ჩაშალა თუ არა ფანჯიკიძემ პრეზიდენტის ვიზიტი გაერო-ში და მწიფდება თუ არა ახალი დაპირისპირება ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს შორის

ჩაშალა თუ არა ფანჯიკიძემ პრეზიდენტის ვიზიტი გაერო-ში და მწიფდება თუ არა ახალი დაპირისპირება ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს შორის

საქართველოს პრეზიდენტის ყველა ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იყო მომზადებული, ყველა მათგანი ჩატარდა უმაღლეს დონეზე და მე ვერ მივიღებ ასეთ ბრალდებას, რომ თითქოსდა მე ჩამეშალოს ვინმეს ვიზიტი სადმე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მაია ფანჯიკიძემ, პრეზიდენტის მრჩევლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ის აცხადებდა, რომ შარშან საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა პრეზიდენტის ვიზიტის მომზადებაზე და ამით მახინჯ პრაქტიკას ჩაეყარა საფუძველი.

"მე შარშანაც, შარშანწინაც და წელსაც ვარ იმ აზრის, რომ ასეთ ღონისძიებაზე როგორიც არის გაერო-ს გენერალური ასამბლეა, რომელზედაც მოწვევას იღებს, არა კონკრეტული თანამდებობის პირი, არამედ სახელმწიფო, წავიდეს ერთი დელეგაცია. ის, რაც შარშან მოხდა და ის დისკუსია იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა წასულიყო ნამდვილად იყო ძალიან ცუდი და მე შარშანაც ძალიან განვიცდიდი იმას, რომ ეს დისკუსია ასე საჯაროდ წარიმართა და ვერ მოხერხდა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ამ საკითხის შეთანხმება. ეს იყო საკითხი, რომელსაც სხვა ვერავინ ვერ შეათანხმებდა, ეს უნდა მომხდარიყო მათ შორის და საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ყოფილიყო შემდეგ იმ გადაწყვეტილების განმხორციელებელი, რომელსაც მიიღებდნენ უმაღლეს დონეზე. აქვე მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტის ყველა ვიზიტი იყო მომზადებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ყველა მათგანი ჩატარდა უმაღლეს დონეზე, შესაბამისად მე ვერ მივიღებ ასეთ ბრალდებას, რომ თითქოსდა მე ჩამეშალოს ვინმეს ვიზიტი სადმე", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ წელს, შარშანდელის გათვალისწინებით, ეს დისკუსია აღარ იქნება საჯარო.

"მე იმედი მაქვს, აღარ იქნებოდა ამ საკითხზე უთანხმოება და მოხერხდებოდა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დროულად ამ გადაწყვეტილების შეთანხმება და შემდეგ განხორციელება. თუ შარშანდელი გამოცდილებით ვიმსჯელებთ, დაახლოებით ივნისის ბოლოს ივლისის დასაწყისში ეს მოწვევა საქართველოს სახელზე უკვე მოსული უნდა ყოფილიყო და იყო საკმარისი დრო იმისათვის, რომ შიგნით გადაწყვეტილიყო ვინ წავიდოდა ნიუ-იორკში და ეს ისევ არ გახდეს საჯარო დისკუსიის საგანი. მე იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე კომენტარები შეწყდება, რადგანაც ეს აზიანებს პრემიერსაც, პრეზიდენტსაც და რაც მთავარია აზიანებს სახელმწიფოს. შარშან, როდესაც იმაზე იყო ლაპარაკი, რომ არაფრით არ შეიძლებოდა ორი დელეგაციის წასვლა საქართველოდან, ჩემი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის როლი, შემოიფარგლებოდა იმაში, რომ სწორედ ნაკლები ზიანი მიმეყენებინა ქვეყნის იმიჯისთვის და მეზრუნა იმაზე, რომ იქ არ მომხვდარიყო ორი დელეგაცია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, მას და მის მოადგილე, დავით ზალკალიანს გაერო-ში ვიზიტთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა თენგიზ ფხალაძესთან, რომელიც ფიქრობდა, რომ ქვეყნიდან ორი დელეგაცია არ უნდა წასულიყო.

"მე ვცდილობდი ჩემს კონსულტაციებში, (სხვათა შორისო ბატონ თენგიზ ფხალაძესთან მრავლად მქონდა მე ამაზე კონსულტაციები) ისევე როგორც ჩემ მოადგილე ბატონი დავით ზალკალიანი, და მე თუ მეხსიერება არ მღალატობს ბატონი თენგიზი ამ მოსაზრებას - ორი დელეგაციის იქ გაგზავნა არ შეიძლებოდა აბსოლუტურად ეთანხმებოდა. მე მიკვირს დღევანდელი მისი კომენტარი და კიდევ ერთხელ ვამბობ. ყველა ვიზიტი პრეზიდენტის იყო ჩვენი მომზადებული და ყველა ჩატარდა უმაღლეს დონეზე. მე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მეტი ვიზიტი ჰქონოდა პრეზიდენტს და რაც შეიძლება მეტი ვიზიტი ჰქონოდა პრემიერ-მინისტრს. მაგრამ, გაერო-ს გენერალურ ასაბლეაზე სახელმწიფოდან ორი დელეგაციის გაგზავნა არის არასწორი და ეს არასწორი იქნება გაისადაც, არის წელს და იყო შარშანაც", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ შარშან პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტის მომზადებაზე მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა.

როგორც თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, სირცხვილია, როდესაც იმალება პრეზიდენტის წერილები და მოწვევები.

"სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები, იმალებოდეს და არ მიდიოდეს პრეზიდენტამდე მოწვევები, არ მიდიოდეს ადრესატამდე პრეზიდენტის კორესპონდენცია და ზოგადად, იდგმებოდეს ის ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის დასუსტებისაკენ და მიიღებოდეს გადაწყვეტილებები სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე. ფაქტიურად, შარშან მოხდა, რომ მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა პრეზიდენტის ვიზიტის მომზადებაზე, ამით მახინჯ პრაქტიკას ჩაეყარა საფუძველი გადაწყვეტილებები მიღებული ყოფილიყო პრეზიდენტთან კონსულტაციების გარეშე", - განაცხადა ფხალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."