ირაკლი ღარიბაშვილი - მეც და განათლების მინისტრიც ისეთ ასაკში ვართ, რომ სწავლა არ გვაწყენდა სიბერემდე

ირაკლი ღარიბაშვილი - მეც და განათლების მინისტრიც ისეთ ასაკში ვართ, რომ სწავლა არ გვაწყენდა სიბერემდე

მინდა აღვნიშნო, რომ მეც და განათლების მინისტრიც ვართ ისეთ ასაკში, რომ სწავლა არ გვაწყენდა სიბერემდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საკრებულოში მასწავლებლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცა და აღნიშნა, მათი განსაკუთრებული როლი მომავალი თაობის აღზრდაში.

"დღის მთავარ ნაწილს მოსწავლე ატარებს სკოლაში, მეორე ნაწილს კი სახლში, ამიტომ მინდა აღვნიშნო თქვენი როლი ადამიანის აღზრდაში არის განსაკუთრებულად დიდი. მინდა ასევე ვთქვა, რომ სახელმწიფოს იმიჯი განისაზღვრება რამდენიმე კრიტერიუმით, იმით თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო განათლებაზე და სხვადასხვა სფეროებზე. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის როგორ ზრუნავს სახელმწიფო პედაგოგებზე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პედაგოგების მდგომარეობის გაუმჯობესება, მოტივაციის ამაღლება, ხელფასების ზრდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა გაიხსენა, რომ მას ჰყავდა რამდენიმე პედაგოგი, რომელთაც ძალიან შეაყვარეს საგანი და დიდ სიხარულს განიცდიდა, როდესაც მათ გაკვეთილს აბარებდა. თუმცა ასევე იყვნენ ისეთები, რომლებიც ნაკლებად მოტივირებულები იყვნენ და მათი გაკვეთილი ნაკლებად საინტერესო იყო.

"ჩვენი სახელმწიფოს როლი არის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მასწავლებლის გაძლიერებას. დღევანდელი დღის მთავარი სლოგანი არის სწორედ "მასწავლებლის გაძლიერება - მდგრადი საზოგადოების შენება". ამაში არის ჭეშმარიტება, თუ გვაქვს ამბიცია, რომ გვყავდეს ძლიერი და განათლებული მომავალი თაობა, ჩვენი ვალია, რომ პირველ რიგში პედაგოგებს დაგეხმაროთ და ყველა პირობა შეგიქმნათ, რათა იყოთ მოტივირებულები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."