ექსპერტები ღარიბაშვილის გადადგომას აანონსებენ: "ამ ჯგუფის წევრები ჯანყარაშვილის რეკომენდაციით გახდნენ მინისტრები"

ექსპერტები ღარიბაშვილის გადადგომას აანონსებენ: "ამ ჯგუფის წევრები ჯანყარაშვილის რეკომენდაციით გახდნენ მინისტრები"

პოლიტიკური ექსპერტები, ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ კომენატარებს აკეთებენ. ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მორიგი მინისტრის გადადგომა, მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხის დასმას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. გარდა ამისა, პოლიტიკური ექსპერტები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასაც არ გამორიცხავენ:

"ელგუჯა ხოკრიშვილი ტოვებდა ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც ადვილად ექცევა გარკვეული ინტერესების გავლენის ქვეშ. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ  მთავრობის ნდობის საკითხი ძალიან მოახლოვდა, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს შანსი, რათა რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია", - ამბობს გია ხუხაშვილი "კურიერთან" საუბრისას.

მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძეც. მისი თქმით, მალე თავად პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გადადგომაც არის მოსალოდნელი.

"მას თავის დროზე მიეცა კარტ-ბლანში საკადრო საკითხებში ბიძინა ივანიშვილისგან და როგორც ჩანს, მან იმედები ვერ გაამართლა, შესაბამისად ჩვენ დღეს ვართ მოწმენი, ღარიბაშვილის დელეგიტიმაციის პროცესის ბოლო ეტაპის და ალბათ, ამის შემდგომ ვიხილავთ უკვე ღარიბაშვილის გადადგომასაც, პრემიერ-მინისტრი, რომელიც სრულიად დელეგიტიმურია და რომელსაც ხელიდან გამოაცალეს მის მიერ დანიშნული ყველა კადრი, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მართავდეს მთავრობას", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, რომ მაღალი თანამდებობის პირები არადამაჯერებელი არგუმენტით ტოვებენ პოსტს, ღარიბაშვილის გავლენის შემცირებაზე მეტყველებს.

"მინისტრები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, იპარებიან საკუთარი თანამდებობებიდან, არანაირი დამაჯერებელი ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს, ეს მიგვანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის აზრთა გამრიგე და კადრებთუხუცესი, არანაირ ღირებულებად არ მიიჩნევს ქართულ საზოგადოებას და მის ინტერესებს. თუ იმ აუტანელი რეალობის შედეგია, რომელშიც ის აღმოჩნდა, მაშინ რასაკვირველია, პასუხი უნდა მოეთხოვოს პრემიერ-მინისტრს და მის პირად პრემიერ-მინისტრის", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომის თემაზე კომენტირებისას.

ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი კი არსებულ მდგომარეობას ზვიად ჯანყარაშვილს უკავშირებს.

"ეს ჯგუფი, რომელიც თავის დროზე ჯანყარაშვილის რეკომენდაციით იყო დანიშნული მინისტრებად, იქ გამოვლინდა უამრავი დარღვევები, კრიმინალური ფაქტები, ინფრასტრუქტურის სფეროში, ტენდერის სფეროში. თუ ვიწროვდება წრე იმ ადამიანებისა, ვინც არის რეკომენდირებული ბატონი ჯანყარაშვილის მიერ, ბუნებრივია ეს წრე მიუახლოვდება თავად პრემიერს. მე ვფიქრობ რომ შემდეგი სწორედ პრემიერია და არა სხვა",  - აცხადებს ვალერი გელბახიანი.

შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ხოკრიშვილი მეექვსე მინისტრია სამთავრობო კაბინეტიდან, ვინც პოსტი დატოვა. იმისთვის, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადოს, კიდევ ერთი მინისტრის ცვლილებაა საჭირო.

მეტი ინფორმაციისთვის| მინისტრი გადადგომასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს - "პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."