საგარეო უწყების განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარების შემოყვანაზე

საგარეო უწყების განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარების შემოყვანაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ სარკინიგზო ჯარების შემოყვანის თაობაზე, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2015 წლის აგვისტოს დასაწყისში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოჩამჩირე-ენგურის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების საბაბით სარკინიგზო ჯარები შეიყვანა.

"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ხასიათის ქმედებები. ნიშანდობლივია, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ინტერვენციამდე, რუსეთმა ასევე უკანონოდ დაიწყო აფხაზეთის რეგიონში რკინიგზის მონაკვეთის აღდგენა და საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარები შემოიყვანა, რაც შემდგომში ეფექტურად გამოიყენა საჯარისო ნაწილებისა და ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის სამხედრო მოქმედებების დროს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის მორიგ აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებას და კატეგორიულად მოითხოვს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული უკანონო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას და ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უკანონო პოლიტიკას და მიიღოს ზომები, რათა არ დაუშვას რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."