სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს ეწვევა

სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი GLOBSEC-ის ფარგლებში სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგებზე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორმა გიორგი მარგველაშვილს დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ამერიკის მეგობრული ურთიერთობა განიხილეს; ხაზგასმით აღინიშნა, ჩვენი ქვეყნისათვის აშშ-ის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა. სენატორმა მაკკეინმა ყურადღება საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრა.

მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ყურადღება ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. როგორც სენატორმა მაკკეინმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში. იმედი გამოთქვეს, რომ ნატო-ს უელსის სამიტის არსებითი პაკეტის რეალიზება არა მხოლოდ მის ტექნიკურ განხორციელებაზე გაამახვილებს ყურადღებას, არამედ ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრებას და, ამერიკასა და სხვა ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა ინტეგრაციის პროცესზე დადებითად აისახება. საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებასაც. ამ მხრივ, მათ განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დაეთმო.

გიორგი მარგველაშვილმა ჯონ მაკკეინს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში პირადად მისი და აშშ-ის მხრიდან აღმოჩენილი ურყევი თანადგომისათვის, ასევე ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხადამჭერი იმ რეზოლუციებისა და სამართლებრივი აქტებისათვის, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელი სენატორი საქართველოში მოიწვია. თავის მხრივ, ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ იგი აუცილებლად ეწვევა საქართველოს. საქართველოს პრეზიდენტთან და ქართულ დელეგაციასთან შეხვედრას აშშ-ის სენატორები ჯონ ბაროსსო და ტომ კოტონიც ესწრებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."