დიდი საკადრო ცვლილებები მერიაში: ვინ ტოვებს თანამდებობას ეკონომიკური გუნდიდან

დიდი საკადრო ცვლილებები მერიაში: ვინ ტოვებს თანამდებობას ეკონომიკური გუნდიდან

თბილისის ვიცე მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ადასტურებს, რომ მერიაში საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს. როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თანამდებობა დატოვა ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერიკაშვილმა, რომელიც მუშაობას სხვა პოზიციაზე გააგრძელებს.

"საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს. ირაკლი ბერიკაშვილი გადადგა თანამდებობიდან და გადავიდა სხვა სამსახურში. შესაბამისად, ჩვენ ცოტა ხანში წარვადგენთ ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ახალ ხელმღვანელს", - განაცხადა ქუმსიშვილმა, თუმცა არ განუმარტავს კონკრეტულად რა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას ბერიკაშვილი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თანამდებობას ტოვებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძეც, თბილისის ვიცე მერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან არანაირი შეხება არ აქვს, რის გამოც კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ამასთან დაკავშირებით მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ საკითხთან არანაირი შეხება არ მაქვს", - აღნიშნა ვიცე მერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მცდარი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სუდაძე თანამდებობიდან წასვლას სწორედ მასთან კონფლიქტის გამო გეგმავს.

"თქვენ ცდებით. ავთანდილ სუდაძესთან კონფლიქტი არ მაქვს", - მიმართა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს.

ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადადგომის საფუძველს ვერ ხედავს. შესაბამისი კომენტარი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში სტიქიაზე რეაგირების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას გააკეთა.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში მერის გადადგომის საფუძველს ვერ ვხედავ", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ მთავარ პროკურატურაში შეტანილ საჩივარს, ვიცე-მერის თქმით, საჩივრის საფუძვლიანობა ან უსაფუძვლობა თავად პროკურატურამ უნდა შეაფასოს.

"საჩივრის საფუძვლიანობა ან არასაფუძვლიანობა უნდა შეაფასოს თავად პროკურატურამ. შესაბამისად, მან უნდა იმოქმედოს, თუ ამ უწყებას მიმართეს", - აღნიშნა ვიცე-მერმა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, სტიქიაზე ხელისუფლების რეაგირება არაადეკვატური იყო, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურას დღეს საჩივრით მიმართეს. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების რიგი წარმომადგენლის, მათ შორის თბილისის მერის მიმართ, სამსახურებრივი გულგრულობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."