საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, კომპანია "დაგს" ვანო მერაბიშვილის აგარაკის მშენებლობისთვის დახარჯულ თანხას მთავრობა უკან უბრუნებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, კომპანიას "დაგი" ვანო მერაბიშვილის სახლის მშენებლობა დაავალდებულეს.
"ამ კომპანიამ მილიონ 200 ათასი ლარი უკვე გადაიხადა. მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, შექმნილია სპეციალური კომისია. ჩვენ ამ კომპანიას ვუბრუნებთ ამ თანხას. მერაბიშვილის ახირების გამო სახელმწიფო ზარალდება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გამოძიების საგანი. ამით ჩემი აზრით უნდა დაინტერესდეს შესაბამისი უწყებები. როგორ მოხდა, რომ კომპანია დაავალდებულეს და ახალ სახლს აშენებინებდნენ წყნეთის აგარაკებზე. იმით სარგებლობენ, მაგალითად დავით ბაქრაძე, ბოკერია და კიდევ სხვები. ამაზე ინფორმაცია არსებობს და შეგიძლიათ გამოითხოვთ", - განაცხადა ირაკლი რარიბაშვილმა.
მისივე თქმით, წყნეთის აგარაკებიდან ერთ-ერთი საკუთრებაში გადაეცა პირველი პრეზიდენტის ქვრივს მანანა არჩვაძე-გამსახურდიას.