თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ცოტნე დადიანის გამზირის ("მალაკნების" ხიდიდან ხუდადოვის ქუჩის შესახვევამდე) მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა ლეგიტიმურად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის სრული დაცვით და იმ მოქმედი ნორმების გათვალისწინებით, რასაც ტენდერის გამოცხადებისას აღნიშნული კანონი ითვალისწინებდა.  გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტენდერში გათვალისწინებული არ იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 აპრილის N3 ბრძანებით განხორციელებული ცვლილება, სრულიად უსაფუძვლოა, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა 2015 წლის 20 იანვარს, ხოლო ხელშეკრულება შპს "ძამა"-სთან გაფორმდა 2015 წლის 24 თებერვალს. ბუნებრივია, რომ ტენდერში გათვალისწინებული ვერ იქნებოდა კანონში არარსებული ჩანაწერი.

2015 წლის 6 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N3 ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მე-9 მუხლის "ი1" ქვეპუნქტის საფუძველზე სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულ იქნა "მითითება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ წესის მე-11 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად. ამავე ბრძანების მე-11 მუხლის 21 პუნქტი ითვალისწინებს, რომ "იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას".

ზემოაღნიშნული ბრძანება 2015 წლის 6 აპრილიდან ამოქმედდა, ცოტნე დადიანის გამზირის გარკვეული მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებზე კი სახელმწიფო შესყიდვა ცვლილებებამდე რამდენიმე თვით ადრე განხორციელდა. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნები ელექტრონულ ტენდერში გათვალისწინებული ვერ იქნებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."