ჯონ ჰერბსტი - საქართველოში, სავარაუდოდ, ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების საბადოები არსებობს

ჯონ ჰერბსტი - საქართველოში, სავარაუდოდ, ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების საბადოები არსებობს

ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი საქართველოს ორ რჩევას აძლევს, რომელთაგან ერთი პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას ეხება, მეორე კი - ეკონომიკურ განვითარებას.

საქართველოში არსებულ სიტუაციას, კერძოდ, საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას, ჰერბსტი "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში აფასებს და აცხადებს, რომ კრემლის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომამდე გაცილებით ადრე დაიწყო, როცა რუსული ბომბები აუხსნელი მიზეზების გამო საქართველოს ტერიტორიაზე ცვიოდა.

"მაისში შიდა დემარკაციის ადგილს ვეწვიე, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს ყოფს. მაშინ საერთაშორისო დამკვირვებლებმა მითხრეს, რომ რუსი მესაზღვრეები ხშირად გადადიოდნენ ტერიტორიაზე, რომელიც სამხერეთ ოსეთს არ ეკუთვნის. ჩემთვის ეს იმის ნიშანი იყო, რომ ისინი სინჯავდნენ, თუ რამდენად შორს შეძლებდნენ საზღვრის გადაწევას. ცოტა ხნის წინ საზღვრის ხელახალი გადმოწევა პროვოკაციაა. ჩემი აზრით, კრემლის პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ ისე მიმდინარეობს, რომ მსოფლიო ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს. ამის მაგალითია "მისტრალის" აბსურდული შეთანხმება, რომელიც საფრანგეთის მიერ რუსეთის დაჯილდოება იყო იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად არ შეიჭრა მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ საქართველოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი წაართვა. ანუ, საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ ცუდად გამოეხმაურა", - აცხადებს ყოფილი ელჩი.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს, ამ საკითხზე მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს. "ერთადერთი რჩევა, რომელიც საქართველოს პოლიტიკური კლასისთვის მაქვს, მათ ურთიერთობას ეხება. დაძაბულობა ორ მთავარ ჯგუფს შორის - ივანიშვილისა და სააკაშვილის ჯგუფებს შორის - ისეთი მწვავე არ უნდა იყოს, როგორიც დღეს არის. კიდევ ერთი რჩევა მაქვს - საქართველოში სავარაუდოდ ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების საბადოები არსებობს. ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი არ უნდა შეუშალოს ამ რესურსების აღმოჩენისა და ათვისების პროცესს", - განაცხადა ჰერბსტმა.

მისი ინფორმაციით, უცხოური კომპანიებისთვის ძალიან რთულია საქართველოში ნებართვის აღება ჭაბურღილების ჩადგმაზე, იმის დასადგენად, აქვს თუ არა ქვეყანს წიაღისეული საწვავი. მისი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობის დამყარებასთან ერთად, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა გააძლიეროს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."