ბანკებმა დოლარის გამალებული შესყიდვა შეაჩერეს - ქადაგიძე და კომერციული ბანკები მთავრობის მოსალოდნელმა შტურმმა დააფრთხო?

ბანკებმა დოლარის გამალებული შესყიდვა შეაჩერეს - ქადაგიძე და კომერციული ბანკები მთავრობის მოსალოდნელმა შტურმმა დააფრთხო?

"ბოლო 2 დღეა, ლარი ერთბაშად მყარდება. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2,32 ლარია, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი დოლარი 2,27 ლარზე ნაკლებად იყიდება. სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნულმა პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სავალუტო სპეკულაცია მიმდინარეობს და ეროვნული ვალუტის კატასტროფულ გაუფასურებას ეკონომიკურ ფაქტორებთან კავშირი არ აქვს", წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბანკებმა "ბლუმბერგზე" დოლარის გამალებული შესყიდვა შეაჩერეს / ქადაგიძე და კომერციული ბანკები მთავრობის მოსალოდნელმა შტურმმა დააფრთხო.

"რეზონანსის" ინფორმაციით, "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში კომერციულმა ბანკებმა დოლარის გამალებული შესყიდვა შეაჩერეს, შესაბამისად, ლარის კურსმა გამყარება დაიწყო. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამ პროცესებზე გავლენა მთავრობის წევრთა ბოლოდროინდელმა მწვავე განცხადებებმა მოახდინა. შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ კომერციული ბანკები გაზრდილ ტრანზაქციებში დაადანაშაულა, რაც ქვეყანაში, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, დოლარის ხელოვნურ დეფიციტს ქმნიდა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურება, ისევე როგორც გამყარება, არის წმინდა წყლის სპეკულაცია. მისი განცხადებით, საქართველოში სავალუტო კურსი მართვადია და აქ თავისუფალ მცურავ კურსზე საუბარიც კი არ შეიძლება", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს იყო სპეკულაცია, წნეხი, რომელსაც განიცდიდა ეროვნული ვალუტა ამ 6-7 თვის განმავლობაში. აღნიშნული პროცესების თავიდან ასაცილებლად ვერავინ ვერაფერი გააკეთა, მათ შორის, ეროვნულმა ბანკმა და ამას, ალბათ, გარკვეული მიზეზები ჰქონდა", - აღნიშნავს ელიავა და არ გამორიცხავს, რომ კურსის გამყარება პარლამენტში სებ-ის წლიური ანგარიშის დამტკიცებისთვის სასიკეთო ფონის შექმნას ემსახურება. "მთავრობას აქამდე რომ გაეშვირა თითი ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკებისკენ, ქვეყანა ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ ჩავარდებოდა. როდესაც უკვე შეეხნენ კომერციულ ბანკების გადარიცხვების საკითხს, დაინტერესდნენ მათ მიერ ქვეყნიდან ფულის გატანის პროცესებით, ამან ბანკებში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. მათ გადაწყვიტეს ლარზე სპეკულაციური ზეწოლა შეაჩერონ. ეს ვერსია არ უნდა გამოვრიცხოთ და მას აქვს არსებობის უფლება", - ამბობს ლია ელიავა - როგორც ცნობილია, კომერციულ ბანკებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი სახსრები გადაიტანონ სხვა ქვეყნების კომერციულ ბანკებში და დეპოზიტებზე განათავსონ. ამას ჰქვია ქვეყნიდან კაპიტალის გადინება", - დასძენს გამოცემა.

"სხვა ცენტრალური ბანკებისგან განსხვავებით, რომლებიც საგადასახდელო ბალანსის მეშვეობით ითვლიან კაპიტალის გადინების მოცულობას, საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მაჩვენებელს რატომღაც არ ითვლის. ეროვნული ბანკი საუბრობდა სავალუტო შემოდინებების ნაკლებობაზე და არაფერს ამბობდა ქვეყნიდან კაპიტალის გადინებაზე", - ამბობს ლია ელიავა და დასძენს, რომ თუკი პარლამენტში, წინა წლების მსგავსად სებ-ის წარმოდგენილი დოკუმენტი დამტკიცდება როგორც წარმატებული საქმიანობის შედეგი, არ არის გამორიცხული, რომ ლარის კურსის ვარდნა გაგრძელდეს. "დეპუტატებმა ეროვნული ბაკნის პრეზიდენტს მწვავე, ობიექტური და ადეკვატური შეკითხვები უნდა დაუსვან. სამომავლოდ რა ბედი ელის ლარს, ამის პროგნოზირება რთულია. თავად ეროვნული ბანკის საქციელი არის არაპროგნოზირებადი. ამ უწყებიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება. ამიტომ, ელიავას აზრით, ლარის კურსის პროგნოზი, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე ასევე აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ლარის კურსი არის გაუგებარი. მისი აზრით, ეროვნულ ბანკს უნდა განესაზღვრა ახალი წონაწორობის ზღვარი, რომლის მიხედვითაც იმოქმედებდა", - წერს სტატიის ავტორი.

"ეროვნული ვალუტის ნახტომისებური გაუფასურება, შემდეგ ასეთივე ტემპით გამყარება ნიშნავს იმას, რომ ეროვნულ ბანკს ახალი წონასწორობის კურსი ჯერ კიდევ არ დაუდგენია. ამაშია მთელი უბედურება. ეროვნული ბანკისთვის არავის უთქვამს, რომ ლარი დოლართან მიმართებაში 1,75-იან ნიშნულზე უნდა შენარჩუნებულიყო. მას, არსებული რთული ვითარების თავიდან ასაცილებლად ახალი წონასწორობის ზღვარი უნდა დაედგინა და იმის მიხედვით ემოქმედა. ალბათ, სებ-ში იმდენი ჭკუა მაინც ეყოფათ, რომ არ დაუშვან ლარის უსწრაფესად გამყარება. მაინტერესებს სად გადის თავისუფალი მცურავი კურსის პოლიტიკა", - ამბობს კაპანაძე. მისი თქმით, ყველაზე ჭკვიანური იქნება ის, თუკი ლარში და დოლარში არსებული აქტივების "თანაბრად დაჭერა" მოხდება. არ გამორიცხავს, რომ კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გათავისუფლების წინაპირობა ან მისი უფლებების რაიმე სახით შეზღუდვის საშიშროება დაინახეს და დოლარზე აჟიოტაჟური მოთხოვნა შეამცირეს", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"ქადაგიძე ამერიკის ფედერალური რეზერვების მმართველია თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი? საერთოდ რა პროცესებს მართავს იგი? ან რატომ ჩამოვიდა სავალუტო ფონდის მისია ამ დროს, როდესაც იგი ყოველთვის კვარტლის ბოლოს, წლის პირველ ნახევარში ან წლის ბოლოს ჩამოდიოდა? სავალუტო ფონდმა ახლა აღმოაჩინა, რომ თურმე იზარალეს ეკონომიკურმა აგენტებმა - მცირე და საშუალო ბიზნესმა და ეკონომიკურმა აგენტებმა. ეროვნული ბანკი თავის ანგარიშში ამაყობს, რომ კომერციული ბანკები სავალუტო რყევებისგან დაიცვა, თუმცა ჩნდება კითხვა, რის ხარჯზე დაიცვა. "საბანკო სისტემა დარჩა მოგებული ფიზიკური პირებისა და ბიზნესის დაზარალების ხარჯზე. რისკი თანაბრად უნდა ყოფილიყო გადანაწილებული. გარდა ამისა, არავინ იცის რა დევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თავში და ამის შემდეგ რა მოხდება", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაჟა კაპანაძე.

"საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი კი ლარის კურსს ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს. იგი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კონტექსტში გარე შოკებისადმი საუკეთესო რეაგირება ლარის მცურავი კურსია - ამით იქმნება შესაძლებლობა, რომ გაცვლითმა კურსმა შეისრუტოს შოკის უმეტესი წილი და რეალური ეკონომიკა ზეწოლისგან დაიცვას, - თვლის სადიკოვი და აღიარებს, რომ ძალზედ დოლარიზებულ ეკონომიკაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება დოლარში კრედიტების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მდგომარეობას უმძიმებს. მისივე აზრით, საშუალოვადიან პერიოდში ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ეკონომიკის დედოლარიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რათა სავალუტო რყევას ნაკლები ეფექტი ჰქონდეს ეკონომიკაზე. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კი, ყოველდღიურ რეჟიმში ლარის კურსთან დაკავშირებით რთულია ანალიზის გაკეთება, თუმცა ის, რომ ეროვნული ვალუტა მყარდება, ეს კარგია. სპეციალისტების განცხადებით, უმჯობესია, მთავრობამ და პარლამენტმა დაადგინოს ლარის გაუფასურებისა და გამყარების რეალური მიზეზები და პრობლემების თავიდან ასაცილებლად ადეკვატურად იმოქმედოს", - დასძენს სტატიის ავტორი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."