ჯეიმს აპატურაი ე.წ. საზღვრების გადმოწევაზე

ჯეიმს აპატურაი ე.წ. საზღვრების გადმოწევაზე

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ რუსეთის დახმარებით ხდება ე.წ. საზღვრების გადმოწევა. ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც საოკუპაციო ზოლთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

"ყოველდღე ადამიანები მწარე რეალობის წინაშე არიან. იღვიძებენ დილას და აღმოჩნდება, რომ ე.წ. საზღვარი სახლთან არის უკვე გავლებული, დაკარგეს მიწა, ძალიან რთულ ვითარებაში არიან. ვიცით და გვესმის, რომ ეს უმძიმესია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს, ვგმობთ, ვამბობთ, რომ არ ვცნობთ და ვაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას. არა მარტო უკრაინის გამო გვსურს ზეწოლა რუსეთზე, არამედ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო", - განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, მისასალმებელია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში და მისი უშუალოდ საოკუპაციო ხაზთან მისვლა.

ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ ალიანსის წევრები მიესალმებიან ჟენევის მოლაპარაკებებს.

"როდესაც რუსეთი აკეთებს ყველაფერს, მოლაპარაკებები გართულდეს, მივესალმებით საქართველოს მცდელობას, მიუხედავად იმისა, რომ წარმატების შანსები ლიმიტირებულია. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმის, რომ საქართველო მიდის თანმიმდევრულად ამ მძიმე გზაზე", - განაცხადა აპატურაიმ.

რაც შეეხება კითხვას, როგორ უყურებს ნატო აბაშიძე-კარასინის ფორმატს და რამდენად ხშირია კონტაქტი ალიანსსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აპატურაიმ განაცხადა, რომ დიდი ინტერესით ეცნობიან ქართული მხარისგან მიღებულ ინფორმაციებს.

"ჩვენ დიდი ინტერესით ვეცნობით იმ ინფორმაციებს, რომელსაც ჩვენი მეგობრები გვიგზავნიან დაწყებული პრეზიდენტით, პრემიერ-მინისტრით, მინისტრებით, ელჩით... დიალოგის ყველა მიმართულებით გვაწვდიან უახლეს ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ ამ საკითხს გენერალური მდივანი განიხილავს თბილისშიც. გენერალური მდივანი უსაფრთხოების საკითხებთან კავშირში მყოფ თითქმის მთელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს შეხვდება. მე ასევე დარწმუნებული ვარ, გენმდივანი მოუწოდებს საქართველოს, რომ ეს გზა გაარძელოს", - განაცხადა აპატურაიმ.

რაც შეეხება კარასინი - აბაშიძის შეხვედრების ფორმატს, აპატურაის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ყველა იზიარებს იმ აზრს, რომ დიალოგი არის საუკეთესო გზა და ალტერნატივა არ აქვს, "თუნდაც იმ შემთხვევაში რომ ამ ეტაპზე წინსვლას ვერ ვხედავთ, მაგრამ შესაძლოა დიალოგი გახდეს წინაპირობა იმის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური პროცესები".

"ძალიან რთულია იმის თქმა, ამ დიალოგით პროცესი უკან მიდის თუ არა. მაგრამ აქ მთავარია, რომ მცდელობა ყველაფრის, რასაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა აკეთებს და გულახდილად რომ ვთქვათ, აკეთებდა და სურდა ყოფილ ხელისუფლებას, არის ერთადერთი ლოგიკური გზა. ალიანსი გააგრძელებს დიალოგის მხარდაჭერას. თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ფორმატი უშედეგოა, არ არის პროდუქტიული, ზიანის მომტანია და აუცილებელია შეწყვეტა, ეს საქართველოს არჩევანი იქნება და ჩვენ დავინტერესდებით, თუ რა ლოგიკა იქნება ამ გადაწყვეტილების უკან. მაგრამ ახლა, ამ დროისთვის, ალიანსის წევრებს შორის კონსესუსია თემაზე, მიდგომაზე - ვცადოთ ყველაფერი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშესახები შედეგი არ გვაქვს, მაგრამ შესაძლოა მოვლენების ნეგატიურად განვითარება აგვაცილოს", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."