"განსაკუთრებული არაფერი ხდება" - როგორ აღიქვამს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებულ პროცესებს

"განსაკუთრებული არაფერი ხდება" - როგორ აღიქვამს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებულ პროცესებს

ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პრემიერი ღარიბაშვილი "აბსოლუტურად გამოკვეთილ სპეკულაციას და აჟიოტაჟს" უწოდებს [მეტი]. შექმნილ ვითარებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ვერც მთავრობის ეკონომიკური გუნდი.

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით, განსაკუთრებული არაფერი ხდება. მინისტრი ყველას მოუწოდებს სიმშვიდე შეინარჩუნოს. ამის შესახებ, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ვფიქრობთ, რომ ლართან მიმართებაში, ის, რაც ჩვენს შიდა ეკონომიკურ სიტუაციას ეხება, ანუ მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით, ეკონომიკური გარე შოკის შედეგები, არის აბსოლუტურად დაბალანსებული. დღესდღეობით, მე შემიძლია ვთქვა, რომ აგვისტოს შუა რიცხვების მონაცემებით, იმპორტის შემცირებამ მთლიანად გადააბალანსა ექსპორტის შემცირება და ფულადი გზავნილების კლება. რიცხვებში შემიძლია ვთქვა, 332 მილიონი დოლარის დადებითი მაჩვენებელი არის იმპორტის შემცირებიდან, ანუ 332 მილიონი დოლარით ნაკლები გავიდა ქვეყნიდან ჯამში. თვითონ ფულადი გზავნილების შემცირებას რაც შეეხება, იყო მხოლოდ და მხოლოდ 202 მილიონი დოლარი და ის მთლიანად ამით არის გადაბალანსებული. რაც შეეხება პრივატიზაციას, 110 მილიონ ლარზე მეტია შემოსული პრივატიზაციიდან", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ბაზრის ის მოთამაშეები, ვინც "აჟიოტაჟურ ქცევებში ჩაერთვებიან, ან მიიღებენ სპეკულაციური ტიპის ტრანზაქციებში მონაწილეობას, აუცილებლად წაგებული დარჩებიან".

"გამომდინარე სახელმწიფო საწარმოების ანგარიშზე არსებული სადოლარე ნაშთებიდან, რომელიც თანდათან გამოვა ბაზარზე, ასევე გამომდინარე იქნედან, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად, გავიარეთ ჩვენ ფულის მიმოქცევა უახლოესი დღეების განმავლობაში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც გუშინ ხდებოდა ბაზარზე, არის მხოლოდ და მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი. არანაირი კავშირი ამას არ აქვს, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, იმ საგარეო მოვლენებთან, რაც გუშინ მოხდა. კონკრეტულად, საუბარი მაქვს ჩინეთის საფონდო ბაზრის დაცემაზე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არაფერი განსაკუთრებული გუშინ ჩვენს ბაზარზე არ მომხდარა. მაკროეკონომიკური პარამეტრები ამ ეტაპზე არის ჯანსაღი და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სიტუაცია გამოსწორებას ძალიან მარტივად ექვემდებარება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ბაზარზე ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ლარის კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. ამის შესახებ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით იანვარ-ივლისში ქვეყანაში შემოსულია 81 მილიონი დოლარით მეტი საბიუჯეტო დახმარება, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტს გადახდილი აქვს კრედიტები. ხადურის თქმით, ამაში არ შედის საინვესტიციო კრედიტები, რომელსაც საქართველო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით იღებს.

"წლის ბოლომდე ველოდებით დამატებით 110 მილიონ დოლარს, ანუ წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიონი დოლარით მეტი შემოვა სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით, ვიდრე ჩვენ გადავიხდით. გარდა ამისა, მიმდინარე წელს საბიუჯეტო ხარჯვა არის უპრეცენდენტოდ თანაბარი. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ კომერციულ ბანკებსაც და ყოველთვიურად განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის დროებითი მოვლენა. ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. ამაში ღრმად ვარ დარმწუნებული", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციები არც აქამდე და არც ამის შემდეგ არანაირ გავლენას არ იქონიებს გაცვლითი კურსის გაუარესებაზე. ხადურის განცხადებით, პირიქით, ეს შემაკავებელი ფაქტორიცაა, ვინაიდან ეროვნული ბანკის ანგარიშზე ხაზინაში დაგროვილია 700 მილიონ ლარზე მეტი დეპოზიტები. ამის გარდა, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, წლის ბოლომდე მთავრობა ვარაუდობს, რომ დაახლოებით მილიარდი ლარი ექნება შემოსავალი, რომელსაც არ დახარჯავს და ბაზარს არ დააწვება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."