ევროპის ლიდერთა მთავარი მესიჯები საქართველოს რიგიდან

ევროპის ლიდერთა მთავარი მესიჯები საქართველოს რიგიდან

რიგის სამიტზე მიღებული დეკლარაცია გულისხმობს ძალიან სერიოზულ თანამშრომლობას ევროკავშირსა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ რიგის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ლაიმდოტა სტრაუიუმა განაცხადა.

ლატვიის მთავრობის თავმჯდომარემ მიღებულ დეკლარაციაზე ვრცლად ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ დეკლარაცია "სერიოზულ თანამშრომლობასთან" ერთად "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მიერ რეფორმების გაგრძელებასაც გულისხმობს.

"ჩვენი ღონისძიება დამატებითი სტიმულია იმისთვის, რომ ევროკავშირის სტრატეგიული ურთიერთობები სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან გამყარდეს.

რიგის სამიტის დეკლარაცია, რომელიც ახლახან არის მიღებული, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სტრატეგიულად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ის გულისხმობს ძალიან სერიოზულ თანამშრომლობას ევროკავშირსა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის და იმ საჭიროებას, რომ მიღწეულ იქნას დამატებითი პროგრესი, გამყარდეს დამატებით ჩვენი ურთიერთობები და კავშირები. მოხარული ვარ, რომ დეკლარაცია ხაზს უსვამს ევროკავშირის მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს", - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, მისი ვარაუდით, საქართველო და უკრაინა თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც აღნიშნული ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ევროკომისია დადებით დასკვნას დადებს.

"საქართველო და უკრაინა აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომლებიც მათ წინაშე დგას. თუ წლის ბოლოს ევროკომისია დადებით გადაწყვეტილებას დადებს, მაშინ საქართველო და უკრაინა შემდეგ წელს, სავარაუდოდ, უკვე ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით. ამ გადაწყვეტილებას სჭირდება კომისიის მხრიდან კიდევ ერთი შეფასება და კიდევ ერთი ანალიზი. შემდეგი წლის დასაწყისიდან საქართველო, ალბათ, შეძლებს ისარგებლოის უვიზო რეჟიმით", - აღნიშნა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს, როგორც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მოწინავე ქვეყანას, მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს ევროპარლამენტიც. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებას.

პრემიერი ვიზის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ ტექნიკური პროცედურები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას წარმოადგენს, რომლის ეფექტურ განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა საქართველოს როლს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის, რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში.

საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს გერმანიაც. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რიგაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის პრესსმასხურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა და გერმანიის კანცლერმა ისაუბრეს რიგის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისა და იმ წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველომ მოკლე დროში განახორციელა. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-გერმანიის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს, რომ გერმანია საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ გერმანია, საქართველოს დონორებს შორის, მეორე ადგილზეა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის ინფორმაციით, ევროკომისიის დასკვნა საქართველოსა და უკრაინის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით 15 დეკემბერს გახდება ცნობილი.

როგორც იუნკერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უვიზო მიმოსვლის დაწესებისთვის საჭიროა ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობა.

"საქართველომ და უკრაინამ უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს უკანასკნელ თვეებში. მე ფაქტობრივად შემეძლო გადამეცა ორივე ქვეყნის დელეგაციისთვის ის პუნქტები, რომლებიც ჯერ კიდევ შესასრულებელია. 15 დეკემბერს იქნება ევროკომისიის დასკვნა. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საქართველოსა და უკრაინისთვის, ამ პროცესს სჭირდება ევროპული საბჭოს და 28 წევრის თანხმობა", - განაცხადა იუნკერმა.

იხილეთ ასევე:

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."