თინა ხიდაშელს აინტერესებს, სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაზე განცხადებები, უკრაინის პოზიციაა, თუ არც მთლად ნორმალური ფსიქიკის მქონე გუბერნატორის

თინა ხიდაშელს აინტერესებს, სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაზე განცხადებები, უკრაინის პოზიციაა, თუ არც მთლად ნორმალური ფსიქიკის მქონე გუბერნატორის

საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს აინტერესებს, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საქართველოს ხელისუფლებაზე უკრაინის სახელმწიფოებრივი პოზიციაა თუ ერთი არც მთლად ნორმალური ფსიქიკის მქონე გუბერნატორის ინდივიდუალური მოსაზრება. ამ კითხვით ხიდაშელმა უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს პირებს რადიო "თავისუფლების" ეთერიდან მიმართა.

"მე ვფიქრობ, დროა, ყველა გამოვიდეს ამ ილუზიიდან, რომ ჩვენ დავდგებით და 24 საათის განმავლობაში მხოლოდ იმით დავკავდებით, რითიც ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველი 6 თვის განმავლობაში ვიყავით დაკავებული. ვფიქრობ, რომ მაშინაც შეცდომა იყო. ადამიანებს, რომლებიც დღემდე არიან თავბრუსხვევაში სააკაშვილის შესახებ, ჩვენ მათ ვერასდროს ვერაფერში დავარწმუნებთ და აღარ არის ეს ჩემი ამოცანა. ასეთი ადამიანების მიმართ მე ინტერესი მეკარგება. ჩემს დროს და ენერგიას ვერ დავკარგავ ისეთ ადამიანებთან კონტაქტში, რომელსაც არ შეუძლია გაიგოს, რომ ამ კაცს შეეძლო გაეცა იმ ტიპის ბრძანებები, როგორიცაა ტელეკომპანიის დარბევიდან დაწყებული, მასობრივად მოსახლეობის დარბევით და სტრასბურგის განაჩენი გვიდევს წინ, რომელშიც წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სხვებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა რომ 27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე სამართალი არ დამდგარიყო, აღარაფერს ვამბობ ციხეებში გაუპატიურებებზე, წამებებზე და ა.შ.", - განაცხადა ხიდაშელმა.

კითხვაზე, ასეთ ადამიანებში გულისხმობს თუ არა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსაც, თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს გულისხმობ, ვისაც სჯერა, რომ სააკაშვილი კეთილშობილი ადამიანია.

"მე არ ვიცი, პეტრო პოროშენკოს ამოცანა რა იყო მისი გუბერნატორად დანიშვნის დროს. ეს არის მათი სუვერენული გადაწყვეტილება, შეუძლიათ საკუთარი რეგიონის გუბერნატორად ვინც უნდა ის დანიშნონ - გიჟი და ნორმალური. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. მე ვიზიარებ მწუხარებას იმ ფაქტების შესახებ, რომელთაც იქ ექნება ადგილი, მაგრამ ეს მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა. მთავარი სხვა რამეა, რაც მე მაწუხებს და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში არამხოლოდ როგორც მინისტრს, არამედ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, მე მაქვს ძალიან სერიოზული კითხვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის პრეზიდენტთან, პრემიერთან და ხელისუფლებასთან - როდესაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს განცხადებებს უკრაინული მედიისთვის, ქართული მედიისთვის, დღეს უკვე BBC-ისთვის, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, მაქვს კითხვა ჩემი მეგობარი პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლებასთან, ეს არის მათი სახელმწიფოებრივი პოზიცია, თუ ეს არის მათი არც მთლად ნორმალური ფსიქიკის მქონე გუბერნატორის ინდივიდუალური პოზიცია. ამ კითხვაზე პასუხი გულწრფელად მაინტერესებს. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს, ასე მოიხსენიოს პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის ხელისუფლება. თორემ პირადად სააკაშვილთან ურთიერთობა დავამთავრე 2004 წლის თებერვალში, როდესაც მან გადაწყვიტა ყოფილიყო დიქტატორი და არც კითხვები მაქვს მასთან, არც პრეტენზიები და არც მოლოდინები", - განაცხადა ხიდაშელმა.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების პერსპექტივაზე საუბრისას კი მან აღნიშნა, რომ "მკვდრები არ ცოცხლდებიან".

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."