სად ისვენებდნენ და ისვენებენ საქართველოს პირველი პირები

სად ისვენებდნენ და ისვენებენ საქართველოს პირველი პირები

დასვენება ადამიანისთვის სასარგებლო და რაც მთავარია, აუცილებელია. ის ერთნაირად სჭირდება როგორც რიგით, ასევე უმაღლესი თანამდებობის პირებს. სად ისვენებდნენ და ისვენებენ ქვეყნის წამყვანი პირები, ამის შესახებ AMBEBI.GE გიამბობთ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ზვიად გამსახურდიამ პრეზიდენტობის დროს დასვენება ყაზბეგში მოახერხა. ისიც, რამდენიმე დღით, შემდეგ კი ყველასთვის ცნობილი მოვლენები დაიწყო, რაც საბოლოოდ ტრაგიკულად დასრულდა.

რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძე, მან 1992-2003 წლებში მხოლოდ ორჯერ მოახერხა ორ-ორი კვირით ლიკანში დასვენება. თუმცა იქაც მუშაობდა, რადგან საქართველოში რთული პროცესები მიმდინარეობდა. მისი დასვენება ძირითადად კვირა საღამო იყო, როცა მთავრობის კანცელარიიდან საღამოს 9 საათზე ბრუნდებოდა შინ და დროს ოჯახთან ერთად ატარებდა.

მიხეილ სააკაშვილს მოგზაურობა უყვარდა, შოპინგისა და სხვადასხვა ქვეყნებში ვოიაჟის გამო ის ხშირად ეხვეოდა სკანდალებში. გავრცელებული ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი იტალიას ანიჭებდა უპირატესობას, სადაც თავისუფალ დროს ხშირად ჩადიოდა. საქართველოში კი, ექს-პრეზიდენტი მეტწილად, შავიზღვისპირეთს სტუმრობდა, თუმცა განტვირთვისთვის ხშირად ჩადიოდა კახეთში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის საყვარელი ადგილი დუშეთია. მარგველაშვილი ოჯახთან ერთად სწორედ აქ ატარებს ძირითად დროს და სამსახურშიც დუშეთიდან დადის. პრეზიდენტს და მის მეუღლეს ეზოში ლამაზი ბაღი აქვთ და შინაური ცხოველებიც ჰყავთ.

სად დადის და დადის თუ არა დასასვენებლად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უცნობია. ინფორმაცია მისი არაოფიციალური გადაადგილების შესახებ მკაცრად არის გასაიდუმლოებული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახი ზამთრის არდადაგებზე დასასვენებლად ბაკურიანს ანიჭებს უპირატესობას, სადაც პატარა ანდრია და ნიკოლოზი ხშირად დადიან.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ძირითადად, ურეკში ისვენებს. ივანიშვილების ოჯახი მთელ ზაფხულს ურეკში ატარებს. ამბობენ, რომ მის რეზიდენციას სპეციალური სანაპირო ზოლი აქვს, სადაც უცხო პირი ვერ მოხვდება. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქმიან შეხვედრებს ზაფხულში სწორედ ურეკში მართავს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."