"ამ ადამიანებმა გადააბიჯეს სინდისს და ნამუსს" - მნიშვნელოვანი ფრაგმენტები ყიფიანის გამოსამშვიდობებელი სიტყვიდან

"ამ ადამიანებმა გადააბიჯეს სინდისს და ნამუსს" - მნიშვნელოვანი ფრაგმენტები ყიფიანის გამოსამშვიდობებელი სიტყვიდან

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მხრიდან მის მიმართ არსებულ ბრალდებებს ასახელებს.

როგორც ყიფიანმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბრალდებებს არ ეთანხმება, თუმცა გადადგომა იმისთვის გადაწყვიტა, რომ "პრობლემა არ გამწვავდეს და ზღვარს არ გადავიდეს".

"არ მინდა შევიდე დაპირისპირებაში ჩემივე გუნდის წარმომადგენლებთან - კონკრეტულად კი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრებთან. მათგან განსხვავებით მე სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვაყენებ პირად ინტერესებზე მაღლა. სწორედ ამიტომ, მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადებით, რომელიც მომზადებული მაქვს და რომელსაც პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჩავაბარებ მთავრობის ადმინისტრაციას. გადადგომის მიზეზი არის სწორედ ის, რომ ეს პრობლემა არ გამწვავდეს და არ გადავიდეს ზღვარს, რომელიც, ვფიქრობ, უკვე ზღვარსგადასულია. ის, რაც ჩემი მისამართით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ამ ადამიანებმა გადააბიჯეს სინდისს და ნამუსს. მივმართავ მათ, პროვოკაციაზე ნუ წავლენ სახელმწიფოს სახელით", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ლევან ყიფიანმა.

მეტი ინფორმაციისთვის| საქართველოს მთავრობა დაიშალა: როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები კონსტიტუციის მიხედვით

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს.

როგორც ყიფიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წერილში ყველა იმ კითხვაზეა პასუხი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მისი და უწყების გუნდის მიმართ სპორტის საპარლამენტო კომიტეტის მხრიდან დაისვა.

"ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დაისვა, ყველა იმ ტყუილზე, რომელიც ჩემი და სამინისტროს მისამართით ითქვა, პასუხები გაცემულია ვრცელ წერილში, რომლითაც მივმართავ პრემიერ-მინსიტრს, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ არ მინდა, გავხდე სპეკულაციის ნაწილი, ვტოვებ ჩემ თანამდებობას. იმედია, საზოგადოება სწორად გაიგებს ამ გადაწყვეტილებას. მე ვრჩები სპორტში და მზად ვარ, მწვავე კითხვებს მომავალშიც გავცე პასუხი - სუფთა რეპუტაციით, სუფთა ხელებით, გახსნილი გულით და ერთიანი ძალისხმევით", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ამასთან, მან პრემიერსა და სპორტისა და ახალგაზრდობის მომავალ მინისტრსაც მიმართა და მოუწოდა, რომ უწყებაში დანერგილი კურსი შეინარჩუნონ.

"ვთხოვ პრემიერ-მინისტრს და იმ ახალ მინისტრსაც, რომელიც მოვა - შეინარჩუნონ ის კურსი, რომელიც მიზნად დაისახა სამინისტრომ ამ მოკლე ხანში და ნუ იქნება უკან დაბრუნების მცდელობა. მე ვაფრთხილებ ყველას, ნუ დაბრუნდებით უკან, რაზეც უარი ვთქვით რამდენიმე წლის წინ", - აღნიშნა ყიფიანმა.

ყოფილმა მინისტრმა თანამშრომლობისთვის მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს მადლობაც გადაუხადა. "ვითვალისწინებ იმასაც, რომ ჩემი გადადგომის შემდეგ მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მიღება მოუწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მას ამ ნდობას გამოუცხადებს. მე ამ გუნდის სახელით მოვედი მთავრობაში, ამ გუნდთან ერთად გავიარე ბევრი პრობლემა. მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ყველას და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელთან ერთად მოვედი მთავრობაში", - აღნიშნა ყიფიანმა.

ყველა დეტალი თეგზე #სამთავრობო ცვლილებები

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."