ვექტორული პოლიტიკის საფრთხეები და პლუსები: როდესაც გზა მხოლოდ ევროპისკენ ან რუსეთისკენ არ მიდის

ვექტორული პოლიტიკის საფრთხეები და პლუსები: როდესაც გზა მხოლოდ ევროპისკენ ან რუსეთისკენ არ მიდის

ბოლო პერიოდში გახშირდა საუბარი საქართველოს მიერ არჩეულ პრაგმატულ და მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაზე. თანდათან იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებთან მიმართებაშიც საქართველომ აქტიურ ფაზაში შეიყვანა ურთიერთობები. ერთმნიშვნელოვნად პროდასავლური კურსი შეიცვალა და ჯერ რუსეთთან ურთიერთობების დათბობისკენ აიღო გეზი, შემდეგ კი საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკური ყურადღება არაბულ სამყაროსა და ჩინეთზე გადანაწილდა. პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტით "თანამედროვე აბრეშუმის გზის რეანიმაციის" პროექტზე საუბრები დაიწყო. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებიდან კი საქართველოში, ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო მიმოსვლის გართულების პირობებში, ბოლო პერიოდში 20 00-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

საქართველოს საგარეო კურსზე, მოსალოდნელ საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, მამუკა გამყრელიძე AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

- რაში მდგომარეობს ჩინეთისა და არაბული სამყაროს, ირანის ინტერესები საქართველოს მიმართ? როგორია რისკები, რასაც შესაძლოა, ველოდოთ ამ ქვეყნებთან აქტიური კავშირებით და შედეგები, რომლის მიღწევასაც შევძლებთ.

- საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მისი, ერთგვარი, დამაკავშირებელი ხიდის როლი აზიასა და ევროპას შორის მომხიბვლელს ქმნის ჩვენს ქვეყანას როგორც დასავლეთისათვის, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის. განსაკუთრებით დღევანდელი გლობალიზაციისა და კომუნიკაციების სწრაფი განვითარების ეპოქაში. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისა და სპარსეთის ყურის მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის საქართველო, როგორც სატრანზიტო ჰაბი საინტერესო იყოს. ამ ფუნქციის სრულად შესრულებას საქართველო მხოლოდ დიდი ინვესტიციების და სახელისუფლებო ხელშეწყობის პირობებში შეძლებს. ჩვენ ძალიან გვიწყობს ხელს ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. აუცილებელია, ზემოთხსენებულ ქვეყნებთან მაქსიმალურად აქტიური და მოქნილი პოლიტიკის გატარება და მათი დაინტერესება, ვინაიდან მსოფლიოს საფინანსო ცენტრი სწორედ იქით იხრება.

მიხარია, რომ ჩინეთთან ურთიერთობების დონემ ძალიან აიწია და ვხედავ ჩვენი მთავრობის დიდ ინტერესს ამ კუთხით. სამწუხაროა ისეთი შეცდომები, როგორიცაა ვიზების რეგულაციების გართულება ამ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომელთა ინიციატორი იუსტიციის მინისტრი გახლდათ. ამან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა განსაკუთრებით ირანთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას, მაშინ როცა სწორედ საქართველოს ჰქონდა ნაკისრი ერთგვარი მედიატორის როლი დასავლეთთან ირანის ურთიერთობებში.

- როგორ ხედავთ მულტივექტორული პოლიტიკის განვითარების გზებს? რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ეს კურსი საქართველოსთვის?

- ვექტორული, ან უფრო სწორად, მულტივექტორული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისათვის საინტერესო იქნებოდა მშვიდობიან სამეზობლოს პირობებში. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ვექტორი უნდა იყოს მიმართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ ლავირება ცხადია, აუცილებელია. ურთიერთობები როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთისა და თუნდაც სამხრეთის ქვეყნებთან აუცილებელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი გეზი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. ეს ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის გადაწყვეტილებაა და ხელისუფლებაც სწორედ ამ გეზის ერთგულია, დეკლარირებულად მაინც.

მულტივექტორული პოლიტიკა ლამაზი სიტყვაა მხოლოდ. ამის უკან დგას სახელმწიფოს კარგად ჩამოყალიბებული და ერთიანი სტრატეგია და დიპლომატების მუდმივი და ძალიან აქტიური მუშაობა. ჯერ ჩამოვყალიბდეთ, რა არის ქვეყნის პრიორიტეტი, მთავარი ამოცანა და ამის შემდეგ შევარჩიოთ პარტნიორები და მეგობრები და მათთან გავატაროთ მულტივექტორული პოლიტიკა. ჩემი აზრით, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების მთავარი ამოცანა გახლავთ ქვეყნის დეოკუპაცია. რუსეთს რაც შეეხება, მათთან ვაწარმოოთ დიალოგი, სიტუაციისდა მიხედვით ხისტი ან რბილი, ვისაუბროთ მათთან ეკონომიკაზე, ჰუმანიტარულ პრობლემებზე, მაგრამ მეგობრობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან საღი გონების ფარგლებში ვერ ჯდება.

- იმ სარგებლობის გათვალისწინებით, რაც საქართველოს შეუძლია პარტნიორ ქვეყნებს მოუტანოს, კიდევ რომელ სახელმწიფოებთან დაახლოება იქნება ქვეყნისთვის წარმატების მომტანი?

- გაეროში 193 წევრი ქვეყანაა და სასურველია ნებისმიერ ამ ქვეყანასთან გვქონდეს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. თუმცა მე ვისურვებდი განსაკუთრებულად გავაქტიურდეთ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის მზარდი ეკონომიკის ქვეყნებთან მიმართებაში.

სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბევრ ქვეყანასთან შეგვიძლია საერთო ინტერესები გამოვძებნოთ, ვიეტნამი, ინდონეზია, მალაიზია, სინგაპური და სხვა. რა შეგვიძლია შევთავაზოთ? ინვესტირება ინფრასტრუქტურაში, რომელიც სატრანსპორტო ჰაბს მოემსახურება. აქ ჩვენ ჩინეთის მიერ დაანონსებული ახალი აბრეშუმის გზის პროექტიც უნდა გამოვიყენოთ.

- შესაძლებლობები და საფრთხეები, რომელთა წინაშეც საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ყოველთვის იდგა ქვეყანა, რა საფრთხეებს და შესაძლებლობებს ხედავთ ამ ეტაპზე?

- დღეისათვის განსაკუთრებულ საფრთხეს ახლო ღმოსავლეთში შექმნილი მწვავე ვითარება წარმოადგენს. სირიაში მიმდინარე პროცესები, ისლამური ტერორისტული სახელმწიფოს გააქტიურება და მასში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა. ახლო აღმოსავლეთი მართლაც ძალიან ახლოა ჩვენთვის და არ ვისურვებდი ამ ცეცხლის გადმოსვლას თურქეთის მიმართულებით, რისი საშიშროებაც არსებობს. დღევანდელი მსოფლიო სავსეა როგორც შესაძლებლობებით, ასევე საფრთხეებით და ჩვენისთანა ქვეყნისათვის აუცილებელია ძალიან მოქნილი პოლიტიკის გატარება და ამავე დროს ძლიერი მეგობრების ყოლა. ასეთად კი მე დღეს ამერიკა და NATO მიმაჩნია.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."