"დიდი წმენდა ხელისუფლებაში": ხადურს, წულუკიანსა და ბერუჩაშვილს ათავისუფლებენ?

"დიდი წმენდა ხელისუფლებაში": ხადურს, წულუკიანსა და ბერუჩაშვილს ათავისუფლებენ?

მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე ინფორმაციას გაზეთი "ალია" ავრცელებს. სტატიაში, სახელწოდებით "ხელისუფლებაში დიდი წმენდა იწყება" ნათქვამია, რომ შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საგარეო უწყების ხელმძღვანელი თამარ ბერუჩაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

"2016 წლის თებერვალში, მაშინ, როდესაც გიორგი ქადაგიძეს ვადა ამოეწურება, მის ადგილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. სავარაუდოდ, საპარლამენტო ლიდერის პოსტიდან წასვლას აპირებს დავით საგანელიძე და მას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნავენ. კოვზანაძე კი დაიკავებს იმ ახალი უწყების ხელმძღვანელის პოსტს, რომლის კანონსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საგანელიძეს კი სავარაუდოდ, გია ვოლსკი შეცვლის. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ზვიად კვაჭანტირაძეს მთის მინისტრად დანიშვნის სურვილი აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დატოვებს თამარ ბერუჩაშვილი. ამბობენ, რომ თანამდებობას დატოვებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამის შესახებ არაფერი იცის.

"უკვე მერამდენე ინფორმაციაა. არაფერი არ ვიცი ამის შესახებ", - განაცხადა დანელიამ.

კითხვაზე, იყო თუ არა მთავრობის მეთაურთან ამ თემაზე საუბარი ან საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი საუბარი არ ყოფილა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."