"მიუღებელია აჟიოტაჟი, რომელიც ხელოვნურად ატეხეს ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა და სამწუხაროდ მათ პრეზიდენტიც შეუერთდა"

"მიუღებელია აჟიოტაჟი, რომელიც ხელოვნურად ატეხეს ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა და სამწუხაროდ მათ პრეზიდენტიც შეუერთდა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი მიუღებელია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ვეტოს საკითხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

"მე ვფიქრობ, კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ხელოვნურად ატეხეს ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი შეუერთდა მათ ამ აჟიოტაჟს და ჟრიამულს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, ყველაფერს, რასაც აკეთებენ, იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე. ღარიბაშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით პირადად ჰქონდა საუბარი ევროკავშირის ვიცე პრეზიდენტთან და მისი ოფისი პირდაპირ კონტაქტზე იყო ვიცე პრეზიდენტის ოფისთან.

"ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროკავშირის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, სრულად იქნა გათვალისწინებული. ასე რომ, მე მართლაც ვერ ვხედავ ამ აჟიოტაჟის ვერავითარ საფუძველს. პირიქით, მე ვხედავ, რომ ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, ხელოვნურად აგორებული კამპანია, რომელიც საქართველოში ბიზნესგარემოს აზიანებს, აზიანებს საინვესტიციო კლიმატს და არის ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ადამიანებს აბსოლუტურად არ ესმით, რა არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ინტერესი, არ აქვთ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე.

მე ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ხელოვნურად ქმნის ასეთ აჟიოტაჟს. მე გეტყვით კიდევ ერთ მაგალითს, პოლონეთი, რომელიც ჩემთვის, ჩვენთვის და ყველა ნორმალური ადამიანისთვის სამაგალითო ქვეყანაა, პრემიერ ტუსკის პირობებში პოლონეთის ეკონომიკა გაორმაგდა და სასწაულები გააკეთეს ბოლო 7-8 წელში. სწორედ პოლონეთის საბანკო სისტემა არის სამაგალითო მთელ მსოფლიოში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის საქართველოში ჩამობრძანებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლონეთის საბანკო სისტემა აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში.

პოლონეთის საბანკო სისტემაში ზედამხედველობის სააგენტო არის ცალკე. შესაბამისად, მე კითხვა მაქვს იმ ადამიანების მიმართ, თუ პოლონეთის საბანკო სისტემა არის ყველაზე საუკეთესო და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც არის საუკეთესო, მაშინ სად არის კითხვები. თუ კითხვები იყო იმაში, რომ პროცესი იყო გაუმჭვირვალე, ეს შენიშვნები ყველაფერი გავიზიარეთ. ამ ყველაფერზე პასუხი არის მარტივი, ეს არის ხელოვნური სპეკულაციები, რომ კიდევ ერთხელ დააზიანონ ბიზნესგარემო და ინვესტორები. ყველას მოვუწოდებ, დამშვიდდნენ და დაასრულონ ეს აჟიოტაჟი, ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის და არა ის, რა კანონს მივიღებთ ჩვენ. ჩვენ კანონებს ვღებულობთ ჩვენი ქვეყნისთვის და არაფერს გავაკეთებთ ქვეყნის საწინააღმედგოდ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."