როგორ გამოიყურება "დაპაუზებული ბათუმი" - "ნაციონალებმა" აჭარას ახალი მუზეუმი შემატეს

როგორ გამოიყურება "დაპაუზებული ბათუმი" - "ნაციონალებმა" აჭარას ახალი მუზეუმი შემატეს

"დაპაუზებული ბათუმის" სახით აჭარას ახალი მუზეუმი შეემატა. დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარტიის ბათუმის ოფისში წითელი ლენტი გაჭრეს და მუზეუმის გახსნის აღსანიშნავად ღვინოც დალიეს. ოფისის პირველი სართული თვეების განმავლობაში რემონტდებოდა, საბოლოოდ კი გამჭვირვალე მინებიან შენობაში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აჭარის რეგიონში დაგეგმილი და განუხორციელებელი პროექტების ფოტოები გამოიფინა.

პროექტებს შორის თვალსაჩინოა "მემედ აბაშიძი ქუჩის გადახურვის პროექტი", "კუბთაუერი", "გასართობი კომპლექსი", "ბათუმის პლანეტარიუმი", "ბათუმის სტადიონი, "ტრამპთაუერი", "მერიის ახალი შენობა", "განდაგანას ძეგლი" და სხვა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ მაგალითად, "განდაგანას ძეგლი", რომელიც ბულვარში უნდა დადგმულიყო, მიიზიდავდა ტურისტებს და სანახაობრივიც იქნებოდა:

"განდაგანას ძეგლთან" კარგი ფოტოები გამოვიდოდა და ტურისტებისთვის სანახაობრივი გახდებოდა. ადამიანს შეეძლო განდაგანას თავისუფალ რგოლში ხელის ჩაჭიდება და ფოტოს გადაღება", - აღნიშნა პეტრე ზამბახიძემ.

"ნაციონალურმა მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ბათუმი "დაპაუზდა". მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს და ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს გამოწვევა გაუგზავნეს და მუზეუმის სანახავად მიიპატიჟეს.

მუზეუმის სანახავად რეგიონის მთავრობის წევრები არ ყოფილან, თუმცა გიორგი ერმაკოვი მიპატიჟებას აჭარის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა. "სურვილიც არ მაქვს მაგის დათვალიერების, აბსურდის თეატრი რომ იყოს, მივიდოდი საყურებლად", - აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა.

ბათუმის მერმა სიტყვა "დაპაუზებულიც" დაიწუნა და განაცხადა, რომ "ეს ის შემთხვევაა, როცა უცხო სიტყვების ლექსიკონიდან რაღაც სიტყვების გამოყენება იუმორის მომგვრელია".

გიორგი ერმაკოვმა პარტიის ოფისის ფასადიც დაიწუნა და განაცხადა, რომ გარე ფასადი მერიასთან შეუთანხმებლად შეიცვალა:

"უამრავი სიახლე გვაქვს, ასე რომ, მოსაზრებას დაპაუზებული ქალაქის შესახებ ვერაფრით ვერ დავეთანხმები. დაპაუზებული რა არის, იცით? როცა არაფერი კეთდება. დაპაუზებულია, როცა პრობლემები არ წყდება. მე თუ მკითხავთ, რაც ყველაზე უარყოფითი მოყვა ამ ამბავს ისაა, რომ შენობის ფასადი გააფუჭეს. მერიასთან შეთანხმებული არ იყო, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გასცა ამაზე თანხმობა", - აღნიშნა ერმაკოვმა.

"დაპაუზებული ბათუმის" მუზეუმის დათვალიერება უფასოა. მუზეუმს თავისი გიდიც ჰყავს, რომელიც დამთვალიერებლებს უხსნის, რომელი შენობა სად უნდა აშენებულიყო და რა ფუნქციონალური დატვირთვა უნდა ჰქონოდა.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."