26 მილიონიანი ათონელის რეზიდენციის შიდა კადრები და პრემიერისა და პრეზიდენტის შიდაბრძოლის ახალი ტალღა

 26 მილიონიანი ათონელის რეზიდენციის შიდა კადრები და პრემიერისა და პრეზიდენტის შიდაბრძოლის ახალი ტალღა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ათონელის რეზიდენციის გამოყენებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თავად მთავრობა რაიმე მკვეთრი რეაგირების და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან, პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.

"ეს შენობა მთავრობამ გაარემონტა და ააშენა პრეზიდენტისთვის, რისთვისაც 26 მილიონი დაიხარჯა. თუ პრეზიდენტი გამოიყენებდა მას საკუთარი რეზიდენციისთვის, ეს იქნებოდა მართლაც მისასალმებელი ჩემთვის და ყველასთვის, თუმცა ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი და ჩვენ, მთავრობა რაიმე მკვეთრ მოქმედებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, მთავრობას, სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, რომ ასეთი ფეშენებელური, ძვირადღირებული შენობა დარჩეს უფუნქციოდ, მით უმეტეს, რომ შენობის სტატუსიდან გამომდინარე, რეზიდენციას ჩვენ ვერ გავყიდით. ასე რომ, იმედი უნდა გამოვთქვათ, პრეზიდენტი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით”, - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ ფოტოგალერეა| როგორ გამოიყურება ათონელის რეზიდენცია, რომელიც 26 მილიონი დაჯდა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთვის გაუგებარია, რატომ ამბობს უარს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ რეზიდენციაში გადასვლით საკმაოდ დიდი რესურსის დაზოგვა მოხდება.

"26 მილიონი დაიხარჯა ათონელზე მდებარე რეზიდენციისთვის და თუკი პრეზიდენტი გადავა ამ ახალ რეზიდენციაში, ბუნებრივია, დაიზოგება რამდენიმე მილიონი. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ მეტი რესურსი დაიზოგოს სოციალური მხარდაჭერისთვის და ესეც იქნება ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ჩემთვის პირადად აღქმა იმ რეზიდენციისა, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა საკუთარი კომფორტისთვის მოიწყო, საკუთარი სურვილის მიხედვით, დადებითი არ იქნება. არა მგონია, ჩემი ქვეყნის სოციალური ფონი იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტმა არ იფიქროს. ფაქტია, ამით საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსი და დანაზოგი გამოიძებნება ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საქმისთვის", - განაცხადა ბესელიამ.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ყველა ის პოზიცია, რომელიც აქამდე დავაფიქსირეთ, უცვლელია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია რეზიდენციის საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.

"ჩვენი მხრიდან, ალბათ, რამდენიმე ათეულჯერ გაკეთდა განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერი წინა კომენტარი, რომელიც ამ თემის კომენტირებისას იყო გამოყენებული, შესაძლებელია დღესაც წარმატებით გამოვიყენოთ, რადგან ამ თემაში ახალი არაფერია და ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია. აღარ ვაპირებთ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, რადგან არ მიგვაჩნია საჭიროდ, ეს თემა კიდევ ერთხელ განვიხილოთ. ყველა ის წინა პოზიცია, რომელიც გვქონდა პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით, არის უცვლელი და შესაბამისად არის ძალაში", - განაცხადა აბაშიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."