თინა ხიდაშელის ემოციური პოსტი ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ

თინა ხიდაშელის ემოციური პოსტი ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი დამოუკიდებლობის დღეს ავღანეთში, ქართველ მებრძოლებთან ერთად შეხვდა.

ჯარისკაცებთან შეხვედრით გამოწვეული ემოციების შესახებ მინისტრი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს არა მინისტრული ემოციაა.

"ჩემი არა თავდაცვის მინისტრული ემოციები ავღანეთიდან!

ავღანეთიდან ვბრუნდებით.

შეუძლებელია ამაზე დიდი ემოცია, უფრო მეტად დამუხტვა, უფრო დიდ სიყვარულთან და ერთგულებასთან ხელით შეხება.

არ ვიცი როგორ თავდაცვის მინისტრობას ვპირდებოდი საქართველოს მაგრამ ეხლა ზუსტად ვიცი როგორი იქნება, იმიტომ რომ სტანდარტი ვიპოვე რომელსაც გინდა დაემსგავსო და სინამდვილეში, გულის სიღრმეში აჯობო.

აქ გენერლებთან შეხვედრებზე, ან 10 დღის დანიშნული ქართველი მინისტრის იმ დილით დანიშნულ კოლეგასთან შეხვედრაზე, რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელივანი იყო, ვინაიდან სწორედ იმ დილით დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა შეკრა მთავრობა რომელზეც დიდ იმედს ამყარებენ, ამ ყველაფერზე იმედა დარსალია იზრუნებს.

ყველაზე მთავარი ავღანური ემოცია არც გენერლებია, არც ვერტმფრენიდან დანახული ქალაქები და სოფლები, არც სამხედრო ბაზები და ერთმანეთში არეული ათეულობით ენა. მთავარი ემოცია ჩვენებისგან მოდის. ყოველი მორიგი მეთაური, ოფიცერი, რიგითი მორიგი სურპრიზია.ფიქრობ ეს ყველას ჯობია და მერე კიდევ, მორიგ ჯერზე გაოცდები.

ომში არიან, ყოველ დღე რისკის ზღვარზე დადიან და მათგან მხოლოდ სიკეთე და კეთილშობილება მოდის. მოლოდინი გაქვს რომ მკაცრი, სიტყვაძუნწი ოფიცერი დაგხვდება, არადა მხოლოდ სიკეთეს და დადებით ემოციას გატანენ.

არ მინდა ვინმე გამოვარჩიო, თუმცა ალბათ მაინც პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძის ლომის წილია. თავად ასეთია. სულ იღიმის, ყველაზე მძიმე ამბავსაც მშვიდად და მომღიმარი გიყვება. თუ რამე შეგეშალა წესებში იმასაც ასეთივე ღიმილით და სიმშვიდით მიგანიშნებს.

გამიგრძელდა ძალიან.

ემოცია, სიამაყის გრძნობა იმდენად დიდია როგორ დავწერ და როგორ გადმოვცემ არ ვიცი, მაგრამ მთელმა სამყარომ მინდა გაიგოს და ყველა ქართველმა იამაყოს.

თუმცა განსაკუთრებული ემოცია ბაგრამში ჩვენმა მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა ცხადაძემ გამომაყოლა. წარმოიდგინეთ ეს ახალგაზრდა ვაჟკაცი, ბაგრამში, ამდენ ადამიანზე პასუხისმგებელი, თავად მუდმივი რისკის ქვეშ მყოფი, და ამ დროს წარმოუდგენლად კეთილი. ჩემთვის დიდი პატივი იყო მთელი დღე მასთან საუბარი ჯარზე, სამხედრო განათლებაზე, ავღანელებზე, მისიაზე. გონიერი, გაწონასწორებული, რაციონალური.

მაგრამ 26 მაისის ღონისძიებაზე სტანდარტულ მდგომარეობაში ბრძანება რომ გასცა აი ის ემოცია ალბათ მთელი სიცოცხლე გამყვება. მეთაური ავღანეთში სამხედრო ბრძანებას გასცემს, ისმენ და ერთადერთი გრნობა გაქვს ღმერთო დიდებულო ამდენი სიკეთე და კეთილშობილება როგორ გაიმეტე ერთი ადამიანისთვის. თუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული მეთაური ბრძანებას გასცემს სამხედრო ბაზაზე და პირველი სიტყვა რომელიც ათმოხდება ყველს ირგვლივ მყოფს არის "რა საყვარელია" მაშინ მიხვდებით რას ვგულისხმობ.

ალბათ ვიპოვე იდეალური სამხედროები, ზუსტად ვიცი რომ ასეთები ძალიან ბევრი არიან და სწორება სწორედ მათზე უნდა გვქონდეს.

სწორედ ვ/პოლკოვნიკ ცხადაძეს მსგავსად რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ყველა იქ სადაც ვართ სიყვარულით და დიდი პასუხისმგებლობით ვიცი უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებთ.

ვემსახუროთ საქართველოს სიყვარულით", - წერს ხიდაშელი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."