მამუკა ჟღენტი - რიგის სამიტის დეკლარაცია უაღრესად სუსტია

მამუკა ჟღენტი - რიგის სამიტის დეკლარაცია უაღრესად სუსტია

ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებლის მამუკა ჟღენტის შეფასებით, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია უაღრესად სუსტია.

როგორც ჟღენტმა "ინტერპრესნიუსს" სამიტის შედეგების შეფასებისას განუცხადა, ქართული მხარის მოთხოვნები საბოლოო დეკლარაციაში გათვალისწინებული არ არის.

"ხელისუფლების მტკიცებით, წარმატებაა, რომ დეკლარაციაში ევროპულ ზრახვებზე ჩაიწერა. რა არის წარმატება - ასოცირების ხელშეკრულების ტექსტი რომ გაიმეორეს?! ზუსტად იგივე წერია ასოცირების შესახებ შეთანხმების პრეამბულაში. უფრო მეტიც, ვერ მოხერხდა ევროპული პერსპექტივებისა და ასოცირების შეთანხმების გამიჯვნა, არადა, ამას ითხოვდა ქართული მხარე რიგაში, როდესაც შემდეგი ცვლილება წარადგინა: "ითვალისწინებენ რა ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის დებულებას, მხარეები თანხმდებიან, ასოცირების შეთანხმებები არ მიაყენებენ ზიანს და ღიად დატოვებენ ასპირანტ პარტნიორებთან კავშირის სამომავლო განვითარების საკითხს". ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლზე გაწევრიანების შესახებ, დეკლარაციაში საერთოდ არ არის საუბარი. იმედია, არ უარყოფენ, რომ ეს ცვლილება მართლაც წარადგინეს მოპალარაკებებისას. გარდა ამისა, ხელისუფლება გვიმტკიცებს რომ სამიტის საბოლოო დოკუმენტში კონფლიქტები ადეკვატურად არის ასახული. არადა, ჩვენს მიერ წარდგენილი ცვლილება საერთოდ უარყოფილი იქნა. ერთადერთი, სადაც საერთოდ კონფლიექტებზე იწყება საუბარი, დაემატა რამდენიმე სიტყვა საქართველოზე, რაც ჯობდა საერთოდ არ ყოფილიყო. კერძოდ, ტექსტში ვნახულობთ, რომ "აქტებმა უკრაინის წინააღმდეგ და მოვლენებმა საქართველოში მოყოლებული 2014 წლიდან....". ანუ უკრაინის წინააღმდეგ არის აქტები და ჩვენთან კი უბრალოდ მოვლენები ხდება და ისიც მოყოლებული 2014 წლიდან. ვფიქრობ, ამაზე მეტი კომენტარი არც არის საჭირო", - განაცხადა ჟღენტმა.

მისივე თქმით, ყველაზე ნაკლებად პრობლემატურია ვიზალიბერალიზაციის ჩანაწერი. "შარლატანებისა და მატყუარებისგან განსხვავებით, ნამდვილად ვიცოდი და ვაცხადებდი, რომ რიგაში უვიზო რეჟიმს ვერ მივიღებდით. ევროპელებზე იმის დაბრალება, რაც არ დაუშავებიათ, არ შეიძლება და მიუღებელია. არავინ არასდროს დაგვპირებია უვიზო რეჟიმს 2015 წლის მაისიდან. ხელისუფლება დღეს გვიცხადებს, რომ მშვენიერი ჩანაწერი მივიღეთო. აქაც გვაბნევენ. ჯერ ერთი, დეკლარაციაში არ არის ის ჩანაწერი, სადაც აღფრთოვანებაა გამოხატული "საქართველოს მიერ მოკლე ვადაში მიღწეულ წარმოუდგენელ პროგრესზე", რასაც სამიტამდე გვპირდებოდნენ და რის თაობაზეც ცვლილებაც კი წარადგინეს რიგაში. უვიზო რეჟიმს აუცილებლად მივიღებთ, რადგან ამის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არა რიგაში, არამედ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა მიღებული ევროკავშირის მიერ. მთავარია, ჩვენ შევასრულოთ ჩვენი წილი ვალდებულებებისა და ამის შემდეგ ეს რეჟიმიც ამოქმედდება. ჩემი იმედია, რომ ეს მოხდება 2016 წლის შემოდგომისთვის. ევროკავშირი ნამდვილად ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მომავალი წლის გადაწყვეტილებაზე და ეს მიდგომა ევროკავშირში დამკვიდრებულ დოკუმენტების შემუშავებისა და მიღების წესებს შეესაბამება, მაგრამ საკვირველი ისაა, რომ გუშინ თითქმის ყველა ღიად გვიმტკიცებდა, რომ თარიღის ჩადებაზე მუშაობთო", - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი რიგაში დღეს დასრულდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."