"როცა სააკაშვილის ყოფილი მეგობარი ბრუნდება მოსკოვიდან, რაღაც საშინელება ხდება" - როგორ პასუხობს ხიდაშელის ამ ბრალდებას ბურჯანაძის პრესმდივანი

"როცა სააკაშვილის ყოფილი მეგობარი ბრუნდება მოსკოვიდან, რაღაც საშინელება ხდება" - როგორ პასუხობს ხიდაშელის ამ ბრალდებას ბურჯანაძის პრესმდივანი

საქართველოში რუსეთის გავლენა მხოლოდ მცოცავ ანექსიაში არ გამოიხატება, რუსეთის გავლენა იზრდება სხვა კუთხითაც, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა "ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"რუსეთის გავლენა იზრდება სხვა კუთხითაც - მაგალითად, სოკოებივით მრავლდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, ხალხი, რომელთა შესახებაც არავის სმენია, გამოდიან ტელევიზიით, აძლევენ ინტერვიუებს და შემდეგ ხდებიან ექსპერტები, რომელთაც მაღალი ანაზღაურება აქვთ. ჩვენ ასევე ვხედავთ გავლენას ქართულ მედიაზე. ჯერ კიდევ რთულია, ვთქვათ 100-პროცენტიანი დარწმუნებით, რომ რუსეთი უხდის მათ, თუმცა ვხედავთ, რომ განწყობა იცვლება. ასევე ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ოფიციალურად და საჯაროდ არიან პრორუსულები", - აღნიშნა ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახსენა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც. "პარლამენტის ყოფილი სპიკერი და სააკაშვილის ყოფილი მეგობარი ჩადის მოსკოვში, ხვდება პუტინს. არავინ იცის რაზე საუბრობენ ისინი, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ის ჩადის მოსკოვში და ბრუნდება შემდეგ უკან, საქართველოში რაღაც საშინელება ხდება. მაგალითად, სამხრეთ ოსეთში ე.წ საზღვრის გადმოწევის ბოლო შემთხვევა, რომელიც სწორედ მისი მოსკოვიდან დაბრუნების მეორე დღეს მოხდა".

ძალიან სასაცილოა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" თანადამფუძნებლის, ლევან ბერძენიშვილის პარტიის წევრი თინა ხიდაშელი საკუთარ განცხადებებში ვერ ყალიბდება, - ასე უპასუხა "დემოკრატიული მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაკურ ბაკურაძემ თინა ხიდაშელის დღევანდელი განცხადებებას.

მისი თქმით, ხიდაშელს, დავით უსუფაშვილსა და "ქართული ოცნების" მთავრობას უნდა ჰქონდეთ გააზრებული - ქვეყნის პრობლემები უკავშირდება სწორედ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ელაპარაკება რუსეთის ხელისუფლებას.

"ძალიან სასაცილოა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" თანადამფუძნებლის და ყოფილი თანათავმჯდომარის, ლევან ბერძენიშვილის პარტიის წევრი თინა ხიდაშელი ვერ ყალიბდება საკუთარ განცხადებებში, თუმცა არ იქნებოდა ცუდი, რომ ჩამოყალიბებულიყო. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს, ამას საზოგადოება გადაწყვეტს, თუ რას რა მოყვება. აქვთ თანამდებობა ქალბატონ ხიდაშელს, აქვს კიდევ უფრო დიდი თანამდებობა ბატონ დავით უსუფაშვილს, ჩაბრძანდნენ და დაელაპარაკნონ რუსეთის ხელისუფლებას, მათ ამაში თანამდებობა და რანგიც უწყობთ ხელს. ხელისუფლებაში ყოფნა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ცოლსაც და ქმარსაც უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ საქართველოს პრობლემები უკავშირდება სწორედ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ელაპარაკება რუსეთის ხელისუფლებას, არ მართავს მათთან ფართომასშტაბიან მოლაპარაკებებს", - განაცხადა ბაკურაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრი არ არის არც არასამთავრობო ორგანიზაციის, არც ოპოზიციის წარმომადგენელი და მის განცხადებებს მეტი თანმიმდევრულობა და დაკვირვება სჭირდება.

"როდესაც საკუთარ თავზე იმხელა პასუხისმგებლობას იღებ, როგორც ქალბატონ თინას და ბატონ დავითს აქვთ აღებული, "ქართული ოცნების" მთავრობის წევრებთან ერთად, უნდა ჰქონდეთ კარგად გააზრებული, რომ პრობლემები გვარდება ორი სახით - ძალისმიერი მეთოდით და მოლაპარაკების გზით. თუ ძალისმიერი მეთოდით შეუძლია თავდაცვის მინისტრს ეს პრობლემები მოაგვაროს, მოაგვაროს და თუ არ შეუძლია, მაშინ დაიწყოს დროულად მოლაპარაკებები პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამის რესურსი ნამდვილად არის და ამის შესახებ არაერთხელ განუცხადებია ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, მათ შორის ბოლო ვიზიტის შემდეგ, როდესაც კვირეების მანძილზე ელოდება საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების ზარს მოლაპარაკებების შედეგების და იმ თანხმობების გადასაცემად, რასაც მან ვიზიტის შედეგად მიაღწია", - აღნიშნა ბაკურაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."