რამ გამოიწვია კრიზისი "ნაციონალებში": თეა თუთბერიძე შესაძლო მიზეზებზე და "ახალაიების ფაქტორის" გახმაურებულ ვერსიაზე

რამ გამოიწვია კრიზისი "ნაციონალებში": თეა თუთბერიძე შესაძლო მიზეზებზე და "ახალაიების ფაქტორის" გახმაურებულ ვერსიაზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებს Ambebi.ge-სთან საუბარში თეა თუთბერიძე აფასებს და თანაგუნდელებს ურჩევს, პრობლემა საკუთარ თავში ეძებონ.

- როგორ შეაფასებთ ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ მოვლენებს?

- მე ვფიქრობ, რომ საგანგაშო "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფერი ხდება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამას თავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრების და მხარდამჭერების უმრავლესობა ასე არ უყურებს. მიმაჩნია, რომ მათი შეფასებები ზედმეტად ემოციური და გადაჭარბებული იყო და არის დღემდე. უხერხულად გამოიყურება განცხადებები ზურა ჯაფარიძის უპასუხისმგებლობაზე, წნეხის ვერ გაძლებაზე და ასე შემდეგ.

"ნაციონალურ მოძრაობას" და მის მხარდამჭერებს: სანამ გნიასს ატეხავთ და ზურა ჯაფარიძის უპასუხისმგებლობაზე და წნეხის ვერგაძლებაზე დაიწყებთ ლაპარაკს, მანამდე იქნებ ის გაარკვიოთ, რატომ მივიდა ზურაბ ჯაფარიძისნაირი ადამიანი ამ გადაწყვეტილებამდე. იქნებ მიეჩვიოთ, რომ პრობლემა სხვაში კი არა, ჯერ საკუთარ თავში დაინახოთ ხოლმე.  წნეხს ვინ ვერ გაუძლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს ვინ რატომ მისცა ხმა, და რა ხდებოდა იმ პერიოდში, კარგად მახსოვს და ასე რომ, არ გინდათ ახლა ეს ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები.

- რა შეიძლებოდა გამხდარიყო ოთხეულის გადაწყვეტილების მიზეზი?

- წავიკითხე მათ მიერ გავრცელებული განცხადება. ახსნა გასვლის მიზეზებთან დაკავშირებით გაუგებარი არ არის. არა მხოლოდ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საჭიროა "ნაციონალური მოძრაობის" სრული განახლება და მეტი გახსნილობა, არამედ ამის საჭიროებაზე მეც არაერთხელ მისაუბრია.

- ამბობთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ურჩევთ, საკუთარ თავში დაინახონ პრობლემა. ვინ არის თქვენი რჩევის ადრესატი?

- ვგულისხმობ ყველას, ვინც 2012 წლის არჩევნებში წაგების შემდეგ ქვეყნისთვის რეალური ბრძოლის ნაცვლად, კომფორტის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და ამით საშუალებას აძლევს ხელისუფლების სათავეში მყოფ პუტინის მონებს, დაანგრიონ ის, რის შენებასაც წლები დასჭირდა. მათ შორის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, პროდასავლური კურსი და ა.შ.

- თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რატომ წავიდნენ ისინი ამ მომენტში პარტიიდან?

- რატომ ახლა და არა აქამდე, ამაზე მე ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა ვიცი, რომ ამ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს "ნაციონალური მოძრაობა", არჩევნებში გამარჯვება მათთვის რთული იქნება. ვფიქრობ, რომ ბევრი რამ არის შესაცვლელი პარტიის შიგნით და მგონია, სწორედ ამის ვერმიღწევა გახდა ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან პარტიიდან წასვლის მიზეზი.

- რა თემებზე ჰქონდა გუნდს აზრთა სხვადასხვაობა?

- აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსიები პარტიის შიგნით, ეს ნორმალური და ჯანსაღი პროცესია. მაგრამ როცა ხედავ, რომ ქვეყნის სათავეში მოსულია ძალა, რომელიც ორიენტირებულია არა ქვეყნის განვითარებაზე და წარმატებების მიღწევაზე, არამედ ანგრევს იმას, რის მიღწევასაც ძალიან ბევრი დრო, შრომა და ენერგია დასჭირდა, ამ ვითარებაში როცა შენ იმის ნაცვლად, რომ რეალურად დაუპირისპირდე მას, მიდიხარ იმაზე, რომ მხარს უჭერ მის მიერ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმის შიშით, რომ ხვალ და ზეგ ციხეში არ ჩაგსვან და დისკომფორტი არ შეგექმნას, ვფიქრობ, რომ ეს არ არის რეალური ბრძოლა. ასევე მიუღებელია, როცა ხმას არ იღებს პარტია იმაზე, როდესაც ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით აკავებს შენი გუნდის და ხელისუფლების ყოფილ წევრს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის და გგონია, რომ ხვალ ეს ხელისუფლება შენ არ შეგეხება. ალბათ მიხვდებით, ვისაც ვგულისხმობ.

- ვის?

- არ გახსოვთ, რა ხდებოდა, როდესაც 2012 წლის 6 ნოემბერს, საქართველოში დაბრუნებული ბაჩო ახალაია დააკავა ხელისუფლებამ? ვინ გახსოვთ, იმ დროს ამ ადამიანის მიმართ პოლიტიკურ დევნაზე ხმა რომ ამოიღო? მხოლოდ ისინი, ვინც ბაჩო ახალაიასთან მეგობრობდნენ პარტიიდან. პარტიის განცხადებები გახსოვთ? მე არ მახსენდება. ხოლო მას შემდეგ, რაც 13 გამამართლებელი განაჩენი დადგა ბაჩო ახალაიას საქმეებზე, მიხვდნენ, რომ მათთვისვე იყო საზიანო ხელისუფლების ქმედებებზე გაჩუმება. ასეთი მიდგომებით კი, ეს პარტია შორს ვერ წავა.

- ამბობენ, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ახალაიაების თემა გახდა პარტიაში განხეთქილების მიზეზი, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?

- სისულელეა. ზურაბ ჯაფარიძე და გოგა ხაჩიძე ორივე კარგად მახსოვს ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად მე-7 საპყრობილესთან. ისინი, ბევრისგან განსხვავებით, ჩემი აზრით, ხვდებოდნენ, თუ რა როლი მიუძღოდათ ახალაიებს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში იმ დროს, როცა "ნაციონალური მოძრაობა" იყო ქვეყნის სათავეში. რაც შეეხება ზოგადად, ე.წ. ახალაიების თემას, რაც ახალაიებმა გააკეთეს ქვეყნისთვის, იმის 10-10% რომ გაეკეთებინა თითოეულს, ვინც "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო და შესაბამისად, იმ წლებში ხელისუფლებაში, მაშინ ვერც პუტინის მონა ოლიგარქი მოაჯდებოდა ქვეყანას, ვერც პრორუსული ხელისუფლება იქნებოდა დღეს ქვეყნის სათავეში, არც კრიმინალები იქნებოდნენ ციხეებიდან გამოყრილი და არც ის საგანგაშო ეკონომიკური მდგომარეობა დადგებოდა, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩავარდნილია ქვეყანა.

- პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობა" შიგნიდან კიდევ სამ ჯგუფად იშლებაო. რას ფიქრობთ, რა იგულისხმა, რა დაჯგუფებებზეა საუბარი, თქვენი აზრით?

- პრემიერ-მინისტრს ვურჩევდი, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებზე ფიქრს და ლაპარაკს, ჯერ ქვეყანას მიხედოს და შემდეგ საკუთარ კოალიციას. კარგად გვახსოვს, ვინ, როგორ და როდის გაიქცა ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნების" კოალიციიდან.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."