დავით სერგეენკო - შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას აქვს ადგილი

დავით სერგეენკო - შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას აქვს ადგილი

"შესაძლოა, ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებებს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული", - ამის შესახებ დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრის მთავარი თემა კლინიკების წინაშე არსებული პრობლემები და პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებულები.

როგორც შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების წინაშე არსებულ ყველა ვალდებულებას ასრულებს სახელმწიფო.

"კლინიკებს პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება ყოველთვიურად დადგენილების პირობების მიხედვით, დაგვიანების გარეშე ერიცხებათ. დადგენილების პირობების მიხედვით სამინისტროს შეუძლია საბუთები წარმოდგენიდან მაქსიმუმ 45 სამუშაო დღის ვადაში გადაურიცხოს მათ კუთვნილი თანხა. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში თანხის გადარიცხვას სამინისტრო მაქსიმალურ დროზე გაცილებით ადრე ახდენს", - განაცხადა შეხვედრაზე დავით სერგეენკომ.

ამასთან, სერგეენკოს თქმით, შესაძლოა, ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებებს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

დავით სერგეენკომ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ დავალიანებები, რაზეც კლინიკების ხელმძღვანელები საუბრობენ, 2012 წლამდე არის წარმოშობილი, მაშინ, როდესაც კლინიკებს კერძო სადაზღვევო კომპანიები უხდიდნენ თანხებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 298 კლინიკაა ჩართული. დღეის მდგომარეობით კლინიკებისთვის სულ 597 179 028 ლარია გადარიცხული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."