"რომ არა ბიძინა ივანიშვილის კურსელობა, დეპუტატი არ ვიქნებოდი" - მეჭიაური "ოცნების" შეცდომებზე

"რომ არა ბიძინა ივანიშვილის კურსელობა, დეპუტატი არ ვიქნებოდი" - მეჭიაური "ოცნების" შეცდომებზე

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან 3 წელი გავიდა. განვლილი პერიოდის შეფასება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, თამაზ მეჭიაურს ვთხოვეთ:

- ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ განვლილი 3 წლის მანძილზე, პლიუსი მეტია, ვიდრე მინუსი. პლიუსია ის, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ადამიანებმა გაიხსენეს თავისუფლების გემო, რომელიც დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, ესაა მთავარი მონაპოვარი. დიდი წარმატებებია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მასმედიის თავისუფლების კუთხით და სხვა. დიდი რეფორმა მოხდა ჯანდაცვაში, ბრწყინვალე იყო სადაზღვევო პროგრამა, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. მნიშვნელოვანი იყო უფასო სახელმძღვანელოები, უფასო ფაკულტეტები.

- მინუსებზე რა შეგიძლით თქვათ?

- არ მოხდა ცვლილება იმ დონით, როგორც გვინდოდა. მინუსია დღეს არსებული ვალუტის კურსიც. კი, შეიძლება, ამ ყველაფერში საგარეო ფაქტორი ძალიან დიდია, მაგრამ იყო რეზერვები, რომლითაც შედარებით უკეთესი მდგომარეობის შენარჩუნება შეიძლებოდა.

- თქვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო კომუნალური გადასახადების შემცირება, თუმცა მოხდა პირიქით...

- რა თქმა უნდა, ესეც მინუსია, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ამაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ვალუტის კურსმა.

- პრემიების თემა თუ იყო "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მინუსი?

- ამას მინუსს ვერ დავარქმევდი, რადგან პრემიები გაუქმებულია. პრემიები იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს და ეს იყო სრულიად უკონტროლო. ჩვენი მოსვლის მერე, თავდაპირველად კონტროლის ქვეშ მოექცა და შემდეგ საბოლოოდ გაუქმდა. მაგალითად, ჩვენ, პარლამენტარებმა, 2012 წლის ბოლოს მხოლოდ ერთხელ ავიღეთ პრემია და მას შემდეგ არც ერთხელ არ აგვიღია. ეს არის შავი პიარი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გვიგორებენ.

- თუმცა "ქართული ოცნების" ბევრი ლიდერი და უამრავი არასამთავრობო აღიარებს, რომ პრემიების თემა პრობლემატურია...

- დიახ, ცალკეულ უწყებეში ზოგიერთმა თანამდებობის პირმა მართლაც ზომაზე მეტად დაიჯილდოვეს თავი, თუმცა ამის აღიარება მოხდა, შესაბამისი ზომებიც გატარდა და ის ადამიანები იქ აღარ მუშაობენ.

- რამდენად გაამართლეს იმ პოლიტიკურმა ფიგურებმა, ვინც 1 ოქტომბერს პოლიტიკაში მოვიდნენ?

- აქ ცალსახა პასუხის გაცემა რთულია, რადგან მაშინ გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა სპონტანურად, სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან ბევრი ვერ ბედავდა ამ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას, რამაც გამოიწვია ის, რომ თუნდაც პარლამენტში არ არის წარმოდგენილი ბევრი მაღალი დონის პროფესიონალი, არიან ძალიან მცოდნე ხალხი, თუმცა უფრო მეტი რომ იყოს, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. თვითკრიტიკულადაც ვიტყვი და ჩემს კომიტეტში, ერთი ბანკირიც არ გვყავს და საბანკო საკითხებზე ისეთ ხალხს უწევდა მუშაობა, ვისაც საბანკო საქმის ერთდღიანი გამოცდილებაც არ ჰქონია. უფრო მეტი პროფესიონალი კადრი ნამდვილად კარგი იქნებოდა, თუმცა რომ არა ის ხალხი, ვინც დღეს პარლამენტშია, 2012 წლის არჩევნების მოგება წარმოუდგენელი იქნებოდა.

- ის ფაქტი, რომ გაცილებით მეტი პროფესიონალია საჭირო, ქვეყნისთვის უარყოფითი შედეგის მომტანი არ იქნება?

- უარყოფით შედეგს მოიტანდა, თუ ყველაფერი ისე დარჩებოდა, როგორც იყო. მაშინ არავითარი თავისუფლება არ იყო, ყველაფერი ერთი ადამიანის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული და თან არავინც აქცევდა ყურადღებას, პროფესიონალები შეასრულედნენ თუ არა ამას.

- რომ არ ყოფილიყავით ბიძინა ივანიშვილის კურსელი, დღევანდელ პარლამეტში იქნებოდით?

- ალბათ არა, მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველნარიად მოსაგები მქონდა მაჟორიტარული არჩევნები, მაგრამ მიღებული ხმების დაცვას ვერ შევძლებდი. მხოლოდ ამ მიზეზის გამო, თორემ მე ბიძინა ივანიშვილის კურსელი ვიყავი დაახლოებით 40 წლის წინ, თუმცა 15 წელია პოლიტიკაში ვარ და რამდენჯერმე ხელისფლების კანდიდატიც კი დავამარცხე არჩევნებში; სხვათა შორის, იმ დროსაც დავამარცხე, როცა ივანიშვილი იმდროინდელ ხელისუფლებას უჭერდა მხარს. მე ვაღიარებ, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის წვლილი იყო გადამწყვეტი, "მოქალაქეთა კავშირის" დროსაც ხდებოდა გაყალბება, თუმცა თუ დიდი უპირატესობა გქონდა, მაშინ აღიარებდნენ ხოლმე, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" დროს ეს გამორიცხული იყო, წერდნენ იმას, რაც გაუხარდებოდათ. სწორედ ბიძინას ფაქტორმა განაპირობა, რომ მოხდა ხმების დაცვა.

- ბატონ ბიძინას თუ მიულოცეთ დღევანდელი დღე?

- არ დამირეკავს, თუმცა თქვენი ნათქვამის მერე დავფიქრდები.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."