პუტინის "ღამის მგლები" უკვე თბილისში არიან

პუტინის "ღამის მგლები" უკვე თბილისში არიან

"რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობრებად ცნობილი რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები უკვე თბილისში არიან. ეს ინფორმაცია "რეზონანსს" რამდენიმე თვითმხილველმა დაუდასტურა. რუსი ბაიკერები შენიშნეს კოლმეურნეობის მოედანზე, ასევე ნაძალადევში, ხუდადოვის ქუჩაზე. გარდა ამისა, გუშინ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთმა წევრმა ფარნაოზ ჭკადუამ რუს ბაიკერებთან მისი შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და თან ფოტოც დაურთო. "ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ვიცოდით, რომ პუტინის ძმაკაცებად ცნობილმა ბაიკერებმა გადმოლახეს ლარსის გამშვები პუნქტი. დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ვცდილობდით, ქალაქის მასშტაბით გვენახა მათი კოლონა... კოლმეურნეობის მოედანზე რამდენიმე წუთის წინ გადავაწყდით... საკუთარი დანით დავაჭრევინეთ ეს ლენტები და ავუკრძალეთ საქართველოს ტერიტორიაზე ამ ლენტის გამოყენება...", - დაწერა ჭკადუამ.აღნიშნული ფაქტი "რეზონანს" კავკასიოლოგმა ალეკო კვახაძემაც დაუდასტურა. როგორც კვახაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ის ამ ფაქტს თავად შეესწრო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "პუტინის "ღამის მგლები" უკვე თბილისში არიან / პირველი ინციდენტი კოლმეურნეობის მოედანზე".

"კოლმეურნეობის მოედანზე გეორგიევსკის ლენტიანი სამი ბაიკერი იდგა. ახალგაზრდების ჯგუფმა ლენტი წაართვეს. თავიდან მათ უთხრეს, რომ ამ ნიშნის გამოფენა აკრძალულია, მათ კი უპასუხეს, რომ ჩვენი ბაბუები ერთად იბრძოდნენ და ეს ჩვენი გამარჯვებააო. ქართველმა ახალგაზრდებმა უთხრეს, რომ თავად ამ ბაიკერებთან პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ მათ ეკავათ გეორგიევსკის საოკუპაციო ლენტი, რითიც კლავენ ჩვენ ძმებს უკრაინაში, ცხინვალში, აფხაზეთში და სხვაგან, ამიტომ საქართველოში ამის ტირაჟირება არ შეიძლებაო. ამის შემდეგ აქტივისტებმა ბაიკერებს ლენტები ჩამოართვეს, თუმცა, თავად ბაიკერებმა თავისივე ხელითვე მოიძრეს ეს ლენტები და იქვე გაანადგურეს. "ღამის მგლების" მთავარი ბაიკერები ევროპისკენ მიემართებიან, ტამბოვში მათი ფილიალის ბაიკერები კი ტურნეს კავკასიაში მართავენ. ისინი მოივლიან სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ჩრდილო კავკასიას და 9 მაისის სიმბოლურად დასრულებას თბილისში აპირებენ. მთავარი ჯგუფები ქალაქ ტამბოვიდან უკვე დაიძრნენ, ნაწილი კი უკვე შემოსულია", - ამბობს ალეკო კვახაძე.

"კავკასიოლოგის თქმით, თბილისში მათმა გამოჩენამ ადგილობრივ მცხოვრებლებთან შესაძლოა სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს: "ეს ბაიკერები პირადად პუტინისა და რუსული სპეცსამსახურების პროექტია. ყირიმის ოკუპაციის დროს ისინი მოწინავე პოზიციებზე იდგნენ და სეპარატისტული და პუტინისტური იდეების ერთ-ერთი მთავარი გამტარებლები იყვნენ. სხვათა შორის, ეს ჯგუფი თავისი პოზიციებისა და პოლიტიზების გამო აშშ-ის სანქციების სიაშია შეყვანილი. ჩვენს ქვეყანაში მათმა შემოსვლამ შესაძლოა დაპირისპირებაც გამოიწვიოს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრია ის ადამიანი, ვისაც უბრძოლია ცხინვალში, აფხაზეთში და მათ შორის დაპირისპირება შესაძლოა ემოციურ ფონზე მოხდეს. მეორე მხრივ, პრობლემა ამ ბაიკერების ჯგუფის მხრიდან საქართველოში ოკუპაციის სიმბოლიკის ტირაჟირებაა. თუკი ასე მოხდა და ხელისუფლებამ მათ ხელი არ შეუშალა, ამან შეიძლება ისეთი პროცესები წარმოშვას, რომ მათი მხარდაჭერა ადგილობრივმა ჯგუფებმაც დაიწყონ. ქვეყანაში არსებობს ევრაზიული კავშირის მხარდამჭერი და მსგავსი ტიპის ორგანიზაციები და შესაძლოა მათმა ჩამოსვლამ ასეთი ორგანიზაციების გააქტიურება გამოიწვიოს, მითუმეტეს რუსი ბაიკერები სპეკულირებენ 9 მაისის თემით, რომ თითქოს ჩვენი ბაბუები სამამულო ომში ერთად იბრძოდნენო და ამიტომაც ჩვენ ერთი იდეა გვაქვსო, სწორედ ასეთ აზრებს ავრცელებენ. საქართველოში მათი მთავარი მიზანი ოკუპაციის სიმბოლოების ტირაჟირებაა", - ამბობს ალეკო კვახაძე.

"მისივე თქმით, რუსი ბაიკერების თბილისში ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შესაძლოა ადგილობრივ პრორუსულ ორგანიზაციებთან შეხვედრა იყოს: "პრობლემა მათი ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა არ არის. თუ ისინი საოკუპაციო სიმბოლოების ტირაჟირებას მოახდენენ და რაც მთავარია, შეძლებენ ადგილობრივ პრორურუსლ ორგანიზაციებთან შეკავშირებას, შეხვედრებსა და სამომავლო გეგმების დასახვას, საქართველოს სპეცსამსახურებმა სწორედ ეს უნდა აღკვეთონ. ამას გარდა, უნდა აღიკვეთოს საოკუპაციო სიმბოლოების ტირაჟირება, მითუმეტეს, რომ კანონით ეს ისედაც აკრძალულია და არ უნდა დავუშვათ, რომ ისინი 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების წამყვანი პირები იყვნენ", - ამბობს ალეკო კვახაძე.

"რუს ბაიკერებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის დაპირისპირებას არ გამორიცავს პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია. მისი თქმით, რაიმე სახის ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ გარკვეული ზომები უნდა მიიღოს. "საინტერესოა, თუ ვისთან მოვიდა ეს ხალხი, ანუ ვინ დაპატიჟა. ალბათ ვიღაც მასპინძლობს და საინტერესოა, რომელმა ორგანიზაციამ აიღო ეს საკუთარ თავზე. ჩვენ გვახსოვს, რომ როდესაც ისინი საქართველოში ადრე იყვნენ ჩამოსული, მაღალი დონის შეხვედრებით გაანებივრეს და იმედია, იგივე აღარ განმეორდება. იქიდან გამომდინარე, რომ მათ შემოსვლას უფრო პროვოკაციული ელფერი დაჰკრავს, გამორიცხული არ არის, რომ თუ ამ ბაიკერებმა პროვოკაციული ქმედებები დაიწყეს, ჩვენი მოსახლეობის მხრიდან თავის შეკავება ძნელი გახდეს და ამას შეიძლება გარკვეული ინციდენტებიც მოჰყვეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებას გარკვეული ღონე უნდა ეხმარა, მაგრამ ხელისუფლება თვითონ არის არეული და არ მგონია, ამისათვის ჰქონდეთ დრო. თუმცა, სამინისტროები ხომ ადგილზე არიან და მათგან საჭიროა ყურადღება, რათა რაიმე სახის ინციდენტი არ მოხდეს", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."