როგორ გამოიყურება ხელისუფლების 3-წლიანი საქმიანობის შედეგებისა და შეცდომების მცირე ჩამონათვალი?

როგორ გამოიყურება ხელისუფლების 3-წლიანი საქმიანობის შედეგებისა და შეცდომების მცირე ჩამონათვალი?

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი"-ს ჟურნალისტი კობა ბენდელიანი ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, ქართული პოლიტიკა ტრადიციას არ ღალატობს, ყველაფერზე აზრთა სხვადასხვაობის სიმრავლის, მნიშვნელოვან თუ სულაც უმნიშვნელო, ან სკანდალურ თემებზე ხმაურიანი განხილვების ფონზე ხშირად მთავარი გვერდზე გვრჩება და საერთოდ, ძნელი დასადგენია, ეს ყველაფერი როგორ აისახება ერთი მხრივ, ხელისუფლების პოლიტიკაზე და მეორე მხრივ, საზოგადოების ცნობიერებაზე. სულ უფრო აშკარაა, რომ საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების დინამიკა და პრობლემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. თქვენ რას მიიჩნევდით ჩვენს საშინაო პოლიტიკაში ყველაზე პრობლემურ საკითხად, რომელიც, ნებსით თუ უნებლიეთ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება?

- ასეთ კითხვაზე შეუძლებელია საბოლოო პასუხის გაცემა. ზოგი რამ კი შეიძლება მოინიშნოს. წარმოუდგენელია, ბოლშევიკური სოციალური ინჟინერიის 70-წლიანი ისტორიის შემდეგ მყისიერად ნორმალურ საზოგადოებად ვქცეულიყავით. მუდმივი ცივი სამოქალაქო ომის გარემოცვაში აბსოლუტური ბოროტების ძიების, ზოგჯერ სრულიად რიგითი პოლიტიკური მოვლენების განხილვა სიკეთისა და ბოროტების საბოლოო შეჯახებად, აზროვნების, მორალისა და სოციალური ქცევის პლებეიზმი - სამმა თაობამ ყოველივე ამის ძალადობრივი დაკანონების პირობებში იცხოვრა.

განადგურდნენ ის საზოგადოებრივი ფენები, რომლებსაც მაღალი სოციალური და სახელმწიფოებრივი ქცევისა და აზროვნების პირველნიმუშები უნდა შეექმნათ. აშკარა იყო, რომ მთელი პრობლემა ქცევისა და აზროვნების კრიტერიუმების აღდგენა იყო. ამის გარეშე ნორმალური საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების მხოლოდ იმიტირებას თუ მოვახერხებდით და რამდენადაც ეს მხოლოდ იმიტაცია იქნებოდა, მუდმივად ყველაფრის ხელახლა დაწყების სურვილი გვექნებოდა. ამ უწყვეტ რევოლუციურ რეჟიმს ხშირად ეწირება ის მცირედიც კი, რისთვისაც მიგვიღწევია.

რას ნიშნავს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების იმიტაცია: ესაა შემთხვევა, როდესაც რეალური საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ურთიერთობების ადგილს ამ ურთიერთობათა რაღაც თეატრალური ბუფონადა იკავებს. ცალკეულ ადამიანებსა და მოვლენებს გულუბრყვილო და ცალსახა სიმბოლოების მნიშვნელობას ვანიჭებთ, როდესაც პოლიტიკური აქციები უმალ რაღაცის სიმბოლურად აღმნიშვნელი თეატრალური ქმედების სახეს იღებს. რეალური ისტორიული ცხოვრება კი სადღაც განზე რჩება. გასაქანი ეძლევა ათასგვარ უტოპიებს, რომელიც კი ჩვენს ტვინებში საბჭოთა ეპოქაში მომწიფებულა და რომელთაც არავითარი კავშირი არა აქვს იმ სამყაროსთან, რომელშიც ვართ: ლიბერალური სამოთხის იდეა, რომელიც, მოვახერხეთ და თვითუარყოფად ვაქციეთ, მონარქიის იდეა, რომელსაც რაღაც მანქანებით რუსოფილური ძალები ამოეფარნენ და ა.შ.

თითქოს ვიღაც საგანგებოდ ზრუნავს, რომ ისტორიიდან ამოვარდნილ საზოგადოებად დავრჩეთ, არ ვიყოთ იქ, სადაც ვართ და საკუთარი უმწეობით სასოწარკვეთილებმა მუდმივი რევოლუციური დაპირისპირებისა და ცივი სამოქალაქო ომის რეჟიმში გადავიყვანოთ ჩვენი ცხოვრება. სახელმწიფოებრიობა გულისხმობს სულის არისტოკრატიზმის რაღაც მინიმუმს, გავლენის მქონე უმცირესობას, რომელიც ამგვარი არისტოკრატიზმის მატარებელია და რომლისთვისაც ცოცხალია პრინციპები – "არ იკადრო" და "არაფრის შეგეშინდეს", ვისაც შეუძლია სამყაროს კეთილ ძალებს მიანდოს ბედი და წვრილფეხა მტაცებლის მორალით არ იარსებოს. ხოლო სანამ ასეთი უმცირესობა სუსტია, მუდმივად "უხერხულად" ვიგრძნობთ თავს ისტორიაში.

ჩვენში ახლა იბადება თავისუფალი ადამიანი, ვისთვისაც უცხოა თავისუფლების აბსტრაქტული იდეა და ეს უკანასკნელი სამყაროსა და ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. ჩვენში ახლა იბადება ადამიანი, რომელიც ენდობა საკუთარ გონებას და შრომას და ვისაც არ ესაჭიროება მითოლოგიური მხსნელების მიერ უზრუნველყოფილი ბედნიერება, ვისთვისაც თავისუფლება პირადი ღირსებაა და არა რაღაცეების შანსი და ვისაც ესმის, რომ ნორმალური ცხოვრება თავისთავად ან ვიღაც ძლევამოსილისა და ყოვლისშემძლეს მოსატანი კი არ არის, არამედ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ. სამი თაობის მიერ გადატანილ უწყვეტ ტრავმას საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება და ამიტომაც არის ყველა, თუნდაც სულ მცირე სიკეთე, რომელიც კი ჩვენს ცხოვრებაში თავს იჩენს, დასაფასებელია თუ გვინდა იგი მომავალი სიკეთის საფუძვლად იქცეს. ასე ნელ-ნელა შრომით და ძალისხმევით, საკუთარ თავში საბჭოთა ნაშთების დამარცხებით უნდა შევქმნათ ჩვენი საარსებო გარემო - თუ ჩვენთვის არა, ჩვენი შვილებისთვის მაინც. პირველ რიგში, სწორედ ეს იქნება მათზე ზრუნვა.

უნებურად მივადექით პირობითობათა იმ სისტემას, რომლის გარეშეც, როგორც ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება მუდმივი ქაოსის მდგომარეობაში იქნება. თუნდაც ის, რომ უნდა შევინარჩუნოთ ის მცირედი, რასაც მივაღწიეთ და საკუთარ თავში ყველაფრის ხელახლა დაწყების ბარბაროსული ჟინი უნდა დავძლიოთ, ასეთი პირობითობაა. ასეთივე პირობითობაა ისიც, რომ ბოროტება ყველა ჩვენგანშია და არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაში, ხოლო თუ ვინმე ასახიერებს ბოროტებას, მხოლოდ იმის წყალობით, რომ მას ჩვენი გულუბრყვილობითა და თავქარიანობით მივეცით გასაქანი. ასეთი პირობითობაა რწმენა, რომ ჩვენ ისევ უნდა დავუბრუნდეთ ისტორიას, საკუთარი თვითობაც შევინარჩუნოთ და არც სამყაროს გავექცეთ. წარსულის უტოპიებით აღჭურვილებმა შუასაუკუნეობრივ გალავნებს არ უნდა შევაფაროთ თავი. ჩვენ საკმაო ძალები გვაქვს საიმისოდ, რომ ამ სამყაროს ღირსეული ნაწილი ვიყოთ, უფრო მეტიც, დადგება მომენტი, როდესაც ამ სამყაროს ჩვენს ხმასაც მივაწვდენთ. ჩვენი ძალა და ეროვნული თავმოყვარეობა ამის სრული გარანტიაა. თუ გნებავთ, კიდევ ერთი პირობითობა: ისტორია დროში გაჭიმული პროცესია.

სახელმწიფო და საზოგადოება დროში იქმნება და შეუძლებელია ისეთი ერთჯერადი აქტი განვახორციელოთ - იქნება ეს მოძულებული მმართველის თავიდან მოშორება თუ ვინმე სასწაულთმოქმედის არჩევა - რომ ამან ჩვენს მიერ გასაღები ძალისხმევისაგან გაგვათავისუფლოს. ყველაფერი ეს ვიცით, მაგრამ ვიცით ცალ-ცალკე და ჯერაც არ ჩამოყალიბულა პირობითობათა ერთიან სისტემად. არადა, პროცესი აშკარად მიდის და დღეს ჩვენ აღარ ვართ ისეთი ინფანტილურები, როგორებიც ამ ოციოდე წლის წინ ვიყავით, თუმცა კი არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ კვლავ იმ ინფანტილიზმში მიგვაბრუნონ.

კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ შორს წავიდოდით და საუბრის თემას ავცდებოდით. მთავარია, რომ ჩვენ გვქონია ნება, ვისწავლოთ ის სამყარო, რომელშიც აღმოვჩნდით. თანაც, ასპარეზზე გამოდის თაობა, რომლის სულზეც საბჭოეთს მძიმე კვალი არ დაუტოვებია - თუ ცხადია, ჩვენ არ ვაიძულებთ, დაგვემსგავსონ და ეს კვალი გაიზიარონ.

- ასეთ ფონზე საზოგადოებაში პოლიტიკური განწყობების თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. დამკვირვებელთა აზრით, ამის მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, ევროპული და საერთოდ დასავლური არჩევანის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინები, ის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შესთავაზა საზოგადოებას ქვეყნისა და საზოგადოების მდგრადი, პერსპექტივაზე გათვლილი განვითარების ეფექტური და ხელშესახები არა მარტო გეგმები, არამედ რეალური პოლიტიკა, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში საბჭოთა ნოსტალგიის ელემენტები გააჩინა. ამის მიზეზად ასევე შეიძლება იყოს მიჩნეული საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში და საინფორმაციო სივრცეში პრორუსული პარტიებისა და მოძრაობების, რუსული პროპაგანდისტული რესურსების გააქტიურება. დამკვირვებელთა ნაწილის ზრით, შესაძლოა, ახლა ქვეყნის უსაფრხოებისათვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენდეს არა უკრაინის კრიზისსა და ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩენილი რუსეთი, არამედ ქართულ საზოგადოებაში პრორუსული განწყობების შესამჩნევი ზრდა. რამდენად მართებულია ამგვარი მოსაზრება და თუ ამგვარ რამესთან რეალურად გვაქვს საქმე, თქვენი აზრით, ამგვარი განწყობების თქვენეული ახსნა როგორი შეიძლება იყოს?

- პოლიტიკოსები ხშირად ვერ საზღვრავენ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ აღძრულ გადაჭარბებულ მოლოდინებს. მეორე მხრივ, თავად ჩვენი საზოგადოებაც მიდრეკილია, ამგვარი გადაჭარბებული მოლოდინების ნარკოტიკულ თრობას მიეცეს. ამ ჩაკეტილი წრიდან, თავის დაღწევის ერთადერთი გზა არსებობს: ისტორიული პრაქტიკა.

ბოლო წლები გვიჩვენებს, რომ ჩვენ გამოცდილების შეძენის უნარის მქონე ერი ვართ და რომ, თურმე, ნელა, მაგრამ მაინც მდიდრდება ჩვენი ერთობლივი გამოცდილება. ეს ეხება დასავლეთსაც. ის ზღაპრული წარმოდგენები დასავლეთის შესახებ ბევრ ჩვენგანს გულგატეხილობად მიუბრუნდა. დასავლეთი არის ის, რაც არის. მას აქვს იდეალები, რომელთაც, ავად თუ კარგად, შეცდომებით თუ შეცდომების გარეშე, შინაგანი წინააღმდეგობებით და ა.შ. ემსახურება.

არსებობს პრინციპები, რომელთაც დასავლელთა უდიდესი ნაწილი აღიარებს: ასეთია, ვთქვათ, ადამიანის უფლებები, რაციოს პრიმატი ემოციის მიმართ, შრომა და პროფესიონალიზმი, როგორც სიქველის ერთ-ერთი უმთავრესი ფორმა, საზოგადოებრივ პრობლემებზე დიალოგისა და თანამშრომლობის გარდუვალობა და სხვები. ყველაფერ ამას დასავლეთი საკმაოდ დიდი დაძაბულობით ინარჩუნებს - მაშინ, როდესაც მთელი დანარჩენი სამყარო და თავად დასავლეთის გარკვეული წრეებიც ყოველივეE ამის განადგურებას ან კარიკატურად ქცევას ცდილობენ.

ყალბ მოლოდინებს ამ სამყაროს არცოდნა იწვევს. უმეცრება კი, მოგეხსენებათ, ბოროტების საშენი მასალაა. დღევანდელი პუტინიზმის მოძალება ამ უმეცრებამ გამოიწვია. დასავლეთს ჩვენგან საკანონმდებლო ცვლილებები კი არ უნდა, არამედ ის, რომ ჩვენ თავადაც ამ პირობითობების გამზიარებლები, უფრო მეტიც, მწარმოებლები გავხდეთ.

ამის გააზრება დროს მოითხოვდა და მოითხოვს. შიშის, ცხოვრების წესად ქცეული ბაცაცობისა და ყალბი ისტორიული მიზნების გარემოში გაზრდილი თაობებისათვის ეს გზა რთულია. მაგრამ მაინც გავდივართ მას, მაინც აღმოგვაჩნდა ძალა, რომ გზად დაგებული მრავალი მახისათვის თავი აგვერიდებინა. სულ ათიოდე წელიწადში ასპარეზზე ახალი თაობა გამოვა და პუტინისტური პროპაგანდა დაჰკარგავს თავის სოციალურ ბაზას. მთავარი ამ ათიოდე წლის გაძლებაა.

სხვისი არ ვიცი და მე უკიდურესად მაწუხებს სოციალურ ქსელებსა და ინტერაქტივებში ჩათესილი პუტინისტი მედიაზონდერების ინსტიტუტის გაჩენა. მიჩნდება ეჭვი, რომ მათი მეშვეობით გარკვეული ძალები ცდილობენ, მუდმივი დაძაბულობისა და მსოფლმხედველობრივი ქაოსის მდგომარეობაში გვამყოფონ. რა კეთილ მიზნებსაც არ უნდა ისახავდნენ თავად ეს ადამიანები, მათი მოქმედების შედეგი ცუდი იქნება. უწყვეტ სამოქალაქო დაპირისპირების რეჟიმში ცხოვრებაზე დიდი ბოროტება მე არ მეგულება. ეს მოვლენა - და, ცხადია, არა მხოლოდ ის - ანგრევს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში იმ მცირედსაც, რასაც ამ ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში მივაღწიეთ. დღევანდელ რუსულ პოლიტიკას სწორედ ასეთები სურს, გვიხილოს - თავგზაარეულები, გულუბრყვილოდ ემოციურები, ერთმანეთზე გაავებულები, სასოწარკვეთილები, რათა შემდეგ მხსნელად მოგვევლინოს.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ამგვარ განწყობებს ნებსით თუ უნებლიეთ ხელიც კი ეწყობა. მხედველობაში მაქვს ის, რომ მოლდოვისა და უკრაინის მსგავსად საქართველოში რუსულ აშკარად პროპაგანდისტულ არხებს პრობლემები არ შექმნიათ...

- ცხადია, გარკვეული წრეები ზრუნავენ ამ განწყობების გაღრმავებისათვის. დასავლეთთან დაკავშირებული გადაჭარბებული მოლოდინების გაღვივება და შემდგომ გულის გატეხვა საკმაოდ ძლიერი ფსიქოლოგიური იარაღია.

რაღაც ეტაპამდე რუსული პროპაგანდა ეფექტური იქნება - მისი სამიზნე ჯგუფია ადამიანები, ვისაც გული გაუტყდა, ცხოვრება დაენგრა, ვინც ტკივილად ატარებს ტერიტორიების დაკარგვას და მოსალოდნელ რეგიონალურ გართულებებს, ვინც, საბჭოთა გაგებით, სრულფასოვნად იყო რეალიზებული საბჭოთა ეპოქაში. მაგრამ, მართლმადიდებელი რუსეთის, მონარქიისა და სხვათა რა მომხიბლავი სურათებიც არ უნდა დაუხატონ ადამიანებს, კრიტიკულ მომენტში მათი უმრავლესობა პიროვნული და საზოგადოებრივი ღირსების საკითხის წინაშე აღმოჩნდება. ბოლოს და ბოლოს, იმ კითხვის წინაშე, თუ რა სამყაროს დაუტოვებენ თავის შვილებს. ამის გადალახვა ძალიან ბევრს გაუჭირდება და პუტინისტური პროპაგანდის გავლენაც, იმედი მაქვს, შესამჩნევად შემცირდება.

- ზაფხული მალე დასრულდება და შემოდგომაზე სამი წელი შესრულდება, რაც "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობა" მშვიდობიანად, არჩევნების გზით ჩაანაცვლა. უნდა ეს ვინმეს თუ არა, კოალიციას ოქტომბერში მოუწევს ხელისუფლებაში მისი სამწლიანი საქმიანობის შედეგებზე საუბარი. ეჭვიც არ მეპარება, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ყოველ წელს გაუმჯობესებული ცხოვრების დაპირებებს, აგუგუნებულ ქარხნებსა და დაუსაქმებულ ხალხს შეახსენებს. არადა, როგორც უკვე ვიცით, სწორედ წლევანდელი შემოდგომიდან გაუძვირდება ხალხს დენის ტარიფი, რაც სხვა ბევრ რამეზეც უარყოფითად აისახება. ხელისუფლების სამწლიანი საქმიანობის შედეგებზე საუბარი შესაძლოა, ნაადრევიც იყოს, მაგრამ 2015 წლის 1 ოქტომბერი შორს ნამდვილად არაა. თქვენი დაკვირვებით, როგორ გამოიყურება დღევანდელი გადასახედიდან ხელისუფლების სამწლიანი საქმიანობის შედეგებისა და შეცდომების მცირე ჩამონათვალი? მცირე იმიტომ, რომ ალბათ 1 ოქტომბრისთვის ამ თემაზე უფრო სიღრმისეულად საუბარი უპრიანი იქნება...

- ასე მგონია, "ნაცმოძრაობისადმი" მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების გამო საზოგადოების დიდი ნაწილი ერთადერთს მოითხოვს ხელისუფლებისაგან - არ გაფუჭდეს ის, რაც უკვე გაკეთდა და თუნდაც ნელი პროგრესის ნიშნები ჩანდეს. ხელისუფლებამ, როგორც მგონია, ვერ შეძლო მთავარი - იმ მასობრივი ენთუზიაზმის შენარჩუნება, რომელსაც იგი 2011-12 წლებში აღძრავდა. საკადრო შეცდომებმა, გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმების გაუმართაობამ, პოლიტიკური მენეჯმენტის გაიგივებამ ბიზნესის მენეჯმენტთან, მორჩილი შემსრულებლების სიყვარულმა და ასე შემდეგ, საკმაოდ ავნო იგი.

იყო დრო, როდესაც მსახიობებისა და სპორტსმენების მობილიზებას მართლა ჰქონდა საარჩევნო ეფექტი. დღეს სრულიად ნათლად ვხედავთ, ამ სტრატეგიას რა შედეგიც მოსდევს და რა ადამიანები აღმოჩნდნენ ჩვენს კანონმდებელთა შორის. აღარაფერს ვამბობ ისეთებზე, რომელთა გაცოცხლებაც ქართულ პოლიტიკაში, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობაა. მიუხედავად ყველაფერ ამისა, "ოცნება" მაინც ინარჩუნებს გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციებს. ის სირთულეები, რომელსაც იგი წააწყდა ადგილობრივი არჩევნების დროს, იმის ნიშანია, რომ კიდევ უფრო დიდი სირთულეები ელის მომავალ არჩევნებში.

სრული ტექსტი "ინტერპრესნიუსზე"

"ნიშნების გჯერათ? იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვრის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ" - ხუხაშვილი "ნამახვანჰესზე"

"ჩამოყალიბდება "15 მაისის შტაბი", ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს" - ოპოზიციის სამომავლო გეგმა ცნობილია

გიგი უგულავა "გირჩს" "ქლიავების პარტიას" უწოდებს