ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს დაუბეგრავ მინიმუმს 2015 წელს

ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს დაუბეგრავ მინიმუმს 2015 წელს

დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციების წარდგენა დღეიდან დაიწყება. დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა საყურადღებოდ შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

"სსიპ შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ თუ თქვენ მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, უფლება გაქვთ შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოთ დაუბეგრავი მინიმუმი - 1800 ლარი და მოითხოვოთ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება. კერძოდ, თუ თქვენ მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, მოცემულ შემთხვევაში უფლება გაქვთ მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაიბრუნოთ 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 %", - ნათქვამია განცხადებაში. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ მიზნით, 2015 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, უნდა მოხდეს დეკლარაციის შევსება.

"პირადი ნომრის მითითებით უნდა გაარკვიოთ, სარგებლობთ თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შემდეგ შეავსოთ ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყოთ თქვენთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა. თუ თქვენ არ მიეკუთვნებით დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა კატეგორიას, დეკლარაციაში პირადი ნომრის მითითების შემდგომ ვეღარ განაგრძობთ დეკლარაციის შევსებას და ამის შესახებ სისტემა გაცნობებთ", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადების თანახმად, დეკლარირება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ან მითითებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

"ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, თქვენ მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაგიბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა "დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ" დეკლარაციის რეგისტრაციიდან სამი თვის განმავლობაში. ამასთან, თუ თქვენ 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე არ გისარგებლიათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა", - ნათქვამია განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრს შემდეგ ნომერზე: (995 32) 22 99 299 ან, მიმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე - info@rs.ge. ასევე, შეგიძლიათ, გაეცნოთ შემოსავლების სამსახურის ვებვერდზე - www.rs.ge განთავსებულ ხშირად დასმულ კითხვებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."