"ყველა მისი გეგმა ჩავარდა, ის არაფერს აკეთებს" - უკრაინის რადაში ალექსნადრე კვიტაშვილის გადაყენების მოთხოვნით დადგენილება შევიდა

"ყველა მისი გეგმა ჩავარდა, ის არაფერს აკეთებს"  - უკრაინის რადაში ალექსნადრე კვიტაშვილის გადაყენების მოთხოვნით დადგენილება შევიდა

უკრაინაში ქართველი მინისტრის საქმიანობას აპროტესტებენ. უკრაინის რადაში დადგენილების პროექტი შევიდა, რომლის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამ პროექტის ავტორები არიან ოპოზიციური ბლოკის წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის ქმედება არ შეესაბამება უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს, მან ამ დრომდე ვერცერთი ეფექტური გეგმა ვერ დადო, არადა ჯანდაცვის სისტემა უმძიმეს მდგომარეობაშია.

ნატალია კარალევსკაია უკრაინის რადას ჯანდაცვის კომტეტის მოქმედი წევრია, ის 2012-2014 წლებში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი იყო. დეპუტატი ამბობს, რომ უკმაყოფილოა ამჟამინდელი მინისტრის საქმიანობით. ამავე პოზიციაზე არიან მისი კოლეგა დეპუტატებიც. "იმედის კვირის" ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ უკრაინელი დეპუტატები ჩაწერა.

ნატალია კარალევსკაია:

- მე ჯერ მიჭირს საბოლოო და რადიკალური შეფასება გავაკეთო ჩვენს მთავრობაზე, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანაში რამე შეიცვალოს, აუცილებელია მათი ერთიანი გეგმა ხალხთან სალაპარაკოდ, რათა ქვეყანას გააგებინონ, რას აპირებენ და რას გეგმავენ. ჩვენ კი რას ვხედავთ დღეს, რომ კორუფცია დაუმარცხებელია და ამ დრომდე არ ვიცით, მათი სამომავლო სტრატეგიის შესახებ. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომელი მინისტრი რომელს ჯობია მთავრობაში. ერთი შემიძლია დანამდვილებით გითხრათ - უკრაინის რეფორმები უნდა განახორციელეონ უკრაინელებმა და არა სხვებმა. ვინმეს თუ შეუძლია კონსულტაცია გაგვიწიოს ან რჩევა მოგვცეს, ამისთვის, რა თქმა უნდა, მადლობას გადავუხდით.

ანდრეი პიშკო, რადას დეპუტატი:

- უკრაინის რადაში შემოსულია დადგენილება ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის გათავისუფლების თაობაზე და მისი ერთ-ერთი ავტორი მე ვარ. ჩვენმა მთავრობამ კვიტაშვილის მოსვლის წინ დააანონსა, რომ ის კარგი ტოპ-მენეჯერია და ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიჯერეთ. მაგრამ ყველა მისი გეგმა ჩავარდა, რადგან სწორად არ იყო სისტემის პოლიტიკას მორგებული. რეგიონებში მედიკამენტები არა აქვთ, ვაქცინაცია არ ტარდება, უმძიმეს მდგომარეობაში არიან თავად მედიკოსები. ჩვენ არაერთხელ მოვუსმინეთ კვიტაშვილს რადაში, მაგრამ ვერასდროს მივიღეთ კონკრეტული პასუხები თუ რას აპირებს. მე არ მიყვარს უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური ადამიანები. ვწუხვარ მათზე, ვინც ხმა მომცა და დავპირდი, რომ დავიცავდი. ახლა კი გამოდის, რომ მთავრობაში გვყავს მინისტრი, რომელიც არაფერს აკეთებს. ამიტომ მალე დაიწყება განხილვები მის გადაყენებასთან დაკავშირებით.

ბრალდებების პასუხად კვიტაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯანდაცვის რეფორმა ჯერ არ დაწყებულა. მისი თქმით, რეფორმა პირველი ივნისიდან დაიწყება.

უკრაინის რადაში არ გამორიცხავენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა უახლოეს მომავალში თავად დატოვოს. თანამდებობა უკვე დატოვა უისტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯაბა ებანოიძემ. რადას დეპუტატების თქმით, შს მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის საქმიანობას ჯერჯერობით აკვირდებიან. იგივეს ამბობენ გენპროკურორის მოადგილის, დავით საყავრელიძის შესახებ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."