუბრებით ჩვენ სახელმწიფოს ვავნებთ და ვაკნინებთ", - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკურ საბჭოს შექმნის იდეა მას ეკუთვნის, ვინაიდან მინისტრებს შორის არ იყო ეფექტური კოორდინაცია. პრემიერისთვის გაუგებარია, თუ რომელი კომპანიის წარმომადგენელი გამოთქვამს უკმაყოფოლებას ხელოვნური ბარიერების შექმნის კუთხით.

"საუბარი იმაზე, რომ ორი ათეული საბჭო გვაქვს თითქოს მთავრობას, ძალიან არასერიოზულია. ჩვენ შევქმენით ორი საბჭო რეალურად, სხვადასხვა ადამიანს ეს გადაწყვეტილება არ მოეწონა. მე მათ დასაბუთება წარვუდგინე ყველას, პირველ რიგში, გუნდს, მთავრობას, კოალიციას და პარლამენტმა მიიღო უსაფრთხოების საბჭოს კანონი, ვინაიდან საჭირო იყო ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე მუშაობა და მსჯელობა. ეს მთავრობის კომპეტენციას მიეკუთვნება, აღარ არის პრეზიდენტის უფლება და კომპეტენცია. აქედან გამომდინარე იყო საჭირო საბჭოს შექმნა. ეს ორივე საბჭო წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს და კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, ვინც კიდევ ვერ გაიგო, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არის პრემიერ-მინისტრი და ყველა სახის კრიზისის მართვა მის კომპეტენციაში შედის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების საბჭოს და კრიზისების მართვის ცენტრის შექმნის იდეა საქართველოს პარტნიორების მხრიდან ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისფულების პერიოდიდან, 2005 წლიდან მოდიოდა და მათ ვერ შეძლეს მსგავსი ტიპის საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, ხოლო 2008 წლის ომის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ კოორდინაცია არ იყო და თბილისის მერი იძლეოდა ბრძანებებს.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეუძლებელია ეკონომიკური განვითარება მაშინ, როცა ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში სისტემური პარალელიზმის პრობლემა არსებობს. "წარმოუდგენლად მიმაჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების განხორციელება დღეს არსებული სისტემური პარალელიზმის პირობებში. შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება როდესაც, ერთის მხრივ, გვყავს ეკონომიკის მინისტრი, მეტიც ვიცე-პრემიერი, რომლის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები. ამიტომ, სწრაფად უნდა გავაანალიზოთ არსებული ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილებები პასუხისმგებელი პირების სათანადო ნდობითა და ფუნქციებით აღჭურვის თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."