"ჯაჭვლიანთან ნუ იხმართ ამ სიტყვას, ე, მანდ, გინება არ ეგონოს" - როცა პრემიერს პრეზიდენტი "ენაციონალურება"

"ჯაჭვლიანთან ნუ იხმართ ამ სიტყვას, ე, მანდ, გინება არ ეგონოს" - როცა პრემიერს პრეზიდენტი "ენაციონალურება"

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პატიმრები შეიწყალა, შეწყალებულ პატიმართა შორის დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძეც მოხვდა. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა საინტერესო განცხადება გააკეთა: "ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად "ნაციონალური" პრეზიდენტი. გუშინ შეიწყალა ერთ-ერთი მსჯავრდებული ბობოხიძე, რომელიც ჩვენმა პროკურატურამ დააკავა. მას მიესაჯა და ახლა პრეზიდენტმა შეიწყალა. ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილი პრეზიდენტი გვყავს. იმედი მაქვს, რომ მალე სხვა კეთილ ადამიანებს - სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, მერაბიშვილს შეიწყალებს".

ბატონმა პრემიერმა ალბათ იხუმრა, როდესაც ლევან ბობოხიძე ბაჩო ახალაიას, სააკაშვილს და მერაბიშვილს შეადარა, რადგან ამ ადამიანებსა და ლევან ბობოხიძეს შორის იმხელა სხვაობაა, რაც გოდერძი ჩოხელის "მგელსა" და გოჩა მანველიძის "მგლებს" შორის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლევან ბობოხიძეს ლევან ბობოხიძედ მხოლოდ საახლობლო თუ იცნობს, თორემ საზოგადოებაში აკაკი ბობოხიძის ძმად მოიხსენიებენ, ასევე გასათვალისწინებელია ბრალდებაც, რაც მას ჰქონდა და რაც ზემოთ ხსენებულ სამს აქვს.

პრემიერის ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მასსა და პრეზიდენტს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას. პრეზიდენტი არის ყველას პრეზიდენტი, მათ შორის იმათიც, ვისაც მისთვის ხმა არ მიუცია, ამიტომ შეწყალების დროს პრეზიდენტი პოლიტიკურ ქვეტექსტებს არ უნდა ითვალისწინებდეს და მხოლოდ ობიექტური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, სწორედ ამის შედეგია ლევან ბობოხიძის გათავისუფლებაც.

შეფასება - "ნაციონალური" პრეზიდენტი, რეალურად, ეპითეტიც კია, რადგან "ნაციონალური" ნიშნავს ეროვნულს, ხოლო ეროვნული პრეზიდენტი სწორედაც რომ ეპითეტია. სამწუხაროდ, სიტყვა "ნაციონალური", გარკვეულ ადამიანთა გამო სალანძღავ სიტყვად იქცა, თორემ ამ სიტყვას მშვენიერი განმარტება აქვს.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრემიერი პრეზიდენტის ნაბიჯებს სახალხოდ აკრიტიკებს, მეეჭვება, ეს ჩვენი მეგობარი ქვეყნების მაღალჩინოსნებისთვის მისასალმებელი იყოს. ისე, საინტერესოა, ბატონმა პრემიერმა სასხვათაშორისოდ მაინც თუ მისცა შენიშვნა მისი გუნდის წვერს, რომელსაც ევროპის განვითარების ბანკი და საროსკიპო სინონიმები ჰგონია, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს, კანონშემოქმედი იყოს. სხვათა შორის, შემდეგ სწორედ მისი მიღებული კანონებით უწევს ხელმძღვანელობა პრეზიდენტს.

საზოგადოებაში ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პრემიერი და მისი აპარატი, პრეზიდენტის ნაბიჯებს უფრო აკონტროლებენ, ვიდრე მავთულხლართებს, რომელიც ნელ-ნელა გვიახლოვდება.

საინტერესო იყო საზოგადოების შეშფოთებაც აკაკი ბობოხიძის ძმის გათავისუფლებაზე. ეს ფაქტი ისე დამღუპველად აღიქვეს, თითქოს ჩიკიტალო გამოვიდა ციხიდან. სამწუხაროდ, საზოგადოების იგივე ნაწილი სრული სიჩუმით და მავანი ხბოს აღტაცებითაც კი შეხვდა მართლაც საშიში დამნაშავეების ციხიდან გამოსვლას. არადა, მაშინ რომ ასეთივე ხმაური აგვეტეხა, ეგებ რამდენიმე ადამიანი მაინც არ გამხდარიყო ამნისტირებულთა მსხვერპლი.

ბატონო პრეზიდენტო, გააგრძელეთ ისევ ასე, მიიღეთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელსაც საჭიროდ ჩათვლით, ნუ მოექცევით ნურავის გავლენის ქვეშ. ზოგჯერ ალბათ შეცდომებსაც დაუშვებთ, მაგრამ ფილოსოფოს კაცს ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ შეცდომებზე უკეთ სწავლობს ჰომო საპიენსი (ჯაჭვლიანთან ნუ იხმართ ამ სიტყვას, ე მანდ, გინება არ ეგონოს), მთავარია ღირსება და სახე დაუბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტს და სიტყვა "პრეზიდენტიც" ისეთივე სალანძღავ სიტყვად არ იქცეს, როგორც "ნაციონალი".

ლადო გოგოლაძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."