"ეხო მასკვი"- პოროშენკომ დღეს შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტზე წარადგინოს

"ეხო მასკვი"- პოროშენკომ დღეს შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტზე წარადგინოს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დღეს შესაძლოა, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტზე წარადგინოს. ამის შესახებ "ეხო მასკვი" იტყობინება. გარდა ამისა, ტელეკომპანია "ინტერის" ეთერში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვალერი ჩალიმ განაცხადა, რომ სააკაშვილის ოდესის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის შესაძლებლობა 99 პროცენტია.

როგორც პოროშენკოს პრესსპიკერმა, სვიატოსლავ ცეგოლკომ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა მინისტრთა კაბინეტმა სააკაშვილის კანდიდატურა გუშინ წარადგინა. სავარაუდოდ, გუშინ ღამით გაიმართა შეხვედრა სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის, რა დროსაც აღნიშნული საკითხის შესახებ ისაუბრეს.

როგორც მოსალოდნელია, ოდესის გუბერნატორის პოსტზე ახალ კანდიდატურას უკრაინის პრეზიდენტი დღეს შუადღით წარადგენს.

გუშინ უკრაინის ეკოლოგიის მინისტრმა იგორ შევჩენკომ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა.

"ბოდიშს ვიხდი უზუსტობის გამო, რომელიც ჩემს წინა პოსტში იყო მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მართლა მიიღო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ეხებოდა არა დანიშვნას, არამედ რეკომენდაციას უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის, რომ ოდესის გუბერნატორის პოსტზე დაინიშნოს მიხეილ სააკაშვილი", - დაწერა უკრაინის ეკოლოგიის მინისტრმა გუშინ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველია რეფორმების საკითხებში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."