ჰაინც ფიშერი - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რიგაში უარყოფითი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული

ჰაინც ფიშერი - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რიგაში უარყოფითი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რიგაში უარყოფითი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, - ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შეფერხება ხომ არ შეუწყობს ხელს რუსეთის ინტერესების გატარებას.

"რიგაში არ იქნება მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს ბრძანა მათ შორის კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა ტუსკმაც. ბოლო დღეს, ევროკავშირის 28 სახელმწიფოსა და საქართველოს შორის გადაწყდება, რამდენად კონკრეტული და მოცულობითია ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ეს უარმყოფელი ან უარყოფითი გადაწყვეტილება, რომელიც რადიკალურად უარს ეტყვის საქართველოს. რაც შეეხება რუსეთს, ბუნებრივია, მან ყირიმის ანექსიით განახორციელა ისეთი ქმედებები, რომელიც მიუღებელია, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებაც არც ისე სწრაფად ახორციელებს ნაბიჯებს, როგორც მოლოდინია. ეს სიტუცია უნდა დაიძლიოს. ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად სერიოზულნი, თანმიმდევრულნი და არ უნდა იყოს მიზანი ევროპისა და რუსეთის ერთმანეთისგან გამიჯვნა. მიზანი უნდა იყოს შესაძლებლობის შექმნა, რომ სირიისა თუ ახლო აღმოსავლეთის პრობლემები, ლიბიისა თუ სომალის პრობლემები გაერთიანული ძალისხმევით გადაწყდეს. ეს არის კონსტრუქციული პოზიცია, მაგრამ ამავდროულად პოზიცია, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალსა და საზღვრების ურღვევობას ყველა ევროპული ქვეყნის გადმოსახედიდან", - აღნიშნა ავსტრიის პრეზიდენტმა.

ავსტრიის პირველი პირის შეფასებით, ის წინმსწრებად ვერ ისაუბრებს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჯერ არც კი მიღებულა.

"ჩვენ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ვიცით, რომ გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი ჩატარდა, რომ განიხილება ეს საკითხი. მე ვვარაუდობ და ასე ვაფასებ ამ სადისკუსიო პროცესს, რომ საქართველო დაუახლოვდება ვიზალიბერალიზაციას, მაგალითად ცალკეული საკითხების გადახედვის, შემოწმების შემდეგ დაითქმება კონკრეტული ვადა, როდიდან ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ დღეს აქ მდგომმა განვაცხადო წინმსწრებად გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ არის მიღებული.

მეორე საკითხია ავსტრიის მთავრობისა და მათ შორის ფედერალური პრეზიდენტის მოსაზრება, რომ საქართველომ ნაბიჯ-ნაბიჯ გადადგა ნაბიჯები სწორი მიმართულებით და მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება სამართლიანად გაფორმდა. ავსტრიაც უახლოეს თვეებში - ზაფხულში მოახდენს აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაციას და შეუერთდება იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს უკვე გააკეთეს", - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."