არსებობს თუ არა დაპირისპირება ხიდაშელსა და წულუკიანს შორის?

არსებობს თუ არა დაპირისპირება ხიდაშელსა და წულუკიანს შორის?

მას შემდეგ, რაც თინა ხიდაშელმა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები თანამდებობებზე აღადგინა, რაც მისი თქმით, კანონის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა, გაჩნდა ვარაუდები, რომ ამ გადაწყვეტილებით  თავდაცვის მინისტრმა პრემიერ-მინისტრი და იუსტიციის მინისტრი გაანაწყენა.

"გადაწყვეტილებას არც ვუწუნებ და არც ვუწონებ", - ასე აფასებს ხიდაშელის ქმედებას თეა წულუკიანი, რომელიც მედიასთან საკითხის კომენტრირებისას ამბობს:

"თუ თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროში არსებობს პრაქტიკები, რომელიც შეიძლება კანონთან არ იყოს შესაბამისობაში, ძალიან შორს წასულა მისი ფიქრები. მე მაქვს ორი გზა და ორი გზა ჰქონდა მასაც. მე მის გადაწყვეტილებას არც ვუწუნებ, არც ვიწონებ, რადგან ეს არ არის ჩემი საქმე და ამის უფლება მე არ მაქვს, მაგრამ იუსტიციის სამინისტროში მე მივდივარ ხოლმე მეორე გზით. მე არ მომწონს და არ არის ეს ჩემი მმართველობის სტილი, როდესაც ჩემ თანამშრომლებთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები, მირჩევნია ეს თანამშრომელი შინ დაელოდოს განაჩენს".

თეა წულუკიანის ამ განცხადების შემდეგ ხიდაშელი აცხადებს, რომ "წულუკიანთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს", მაგრამ იუსტიციის მინისტრის კომენტარის შემდეგ დამატებით განცხადებებს როგორც მედიასთან, ასევე "ფეისბუქზე" აკეთებს, სადაც ის საკანონმდებლო აქტები განმარტა, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროში ე.წ. კაბელების საქმის ბრალდებულების სამსახურში აღდგენა მოხდა.

"1.თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არასოდეს ყოფილან გათავისუფლებული. 2. გემახსოვრებათ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ჩემი წინამორბედის ბრძანებით, სწორედ პატიმრობის გამო მათ ავტომატურად შეუჩერდათ უფლებამოსილება. 3. ასევე გემახსოვრებათ, სასამართლომ ამ ადამიანების აღმკვეთი ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეწყდა. ეს კი ნიშნავს რომ საფუძველი - ზევით ნახსენები აქტი, აღარ არსებობდა. 4. ჩვენ, სასამართლო გადაწყვეტილების და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მათთვის შეჩერებული უფლებამოსილება აღვადგინეთ. 5. ვინმეს დამნაშავეობა/უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლი დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით", - წერს თავდაცვის მინისტრი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ე.წ. კაბელების საქმე ერთხელ უკვე გახდა "ქართულ ოცნებაში" სერიოზული განხეთქილებისა და კოალიციის ნგრევის მიზეზი. არსებობს ვარაუდები, რომ შესაძლოა, პრემიერმა ღარიბაშვილმა თინა ხიდაშელს აღნიშნული გადაწყვეტილება რეაქციის გარეშე არ დატოვოს, რაც შეიძლება ითქვას, რომ წლების წინ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერების ფონზე, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი თინა ხიდაშელზე უარყოფით მოსაზრებებს გამოთქვამდა, არც ისე მოულოდნელი იქნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."