ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების მოწოდებით გამოდის

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების მოწოდებით გამოდის

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოების მთავრობებს და პარლამენტებს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯის - გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებისკენ მოუწოდებს. გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-60 სხდომაზე მიიღეს, რომელიც ბუდაპეშტში 15-18 მაისს გაიმართა. საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს დღევანდელ ბრიფინგზე გააცნო.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, ერთადერთი დეკლარაცია, რომელიც ასამბლეის მუშაობის ფარგლებში მიიღეს, ნატო-ს გაფართოებას შეეხებოდა და მნიშვნელოვანი წარმატება და წინსვლაა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით.

"ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში მნიშვნელოვანი პუნქტი ჩაიწერა, რომლის თანახმადაც: საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს, განაგრძონ "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" იმპლემენტაციის მხარდაჭერა და ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯი, მიანიჭონ ქვეყანას გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). აღნიშნული ჩანაწერი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოსთვის, რათა გაგრძელდეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესი, რაც ქვეყანას ნატოს სრულფასოვან წევრობამდე მიიყვანს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის წარმატებულ საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დელეგაციის წევრების ძალისხმევით დეკლარაციაში შევიდა ახალი, მე-8 პუნქტი, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნატო-ს გაფართოების პროცესი მესამე ქვეყნის გავლენის ქვეშ ვერ მოექცევა.

"ნატო-ს რიგით მე-60 საპარლამენტო ასამბლეა წარმატებული იყო ჩვენი დელეგაციისთვის და მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს მხარდაჭერისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მნიშვნელოვანი გამოსვლა ასამბლეის წინაშე, რომელსაც დადებითი გამოხმაურება და შედეგები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციას მხარი დაუჭირეს ისეთმა ქვეყნებმაც როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი და იგი თითქმის ერთხმად იქნა მიღებული", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას, ხელმძღვანელთან ერთად, პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, გიორგი ბარამიძე და ირაკლი ჩიქოვანი წარმოადგენდნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."