საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა შემოვიდა

საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა შემოვიდა

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებისთვის "მაღალი დონის პარტნიორობა" განკუთვნილი ამერიკული სამხედრო ტექნიკა ბათუმის პორტში გემით უკვე შემოვიდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი", ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სწავლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა ეშელონებით დღეს ვაზიანში ჩამოვა. სწავლებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკა ვარნადან ბათუმის მიმართულებით 2 მაისს გამოიგზავნა.

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება "მაღალი დონის პარტნიორობა" (Noble Partner) 11 მაისს ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნება. სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის "ალფა" ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას.

ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორები "ბრედლი" და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან.

იხილეთ გალერეა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."