პოლიტიკური ქორწინებები საქართველოს ისტორიაში - სახელმწიფო ინტერესებს შეწირული პირადი ცხოვრება

პოლიტიკური ქორწინებები საქართველოს ისტორიაში - სახელმწიფო ინტერესებს შეწირული პირადი ცხოვრება

საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის პირველ პირები, ანუ მეფეები პირადზე მაღლა სახელმწიფო ინეტერესებს აყენებდნენ. ქართველი მეფეების შეუღლება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული, მათ ცოლად მოჰყავდათ იმ სახელმწიფოთა მმართველების ქალიშვილები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო მოკავშირე იყვნენ. პირად ცხოვრებაში მეფეების მსგავს ბედს იზიარებდნენ მათი შვილებიც. პოლიტიკური ქორწინებების ტიპებზე და მაგალითებზე AMBEBI.GE ისტორიკოსს დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.

დიმიტრი შველიძე:

- შუა საუკუნეებში პოლიტიკური ქორწინებები სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს ასახავდა. ეს ურთიერთობები სხვადასხვანაირი იყო, მაგალითად თანასწორ სახელმწიფოთა შორის თანასწორუფლებიანი ურთიერთობები არსებობდა და ა.შ. ამ ურთიერთობების მიხედვით, პოლიტიკურ შეუღლებებსაც სხვადასხვანაირი ხასიათი ჰქონდა.

დავით მეექვსე ნარინი და ბიზანტიის იმპერატორის ასული

არსებობს პოლიტიკური შეუღლების თანასწორუფლებიანი სახე, მაშინ როდესაც ორი დაახლოებით ერთი ძალის სახელმწიფო უკავშირდებოდა ერთმანეთს. მაგალითად, ასეთი შემთხვევა იყო, როცა დავით მეექვსე ნარინმა ცოლად მოიყვანა ბიზანტიის იმპერატორის, მიხეილ მერვე პალეოლოგოსის ასული. დასავლეთ საქართველოს დედოფალი ბიზანტიის იმპერატორის ქალიშვილი გახდა. ბიზანტიის იმპერია მაშინ ერთ-ერთი ავტორიტეტული სახელმწიფო იყო და როდესაც მისი იმპერატორის ქალიშვილი ქართველებმა წამოიყვანეს, ეს იმას ნიშნავდა, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს სერიოზული წონა გააჩნდა.

გიორგი მერვის ასული და ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე

ამ ტიპის ქორწინების მეორე მაგალითი მართალია არ შედგა, მაგრამ სიმბოლური ის იყო, რომ ორი ძლიერი სახელმწიფო ერთმანეთს უნდა დაკავშირებოდა. გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მერვის ქალიშვილი ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე მეთერთმეტემ დანიშნა. 1453 წელს, კონსტანტინეპოლი თურქებმა აიღეს, ბიზანტიის იმპერია დაეცა, ჩვენი სასიძო კონსტანტინეპოლის ქუჩის ბრძოლებში დაიღუპა და ქორწინება არ შედგა, სიმბოლური კიდევ იმიტომ იყო, რომ ბიზანტიაც დაემხო, როგორც სახელმწიფო და საქართველო გიორგი მერვის მერე სამეფო-სამთავროებად დაიშალა.

თამარ მეფე და მისი მეუღლეები

პოლიტიკურ შეუღლებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და როდესაც საქართველოს ტახტზე ქალი აღმოჩნდა, ეს არაორდინალური მოვლენა იყო. თამარს მემკვიდრეც უნდა ჰყოლოდა, ამიტომ მისი გათხოვების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამაზე დარბაზი შეიკრიბა. მათ უნდა შეერჩიათ მეფისთვის სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი ქმრად. თამარს ძალიან ბევრი მთხოვნელი ჰყავდა, ერთ-ერთი იყო ბიზანტიის იმპერატორის მანუელ პირველის ვაჟი, თუმცა მას უარი უთხრეს, მეორე იყო ანტიოქიის სამთავროს მთავრის შვილი, ასევე იყო რუმის სულთნის, ყიზილ არსლანის ვაჟი, რომელიც თამარზე შეყვარებული იყო და მაჰმადიანობის უარყოფასაც აპირებდა, მაგრამ ყიზილ არსლანმა დაიჭირა თავისი ვაჟი და საქართველოში არ გამოუშვა.

საინტერესოა, რატომ ეუბნებოდნენ მათ უარს? იმიტომ, რომ როდესაც თამარის მეუღლე ძლიერი სახელმწიფოს წარმომადგენელი იქნებოდა, ის საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევას მოითხოვდა და ეს ქართველებს არ უნდოდათ, ამიტომ თამარისთვის ისეთი ქმარი უნდა აერჩიათ, რომელიც საშინაო საქმეებში ვერ ჩაერეოდა და იქნებოდა უბრალოდ ქმარი. ასეთი იყო რუსული სამთავროს, ვლადიმირ-სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლუბსკის შვილი გიორგი რუსი, რომელიც შეხიზნული იყო ჩრდილოკავკასიაში. თამარი მასზე გაათხოვეს, მაგრამ ეს ქორწინება ცუდად დამთავრდა, რადგან გიორი რუსი ავადმყოფი და ლოთი აღმოჩნდა. ამიტომ ის გაუშვეს და თამარი მეორედ ყმადნაფიცი სახელმწიფოს, ოსთა სამეფოს წარმომადგენელ დავით სოსლანზე გაათხოვეს, რომელთან ქორწინებამაც ბოლომდე გასტანა.

ლაშა-გიორგი და ველისციხელი ქალი

როდესაც საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყო, მაშინ ქართველ მეფეებს ქართველი ქალის ცოლად მოყვანა აკრძალული ჰქონდათ. ეს წესი დაარღვია მეფე გიორგი მეოთხემ, ანუ ლაშა-გიორგიმ. მას შეუყვარდა ველისციხელი ქალი და იქიდან წამოიყვანა სასახლეში, თუმცა კათალიკოს-პატრიარქმა ქორწინება უკანონოდ ცნო და ველისციხელი ქალი თავის ქმარს დაუბრუნეს, მეფე თავისი სიყვარულის ერთგული დარჩა და სიცოცხლის ბოლომდე სხვა ცოლი არ მოუყვანია.

სიუზერენულ-ვასალური ტიპის ქორწინებები

ამ ტიპის ქორწინებებში შედის ისეთი პოლიტიკური შეუღლებები, როდესაც ერთი სახელმწიფო ძლიერია, მბრძანებელია, მეორე კი მისი ვასალი ხდება. ძლიერების ზენიტში მყოფ საქართველოს ბევრი ვასალური სახელმწიფო ჰყავდა. ასეთი ტიპის ქორწინება იყო მაგალითად დავით მეოთხე აღმაშენებლის ასულისა და ყმადნაფიცი სახელმწიფოს შირვანის შაჰის მანუჩეკ მეორეს შეუღლება. ასევე, მეფე დემეტრე პირველმა თავისი ქალიშვილი ვასალური ქვეყნის, დარუბანდის სულთანს აბუ მუზაფარს მიათხოვა.

დავით აღმაშენებელი და მისი ცოლები

დავითის პირველი ცოლის შესახებ ცნობილი ბევრი არაფერია, მისი მეორე ქორწინება კი პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. მეზობელი ქვეყნების დაპყრობის შემდეგ მეფეს დიდი ჯარი სჭირდებოდა, ამიტომ როდესაც საქართველოში ყივჩაღები ჩამოასახლა, მათი ბელადის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი მოიყვანა ცოლად. შეიძლება მეფეს სულაც არ მოსწონდა ეს ქალი, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრებით ასე იყო საჭირო. დავითი წინ სახელმწიფოს ინტერესებს აყენებდა, ამიტომ მოიყვანა ცოლად ყივჩაღის ქალი. რაც შეეხება პირველ ცოლს რუსუდანს, ის მონაზვნად აღიკვეცა. როცა საქართველო ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაიშალა და დასუსტდა, ახლა უკვე მეფე-მთავრებს ისევ ქართველი მეფე-მთავრების ქალები მოჰყავდათ მეუღლეებად.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."