პრემიერი გაერო-ში ვიზიტზე, სამთავრობო ცვლილებასა და ლობისტურ კომპანიებზე

პრემიერი გაერო-ში ვიზიტზე, სამთავრობო ცვლილებასა და ლობისტურ კომპანიებზე

გაერო-ში გამგზავრებასთან დაკავშირებით წამოსული სპეკულაციები აბსოლუტურად გაუგებარია და შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს სურვილი, წავიდეს ნიუ-იორკში ან სხვა ქვეყანაში, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება.

"ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ყველას მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს ქმედებებზე. გაერო-შიც და ნებისმიერ სხვა ადგილზე, სადაც მივდივარ, მივდივარ საქმის გასაკეთებლად და არა - დასათვალიერებლად. პრემიერობამდეც ხშირად ვყოფილვარ ნიუ-იორკში და ეს არ არის ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული მიზეზი, მაგრამ როცა სჭირდება სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ. თუ ვინმეს აქვს სურვილი, წავიდეს ნიუ-იორკში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და რაიმე სხვა სპეკულაციებზე არ მსურს კომენტარის გაკეთება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კი, მიმდინარე წლის ივლისში ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ნიუ იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე - "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება" მიიწვია, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და მიწვევას დათანხმდა.

ღარიბაშვილი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება.

"არავითარი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან არაფერს ვგეგმავთ ამ ეტაპზე. თუ რამეს გადავწყვეტთ, თქვენს გარეშე არ გავაკეთებთ", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა.

მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე ინფორმაციას გაზეთი "ალია" ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საგარეო უწყების ხელმძღვალი თამარ ბერუჩაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

"2016 წლის თებერვალში, მაშინ, როდესაც გიორგი ქადაგიძეს ვადა ამოეწურება მის ადგილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. სავარაუდოდ, საპარლამენტო ლიდერის პოსტიდან წასვლას აპირებს დავით საგანელიძე და მას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნავენ. კოვზანაძე კი დაიკავებს იმ ახალი უწყების ხელმძღვანელის პოსტს, რომლის კანონსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საგანელიძეს კი სავარაუდოდ, გია ვოლსკი შეცვლის. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ზვიად კვაჭანტირაძეს მთის მინისტრად დანიშვნის სურვილი აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დატოვებს თამარ ბერუჩაშვილი. ამბობენ, რომ თანამდებობას დატოვებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პრემიერმა ლობისტური კომენიების დაქირავების შესახებაც ისაუბრა.

საქართველოს მთავრობა უკვე მესამე წელია, აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ყოველგვარი საიდუმლო გრიფის გარეშე ქირაობს ლობისტურ კომპანიებს, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ლობისტურ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები აბსოლუტურად ღიაა და მასში ასახულია ყველა სამუშაო, რასაც ეს კომპანიები წევენ საქართველოსთვის.

"ლობისტური კომპანიის დაქირავებასთან დაკავშირებით ახალი არაფერია. ჩვენი მთავრობა უკვე მესამე წელია, აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ყოველგვარი საიდუმლო გრიფის გარეშე აფორმებს ხელშეკრულებებს ლობისტურ კომპანიებთან. ჩვენ მართლაც მიზერულ თანხებს ვიხდით მათ დაქირავებაში და შეადგენს თვეში 50 ათას დოლარს, თუ არ ვცდები. ეს დოკუმენტები არის საჯარო და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ისინი, იხილოთ ის სამუშაოები, რომელსაც ეს კომპანიები წევენ", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის აპრილში ამერიკულ კომპანია Pitlsbury Winthrop Shaw Pittman LLP-სა და საქართველოს მთავრობას შორის კონტრაქტი გაფორმდა. კონტრაქტს ვადა 2015 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 31 მარტამდე აქვს.

კონტრაქტის მიხედვით, ამერიკული კომპანია საქართველოს მთავრობას დაეხმარება სხვადასხვა ღონისძიების, მათ შორის Silk Road Forum-სა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის მზადების პროცესში. იგი ასევე დაეხმარება საქართველოს მთავრობას პრესრელიზების, წერილებისა და სიტყვით გამოსვლების ტექსტების მომზადებაში. ამერიკული კომპანია უზრუნველყოფს მედიასტრატეგიის განვითარებას და რეგულარულ კონსულტაციებს ადმინისტრაციის თანამშრომლებთან სტრატეგიების და ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლის, კონგრესის და სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან კავშირების გაღრმავების პროცესში. კომპანია უზრუნველყოფს სტრატეგიულ რჩევებს საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიური კავშირებისა და საერთაშორისო დონის საკითხების კუთხით. ამერიკული კომპანია უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამას საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის, მათ საქართველოში ვიზიტს და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა ნახონ მთავრობის პროგრესი ადგილზევე. კონტრაქტის ფარგლებში საქართველოს მთავრობა ვალდებულია, ყოველთვიურად გადაიხადოს 50 000 დოლარის ოდენობის თანხა. კონტრაქტს ქართული მხრიდან ხელს აწერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

იხილეთ ასევე: ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ პროცესებში მთავრობის მონაწილეობაზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."