ბიძინა ივანიშვილი - ამბობენ, რომ ეკონომიკა ინგრევა, კრიზისია, დაინგრა ქვეყანა, ამ დროს მსგავსი არაფერი ხდება

ბიძინა ივანიშვილი - ამბობენ, რომ ეკონომიკა ინგრევა, კრიზისია, დაინგრა ქვეყანა, ამ დროს მსგავსი არაფერი ხდება

ექსპრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" სურვილია, როგორმე ჩამოინგრეს და ჩამოიშალოს ქვეყნის ეკონომიკა და ხელი შეეშალოს ინვესტიციების შემოსვლას.

როგორც ივანიშვილმა გადაცემა "კვირის 20/30"-ში განაცხადა, ამის მიღწევას ყოფილი სახელისუფლებლო პარტია სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს.

"რატომ გაჩნდა საზოგადობაში შფოთვა და ბევრი ეთანხმება ოპოზიციას, რომ ხელისუფლება არის სუსტი და უუნარო, ეს იმიტომ, რომ მონაპოვრით, რაც საზოგადოებამ მიიღო, ისევ ყოფილი მთავრობა და ოპოზიციად შერაცხული "ნაციონალური მოძრაობა" სარგებლობს. ის ისევ განაგრძობს საკუთარ საზოგადოებაზე ძალადობას, რაც ამ შემთხვევაში, სიცრუით ხდება. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიცრუით მოახერხონ და ქვეყნაში არ შემოვიდეს ინვესტიცია. პერმანენტულად იბრძვიან და ამბობენ, რომ ეკონომიკა ინგრევა, კრიზისია, ჩამოიშალა ეკონომიკა, დაინგრა ქვეყანა. ამ დროს მსგავსი არაფერი ხდება. საუბრობენ იმის შესახებ, რომ კრიმინალი გაიზარდა და თუ კრიმინალის ზრდას დაასაბუთებენ, ესეც ინვესტორისთვის სახიფათოა. სურვილი აქვთ, როგორმე ჩამოინგრეს და ჩამოიშალოს ეკონომიკა", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ექსპრემიერის თქმით, ოპოზიცია საკუთარ როლს უაღრესად ცუდად და უხეშად ასრულებს.

"ოპოზიციის ნაწილს პოლიტიკა აქვს პროფესიად. მათი ვალდებულება მხოლოდ მთავრობის კრიტიკა და ლანძღვა არ არის. მათ უნდა იზრუნონ ქვეყნის განვითარებაზე. მთავრობის ოპოზიციონერობა ქვეყნის ოპოზიციონერობაში არ უნდა გადავიდეს. მათ მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ ეს მათი ქვეყანაა და უნდა ჰქონდეთ ვალდებულების განცდა, იზრუნონ ქვეყნის განვითარებაზე. შესაბამისად, მარტო გინებით, ლანძღვით და ყვირილით ეს არ კეთდება. მათ უნდა გადადგან კონსტრუქციული ნაბიჯები, არგუმენტირებულად შემოიტანონ იმაზე უკეთესი, რასაც მთავრობა აკეთებს. რაც კარგი კეთდება, ამას მხარი უნდა დაუჭირონ და აღიარონ, რომ ეს კარგია. ქვეყნის განვითარებაში ოპოზიციას აქვს უდიდესი, ძალიან მნიშვნელოვანი როლი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე აზრით, ოპოზიცია "ძალიან ცუდ მდგომარეობაშია". "მე რომ ქვეყნის მტრად დამასახელებ, ან სხვას, ვისაც მსგავსი არაფერი გაუკეთებია, ეს მართლა საოცრებაა", - დასძინა ივანიშვილმა. ექსპრემიერ მინისტრი იმასაც ამბობს, რომ დღეს დემოკრატიით ყველაზე კარგად ოპოზიცია სარგებლობს.

ოპოზიციის საქმიანობის შეფასების გარდა, "კვირის 20/30"-ში განხილვის კიდევ ერთი თემა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ივანიშვილმა წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით ვითარება "ნულს ქვემოთ იყო და თუკი რაიმე უფლების დარღვევა შეიძლებოდა, ყველა ირღვეოდა". ამ კონტექსტში ივანიშვილმა ისიც განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტული მანქანა იმდენად კარგად მუშაობს და ქვეყნის გარეთ იმდენად არაობიექტური ინფორმაცია გადის, რომ მთავრობას უჭირს იმის ახსნა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.

"შეიძლება მთავრობის მუშაობაში არაორგანიზებულება შეიმჩნეოდეს, მაგრამ ეს სჯობს - ნუ იქნებიან ისეთი ორგანიზებულები, როცა ერთი კაცი იტყოდა და სხვები ასრულებდნენ", - განაცხადა ექსპრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" ერთ კაცზე - მიხეილ სააკაშვილზე იყო მორგებული და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაც ერთი კაცის ხასიათზე მოერგოთ. მისივე შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ არსებობს ხმები, თითქოს "ნაციონალურ მოძრაობაში" დაშლის პროცესი დაიწყო, პარტია ცხრა წლის განმავლობაში ერთ კაცზე გუნდურად შეკვრას მიაჩვია.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, შეიმჩნევა თუ არა ერთ კაცზე ორიენტირი სხვა პოლიტიკურ ძალებში, ივანიშვილმა ასეთად "თავისუფალი დემოკრატები" დაასახელა. ივანიშვილის აზრით, "თავისუფალი დემოკრატები" მიხეილ სააკაშვილის დროს დაფუძნებულ ცუდ პრაქტიკას ერთი-ერთზე იმეორებენ და მათი მხრიდან ორიენტაცია ირაკლი ალასანიაზე კეთდება.

"ის ქმედებები და ნაბიჯები, რაც "თავისუფალმა დემოკრატებმა განახორციელეს, პოლიტიკურად არაეთიკური და არაკორექტულია. ეს კიდევ რბილად ნათქვამია. მათ ბევრი უხეში პოლიტიკური ნაბიჯები გადადგეს. პირველ რიგში, მათ საზიანოდ იკვეთება, რომ ეს გუნდი ერთ კაცზეა ორიენტირებული. რაც მოხდა იმედგაცრუბა იყო ჩემთვის. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ერთი გუნდის წევრები ვიყავით. ისინი ერთი-ერთზე იმეორებენ მიხეილ სააკაშვილის დროს დაფუძნებულ ცუდ პრაქტიკას. ორიენტაცია კეთდება ირაკლი ალასანიაზე და გუნდის საზრუნავი ალასანია გახდა", - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

ივანიშვილის შეფასებით, ირაკლი ალასანია გარკვეული პოლიტიკური სვლებისთვის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებამდე ემზადებოდა. ამას დასტურად ივანიშვილმა დაასახელა ის, რომ გაცილებით ადრე დაიგეგმა პარტიის ყრილობა და დაანონსდა პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ალასანიას დაბრუნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."