"პრეზიდენტი არაპარტიულ როლშია" - როგორ ეხმაურებიან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სამთავრობო გუნდში

"პრეზიდენტი არაპარტიულ როლშია" - როგორ ეხმაურებიან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სამთავრობო გუნდში

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში მთავრობის წარდგენა ერთი კვირით გადადო, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პრეზიდეტს მსგავსი გადაწყვეტილების კონსტიტუციური უფლება აქვს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას.

"დღეს იყო იმის ალბათობა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის მოგვესმინა, მაგრამ პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი ვალდებულება და 7-დღიანი პერიოდი გამოიყენა, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ეს არ არის ექსტრაორდინალური მოვლენა, ის არჩეულია, იმიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს მისი აზრი, შეხედულებაა და პატივი ვცეთ კონსტიტუციას. მეტი ფიქრი არასოდეს არ არის ცუდი და მავნე. ქვეყანას ჰყავს მოქმედი მთავრობა და აგრძელებს მუშაობას. ხვალ პარლამენტის სხდომის ჩატარების აუცილებლობაც არ არის",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

გიგლა აგულაშვილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში პრობლემურს ვერაფერს ხედავს. როგორც აგულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის ინსტიტუტებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის შედეგი და ამაში დაძაბულობის არანაირი ნიშანი არ არსებობს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს მთავრობას ქვეყნის მართვის კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ყველას გვაწუხებს ლარის კურსთან დაკავშირებით წუხილები, მე ვისურვებდი, რომ მთავრობას ჰქონდა შესაძლებლობა სრული მასშტაბით, სწრაფად შედგომოდა მუშაობას, მაგრამ როგორც ჩანს, პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას. ვისურვებდი, რომ მოქალაქეებმა ადეკვატურად შეაფასონ შექმნილი ვითარება და ნუ იფიქრებენ, რომ რაიმე დაძაბულობის ფონი არსებობს.

ვერაფერს პრობლემურს ვერ ვხედავ. კარგია, როცა ქვეყანას ჰყავს ძლიერი ინსტიტუტები და ისინი ჯანსაღ პირობებში ახერხებენ სწორი გზით წაიყვანონ ქვეყანა", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არის ლოგიკური საფუძველიც.

როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასურველი იქნებოდა, მთავრობის დამტკიცება არ გაჭიანურებულიყო, თუმცა პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა.

"პრეზიდენტს გუშინ გაეგზავნა მთავრობის შემადგენლობაზე ინფორმაცია და ამავე დროს, თხოვნა რაც შეიძლება დაჩქარებულ ვადებში მიცემოდა პარლამენტს საშუალება, დაემტკიცებინა მთავრობის ახალი შემადგენლობა. ძალიან სასურველი იქნებოდა, რაც შეიძლება მალე მიეღო მთავრობის შემადგენლობას სრული ლეგიტიმაცია იმ მოვლენების გამო, რაც უახლოეს დღეებში ხდება საქართველოში. შესაბამისად, ეს იყო ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და ეს იქნებოდა სახელმწიფოროებივად გადაწყვეტილების მიღების ძირითადი საფუძველი. მოსაზრებები, რაც პრეზიდენტმა ბრძანა, რომ პარლამენტს მიეცეს ფიქრისთვის მეტი დრო, სადღაც ამაში ლოგიკაც არის, პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი უფლებები და საზოგადოებას და პარლამენტსაც დაანახა, რომ მას აქვს უფლება, ერთი კვირით შეაჩეროს მთავრობის დამტკიცება. ეს არაფერს არ ცვლის, რადგან მთავრობა მუშაობს და აქვს სრული მანდატი მუშაობის. დროებით მთავრობაზე საუბარი არ არის. პრეზიდენტი არის იმ როლში, რასაც ჰქვია არაპარტიული, დამოუკიდებელი პირი, არა რომელიმე პარტიაზე ორიენტირებული პიროვნება, არამედ პირი, რომელსაც აქვს თავისი საკონსტიტუციო უფლებები და ცდილობს, გამოიყენოს ეს უფლებები", -განაცხადა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების მიხედვით

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."