ამერიკელი პოლიტოლოგი - აშშ-მა საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ საქართველოს ნატო-ში შესასვლელად MAP-ი არ სჭირდება

ამერიკელი პოლიტოლოგი - აშშ-მა საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ საქართველოს ნატო-ში შესასვლელად MAP-ი არ სჭირდება

"შესანიშნავი შესაძლებლობა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების განვითარებისათვის", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკელი პოლიტოლოგი და სტრატეგიული კვლევითი ცენტრის Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი მიმოხილვას ვებგვერდ Heritage.org-ზე.

როგორც კოფი სტატიაში აღნიშნავს, 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის პენტაგონში პირველი ვიზიტი ქვეყნებს შორის უფრო ღრმა ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველი გახდება. პოლიტოლოგი წერს, რომ საქართველო აშშ-ის ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა ევროპაში.

"ევროატლანტიკურ რეგიონში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა გამოხატავს მსგავს ენთუზიაზმს ნატო-ს მიმართ, როგორც საქართველო - მიუხედავად იმისა, რომ ის ალიანსის წევრი ჯერ არ არის. ნატო-საქართველოს კავშირები ამაზე ახლო არასოდეს ყოფილა. ნატო-ს ბოლო სამიტის დროს, ალიანსმა მოიწონა "ნატო-საქართველოს პაკეტი", რომელიც საქართველოს თავდაცვით და ალიანსთან თავსებადობის შესაძლებლობებს გააძლიერებს. ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი წლის ბოლოს ვაზიანის საწვრთნელ ტერიტორიაზე დედაქალაქ თბილისთან ახლოს გაიხსნება. გასულ თვეს, საქართველომ უმასპინძლა ნატო-ს სამხედრო სწავლება Agile Spirit-ს, რომელშიც ბულგარეთიდან, საქართველოდან, ლატვიიდან, ლიტვიდან და რუმინეთიდან 250-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა", - წერს ლუკ კოფი.

იგი ასევე აღნიშნავს სხვა წვრთნების შესახებ, რომელშიც საქართველომ მონაწილეობა მიიღო და ასევე ავღანეთის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობას. ამერიკელი ანალიტიკოსი რუსეთის დაუსრულებელ აგრესიაზეც საუბრობს.

"რუსეთი სამხრეთ კავკასიას მიიჩნევს, როგორც მისი გავლენის ბუნებრივ სფეროს და მზადაა რეგიონში გავლენისთვის საჭიროების შემთხვევაში ძალა გამოიყენოს. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთი შეიჭრა საქართველოში, და თბილისს 15 მილის დაშორებით მიუახლოვდა. შვიდი წლის შემდეგ, რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო განაგრძობს საქართველოს ორი რეგიონის - ე.წ.სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებას, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს. 2015 წლის 16 ივლისის შემდეგ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხოების ძალები იმ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ღობეს სწევენ, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონ სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს ჰყოფს - და საქართველოს უფრო მეტ ტერიტორიას აქცევენ რუსეთის კონტროლქვეშ. ბოლო მსგავსი ინციდენტი 10 აგვისტოს მოხდა", - წერს ლუკ კოფი.

იგი ასევე ახსენებს რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან "ინტეგრაციის ხელშეკრულებების" გაფორმებას. ამერიკელი პოლიტოლოგი საქართველოს მიერ ნატო-სკენ მიმავალ გრძელ გზაზეც წერს:

"2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ნატო-ს წევრობას დაჰპირდნენ. მას შემდეგ, ალიანსის ყველა წევრს მხარდაჭერა არ გამოუჩენია. ეს განსაკუთრებით სიმართლეს წარმოადგენს ნატო-ს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც უხერხულად ახლო კავშირები აქვთ რუსეთთან. ნატო-ს ზოგიერთი წევრი ქვეყანა შეშფოთებულია, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლა გამოიწვევს ავტომატურად ომს რუსეთთან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის".

ლუკ კოფის თქმით, ნატო-ს ბოლო ორი სამიტის დროს, საქართველო იმედოვნებდა, რომ მიიღებდა "გაწევრიანების სამოქმედო გეგმას" (MAP-ს), მაგრამ ასე არ მოხდა. "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის არ სჭირდება MAP-ი, რუსეთი საქართველოს გამუდმებულ მარცხს მოიპოვოს MAP-ი ნატო-სგან, იყენებს, როგორც პროპაგანდის გამარჯვებად", - აღნიშნავს ლუკ კოფი.

ამერიკელი პოლიტოლოგი საქართველოს ტრანსატლანტიკურ გზაზე აშშ-ის როლზე საუბრობს: "აშშ-მა უნდა გამოიყენოს ხიდაშელის ვიზიტი იმისათვის, რომ აღიაროს საქართველოს მიერ ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი.

-აშშ უნდა დაეხმაროს საქართველოს დაიცვას საკუთარი თავი. თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი. აშშ-მა უნდა მიჰყიდოს თავდაცვითი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება - როგორიცაა FGM-148 ჟაველინ, და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება საქართველოს. საქართველო რუსეთის მხრიდან აგრესიის მუდმივი საფრთხის ქვეშაა.

- საჯაროდ განაცხადოს, რომ "გაწევრიანების სამოქმედო გეგმა" (MAP-ი), არ არის აუცილებელი ალიანსში გასაწევრიანებლად. 2016 წლის ივლისში პოლონეთში დაგეგმილ ნატო-ს მომავალ სამიტამდე, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ და თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა საჯაროდ უნდა განაცხადონ, რომ საქართველოს არ სჭირდება MAP-ი ნატო-ში შესასვლელად.

- აშშ უფრო მკაფიო უნდა იყოს საქართველოს მომავალ გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 2008 წელს ალიანსი საქართველოს დაჰპირდა გაწევრიანებას. ეს ნატო-ს ყველა სამიტზე დადასტურდა. აშშ-მა უნდა განაცხადოს მკაფიოდ, რომ საქართველოს პოლიტიკური წვლილი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში, მის მიერ "წლიური ეროვნული პროგრამების" წარმატებით შესრულება, და ნატო-საქართველოს კომისია საქართველოს დაეხმარება მიახლოვდეს გაწევრიანების ეტაპს.

- გაზარდოს მრავალმხრივი და ორმხრივი წვრთნები საქართველოში. რაც უფრო მეტად ფრიალებს აშშ-ის და ნატო-ს დროშები საქართველოში, მით უფრო მეტად იზრუნებს ქართველი ხალხი ტრანსატლანტიკურ სივრცეში მიმავალი გზა შეინარჩუნოს. სამხედრო წვრთნები ამერიკისა და ნატო-ს მხარდაჭერის ყველაზე ნათელი ნიშანია.

- რუსეთის სამხედროების ყოფნას უწოდოს ოკუპაცია. აშშ-მა უნდა გააგრძელოს მაღალი დონის განცხადებების გაკეთება და ათასობით რუსი სამხედროს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ყოფნას უწოდოს ოკუპაცია. ამასთან, აშშ-მა უნდა უბიძგოს უფრო მეტ ევროპულ ქვეყანას იგივეს გაკეთებისკენ, ვინაიდან მათი დიდი ნაწილი რეალობას საჯაროდ არ აღიარებს.

- გაზარდოს ეკონომიკური სანქციები, თუ რუსეთის მიერ აფხაზეთის ან ე.წ.სამხრეთ ოსეთის ანექსია მოხდება. აშშ-მა უფრო მკაფიოდ უნდა მიახვედროს რუსეთს, რომ ოკუპირებული რეგიონების ანექსია გამოიწვევს უფრო ძლიერ ეკონომიკურ სანქციებს, რომელიც მიმართული იქნება წამყვანი რუსი მაღალჩინოსნების მიმართ. ამის მოსამზადებლად აშშ-მა უნდა დაიწყოს სტრატეგიის განვითარება ევროპელ პარტნიორებთან ერთად".

ლუკ კოფი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია სერიოზული თავდაცვითი რეფორმების განხორციელება და უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობა იმაზე მეტად, ვიდრე ნატო-ს ბევრ წევრს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."