ვახუშტი მენაბდე - უხერხულია, რომ ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ვერ დაადგინეს, ვის კომპეტენციაში რა შედის

ვახუშტი მენაბდე - უხერხულია, რომ ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ვერ დაადგინეს, ვის კომპეტენციაში რა შედის

უხერხულია, რომ ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ვერ დაადგინეს, ვის კომპეტენციაში რა შედის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ გაერო-ში საქართველოს დელეგაციის გამგზავრების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისი შეფასებით, უკვე მერამდენედ, ეს თემა ისეა წამოწეული, რომ შეთანხმება ვერ იქნა მიიღწეული. კონსტიტუციონალისტის მოსაზრებით, ეს არის ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა და არა ის, ვინ წავა გაერო-ში.

როგორც ვახუშტი მენაბდე განმარტავს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის ქვეყნის პირველი პირი და საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანას წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობებში. პრემიერთან დაკავშირებით კი კონსტიტუცია ამბობს, რომ პრემიერი და მთავრობა ქვეყანას წარმოადგენენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

"ორი რამ არის მნიშვნელოვანი. ერთი, რომ პრეზიდენტს წარმომადგენლობის უნივერსალური კომპეტენცია გააჩნია. მას შეუძლია ნებისმიერ საკითხზე წარმოადგინოს ქვეყანა. ხოლო, პრემიერს და მთავრობას შეზღუდული უფლებამოსილება გააჩნია. მათ მხოლოდ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, და არა უნივერსალურად შეუძლიათ წარმოადგინონ ქვეყანა. რაც შეეხება მეორე საკითხს, პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პირია. შესაბამისად, ის არის უმაღლესი თანმადებობის პირი, ვისაც ქვეყნის წარმომადგენლობის შესაძლებლობა გააჩნია კომპეტენციის მიხედვით, განსხვავებით პრემიერისგან. თუ ჩვენ ამ ყველაფერს გავაანალიზებთ, რა თქმა უნდა, უპირატესობა საქართველოს პრეზიდენტს აქვს. უფლებამოსილება ორივეს აქვს. პრემიერმაც რომ წარმოადგინოს ქვეყანა, ეს არ იქნება ნაკლოვანი წარმომადგენლობა, მაგრამ, თუ პრეზიდენტსაც აქვს ამის სურვილი, მაშინ უპირატესობა და პრივილეგია კონსტიტუციის მიხედვით, ჩემი აზრით, სწორი ინტერპრეტაცია იქნება, თუ მიენიჭება საქართველოს პრეზიდენტს", - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

რაც შეეხება გერმანიის მაგალითთან დაკავშირებით, უმრავლესობის წარმომადგენლის, გია ვოლსკის მოსაზრებას, ვახუშტი მენაბდის თქმით, გერმანიის შემთხვევაზე საუბარი არარელევანტურია. მისი განმარტებით, გერმანიაში სხვა კონსტიტუციური წესრიგია და საქართველოსგან განსხვავებით, გერმანია საპარლამენტო რესპუბლიკაა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."