"სრულიად ვიზიარებ, როგორც შემართებას, ასევე შინაარსს" - ელენე ხოშტარია ვარშავის სამიტისთვის ხიდაშელის "სწორ გზავნილებს" ასახელებს

"სრულიად ვიზიარებ, როგორც შემართებას, ასევე შინაარსს" - ელენე ხოშტარია ვარშავის სამიტისთვის ხიდაშელის "სწორ გზავნილებს" ასახელებს

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებელი  ელენე ხოშტარია ვარშავის სამიტისთვის თინა ხიდაშელის "სწორ გზავნილებს" ასახელებს.

"დღეს ვიყავი თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე. ბევრ საკითხზე იყო საუბარი, თუმცა ეხლა მინდა შევეხო ნატო-ში ინტეგრაციის ნაწილს: ძალიან სწორი გზავნილები მოვისმინე ნატო-ში ინტეგრაციაზე ზოგადად და კონკრეტულად ვარშავის სამიტთან მიმართებაში:

- თავდაცვის მინისტრს, ფაქტობრივად, უკვე დაწყებული აქვს მზადება ვარშავის სამიტისთვის. ძალიან დროულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში არ ვაქტიურდებით

- საზოგადოებრივი მოლოდინების არგაზრდის მიზნით, არ აპირებს "მიაჩუმოს" ეს თემა და წინასწარ ნეგატიური გზავნილები გააჟღეროს, რომ MAP არ გამოვა (სამწუხაროდ ასე მოხდა უელსის წინ)

- საქართველოს ექნება საკმაოდ კატეგორიული და მტკიცე პოზიცია MAP-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით და არ ვაპირებთ წინასწარ წამგებიანი პოზიცია დავიჭიროთ, რომ MAP თუ არ გამოვა რამე მოვიფიქროთ. (რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ცალკე შემიძლია დავასაბუთო).

სრულიად ვიზიარებ, როგორც შემართებას, ასევე შინაარს.

რაც მაწუხებს და ბუნებრივია, იქვე შეხვედრაზე ვთქვი, რამდენად მოახერხებს თავდაცვის მინისტრი, რომ ეს იყოს მთავრობის ერთიანი გზავნილი და მოქმედება და არა მხოლოდ მისი. თუ ეს დარჩება მხოლოდ თავდაცვის მინისტრის აქტიურობად, თუ გაგრძელდება საწინააღმდეგო გზავნილები ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია", - წერს ხოშტარია.

"ვარშავის სამიტზე ჩვენ უნდა მივიღოთ MAP-ი", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მისი ტონი ამ თემასთან დაკავშირებით არ გარბილდება.

"არ ვაპირებთ გეგმა "ბ"-ზე და გეგმა "ც"-ზე ლაპარაკს და ვაჭრობას. ყველაფერს აქვს ლოგიკური განვითარება და ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, მიიღოს პასუხი როგორც MAP-ზე, ისე გაწევრიანებაზე. გენერალურ მდივანსაც ვუთხარი, რომ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, ზუსტად იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება იბრძვის მაქსიმალური შედეგისთვის. საქართველო იბრძვის და ყველაფერს აკეთებს, რომ გადავიდეს თვისობრივად ახალ ეტაპზე ნატო-სთან ურთიერთობაში. ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში MAP-ი და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ერთიანი პოზიცია", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, თუ საქართველოს MAP-ი არ მისცეს, სწორედ ეს ზრდის ნიჰილიზმს და სკეპტიციზმს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, მით უმეტეს რუსული რბილი ძალის პოლიტიკის დროს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."