"თბილგაზი" კახი კალაძის მფლობელობაში გადადის?

"თბილგაზი" კახი კალაძის მფლობელობაში გადადის?

კომპანია "ყაზტრანსგაზმა" ქართულ მხარეს შესაძლოა ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. ყაზახური მხარის თქმით, საუბარი დაახლოებით 130 მილიონ აშშ დოლარზეა, რომელიც 2006-2009 წლებში სააქციო საზოგადოება "ყაზტრანსგაზმა" "ყაზტრანსგაზთბილისის" (რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელიც თავადვე გახლავთ) განვითარებასა და თბილისის გაზმომარაგების სისტემაში ეტაპობრივად ჩადო. 2009 წლიდან მოყოლებული კი "ყაზტრანსგაზს" შვილობილი კომპანიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების საშუალება აღარ აქვს, რადგან იმავე წლის ივლისში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სემეკის შუამდგომლობა შპს "ყაზტრანსგაზთბილისში" სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ.

რატომ გადაწყვიტა ყაზახურმა მხარემ ხმის ამოღება მაინცდამაინც ახლა? რა ბიზნესინტერესები შეიძლება ჰქონდეს კახი კალაძეს ამ ყველაფერში?

აღნიშნულ თემაზე "ალიას" "ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია ესაუბრება:

- ეს ყველაფერი 2009 წლის "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოხდა, "ყაზტრანსგაზმა" კი ხმა ახლა ამოიღო. გასაგებია, რომ კომპანიას მაშინ ამაზე ხმამაღალი საუბარი შედეგს ვერ მოუტანდა, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა: რატომ ახლა?

- ჩემი აზრით, ეს შეკითხვა სწორად არის დასმული და მას რომ სწორი პასუხი გავცეთ, აუცილებელია, ძალიან მოკლედ გავიხსენოთ ეს ისტორია: 2009 წელს მაშინდელი ხელისუფლება ყაჩაღურად შეიჭრა "თბილგაზში", კომპანიის მართვას ჩამოაშორა კომპანიის მფლობელის მიერ დანიშნული მენეჯმენტი, თვითონ აიღო თავზე მისი მართვა და სპეციალურ მმართველად ქალბატონი ანი თაქთაქიშვილი (ის საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის და გახლავთ. - ნ.ლ.) დანიშნა. შესაბამისად, იმ დღიდან მფლობელ კომპანიას არც ერთი თეთრი მოგება არ წაუღია. რა თქმა უნდა, ეს იყო იმ დროს არსებული ხელისუფლების უსამართლო, უკანონო, ყაჩაღური გადაწყვეტილება, თუმცა ამ პროცესის კადრს მიღმა ასტანაში მიმდინარეობდა ვაჭრობა, მოლაპარაკებები "ყაზმუნაიგაზის" (ყაზახეთის ეროვნული ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია. - ნ. ლ.) მფლობელებთან "თბილგაზის" ხელახლა გაყიდვაზე. ამას ცდილობდა ორი მხარე. ერთ-ერთი იყო მაშინდელი ხელისუფლების მხარე, რომელიც ცდილობდა ამ კომპანიაში თავისი კერძო ბიზნესინტერესების გატარებას, თუმცა იყო კიდევ ერთ-ერთი მხარე, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებასთან შესანიშნავ ურთიერთობაში იყო და რომელიც, ასევე, ცდილობდა "თბილგაზის" ხელში ჩაგდებას და მოლაპარაკებას აწარმოებდა "ყაზტრანსგაზთანაც" და სააკაშვილის რეჟიმთანაც - ეს გახლდათ კახი კალაძე, თავისი შპს "კალა კაპიტალით". თავის დროზე კალაძეს ეს დადასტურებული აქვს კიდეც, რადგან, როცა ამას ადასტურებდა, ის, ალბათ, საუკეთესო სიზმრებშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე შეიძლებოდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი გამხდარიყო. მესამე წელია, კალაძე მართავს ქართულ ენერგეტიკას, მაგრამ ზუსტად ისე მოიქცა, როგორც თავის დროზე ვანო მერაბიშვილი: "თბილგაზის" სპეციალურ მმართველთად თაქთაქიშვილის დანიშვნა და ის ღონისძიება იყო ვანო მერაბიშვილის ინიციატივით განხორციელებული, რადგან ის აკონტროლებდა იმჟამინდელ ენერგეტიკის მინისტრ ალეკო ხეთაგურს და ზოგადად, ის სფერო მის კონტროლქვეშ მყოფი სივრცე იყო. ზუსტად ასე მოიქცა კალაძეც - როცა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, კალაძე ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა და შესაბამისად, ვანო მერაბიშვილის გუნდისგან გადაიბარა ენერგეტიკის სფერო - კახი კალაძემ "თბილგაზის" სპეციალურ მმართველად დანიშნა თავისი ბიზნესპარტნიორი, შპს "კალა კაპიტალის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ბერაშვილი, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა ენერგეტიკაზე. ბერაშვილის დანიშვნას მოჰყვა ღია და აშკარა ლობირება "თბილგაზის" მხრიდან და ამას მხარს უჭერდა ენერგეტიკის სამინისტრო, რომ გაზზე ფასები გაზრდილიყო. რომ არა ჩვენი გააფთრებული წინააღმდეგობა, ისევ გაიზრდებოდა გაზის ტარიფი, როგორც ეს ელექტროენერგიაზე მოხდა. ეს რაც ისტორიას შეეხებოდა და ახლა, მოწმენდილ ცაზე ყაზახური მხარის ეს განცხადება, რა თქმა უნდა, აჩენს ლეგიტიმურ შეკითხვას: ხომ არ შედგა მოლაპარაკება კახი კალაძესა და "ყაზმუნაიგაზის" მფლობელებს შორის, "თბილგაზის" კალაძის მფლობელობაში გადაცემის შესახებ? ეს განცხადება კი შესაძლოა, არის ერთგვარი ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ ყაზახური მენეჯმენტი, რომელიც ისედაც ჩამოშორებულია კომპანიის მმართველობას, გავიდეს მფლობელობიდან და მერე ამ მფლობელობაში შემოვიდეს სადმე, რომელიმე ოფშორულ ზონაში, მაგალითად, კვიპროსში დარეგისტრირებული რომელიმე კომპანია, რომლის რეალური მფლობელიც კახი კალაძე იქნება?

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ ყაზახური მხარის მიერ გაკეთებული ამ განცხადების და ზოგადად, ამ პროცესის უკან, შესაძლოა კახი კალაძის ინტერესები იყოს "თბილგაზის" მიმართ?

- დიახ, სავსებით შესაძლებელია, რადგან, თუ გადავხედავთ "თბილგაზის" ისტორიას ზუსტად ასე იყო 2009 წლიდან. სწორედ იქიდან მოყოლებული, 9 წლის შემდეგ კახი კალაძე ცდილობდა "თბილგაზის" ხელში ჩაგდებას, აწარმოებდა მოლაპარაკებებს. საქმე მისთვის ხელსაყრელად მიმდინარეობდა, მაგრამ მოულოდნელად მას იმდროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობები აერია და ეს გარიგება ჩაეშალა. ეს დადასტურებული ფაქტია და ჩემთვის უკვე ცნობილია. ახლა სავსებით ლეგიტიმურია მოსაზრება, - ხომ არ შედგა ხელახალი გარიგება კალაძესთან და ვიმეორებ, "ყაზმუნაიგაზის" ეს განცხადება, უბრალოდ, არის ნიადაგის მომზადება, რომ "ყაზტრანსგაზი" გადის და მის ნაცვლად შემოვა ვიღაც ახალი კომპანია? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იქ კახი კალაძე არ გამოჩნდება, ეს კვიპროსში დარეგისტრირებული რომელიმე კომპანია აღმოჩნდება, რომლის მფლობელიც რეალურად კახი კალაძე იქნება. შესაძლოა, რომ სწორედ ასეთ მაქინაციას ჰქონდეს ადგილი. მით უმეტეს, კალაძეს დღემდე აქვს აშკარა კომერციული ინტერესები ენერგეტიკაშიც, გაზშიც, ის არის ტარიფების ზრდის ლობისტი ენერგეტიკაზეც და გაზზეც, შესაბამისად, ჩემი ეჭვი სავსებით ლოგიკურია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დამატებით შესწავლა სჭირდება.

- "ყაზტრანსგაზი", ფაქტობრივად, 2009 წლიდან ითვლება თამაშგარეთ, რაგან სწორედ იმ დროს მოხდა "თბილგაზში" სპეციალური მმართველის დანიშვნა. სამი წელია, რაც ენერგეტიკის მინისტრი კალაძეა და მას რელაური მცდელობაც არ ჰქონია იმის (ყოველ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია არსად გაჟღერებულა), რომ "ყაზტრანსგაზის" მმართველობა დაებრუნებინა "თბილგაზში". გამოდის, სავსებით შესაძლებელია, მართლაც იყოს წლების განმავლობაში გათვლილი რაღაც კონკრეტული გარიგება, რათა "თბილგაზის" აქტივები და მმართველობა კალაძის ხელში ახლა გადავიდეს?

- სავსებით შესაძლებელია, რადგან კალაძე კონფლიქტშიც კი შედიოდა სხვადასხვა ბიზნესმენებთან "თბილგაზის" ხელში ჩასაგდებად და მის სხვადასხვა პოტენციურ მყიდველებთან დაპირისპირებებიც ჰქონდა. ის, რომ 2012 წლის მერე სამი წელი გავიდა და მისი მინისტრობის განმავლობაში "თბილგაზი" კანონიერ მფლობელს არ დაუბრუნდა და ის, რომ "თბილგაზს" მართავს კალაძის ბიზნესპარტნიორი, სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ "თბილგაზის" ხელში ჩაგდების მაშინდელი სურვილები და მადა კალაძეს ჯერ კიდევ არ განელებია. პრინციპში, რატომ უნდა განელებოდა? ახლა ხომ ენერგეტიკის მინისტრია და მეტი ბერკეტი აქვს მის ხელში ჩასაგდებად? სავსებით ლოგიკურია ვთქვათ, რომ სამი წლის განმავლობაში კანონიერი მფლობელებისთვის მართვის უფლების გადაცემა იმიტომ გაეწელა, რომ შემდგომში იძულებული გაეხადა, მისთვის დაეთმო გარკვეული კომერციული გარიგების საფუძველზე.

- ყაზახური მხარე აცხადებს, რომ "ყაზტრანსგაზთბილისში" ჩადებული ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს აღწევს და მათ შეიძლება ამ თანხის დაბრუნება მოითხოვონ. ამხელა თანხის დაბრუნება შეიძლება თუ არა შემდგომში აისახოს იმავე გაზმომარაგების სისტემაზე, ან ტარიფზე? რა შეიძლება მოჰყვეს ამ ამბავს, თუ 130 მილიონი "თბილგაზიდან" იქნება ამოღებული?

- ინვესტიციების რაოდენობას, რა თქმა უნდა, გადამოწმება და დაზუსტება სჭირდება, თუმცა 130 მილიონი დოლარი ისეთი კომპანიისთვის, როგორიც "თბილგაზია", დიდი ციფრი არ არის. რაც შეეხება გაზის მიწოდებას, აქ არანაირი შეფერხება არ იქნება. თუ მოსაზრება იმის შესახებ, რომ კალაძემ მიაღწია შეთანხმებას "ყაზტრანსგაზთან", რომ "თბილგაზი" მისთვის დაეთმოთ, არის რეალური, ასეთ შემთხვევაში, 130 მილიონი დოლარის გადახდის მექანიზმზეც იქნებიან ისინი მოლაპარაკებულები. ამ თანხას "თბილგაზი" რამდენიმე თვეში ამოიღებს, ის მილიონნახევრიანი ქალაქის ექსკლუზიური მიმწოდებელია და მარტო მოსახლეობაში ჰყავს ნახევარი მილიონი აბონენტი. თითოეულმა მათგანმა 40-50 ლარი რომ გადაიხადოს თვეში, სადღაც 25 მილიონი გამოდის. გადახდის მექანიზმზე მოილაპარაკებდნენ ისე, რომ სახელმწიფომ კი არ გადაიხადოს, ეს მოახდინოს პოტენციურმა ახალმა "მყიდველმა", რომელიც მაღალი ალბათობით, კვიპროსში დარეგისტრირებული კახი კალაძის რომელიმე კომპანია იქნება.

- კვიპროსსა და კალაძეს ერთობლიობაში ხშირად ახსენებთ. რამე კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ?

- ამას შემთხვევით არ ვახსენებ, რადგან კახი კალაძეს უყვარს კვიპროსზე ოფშორულ ზონაში ფარულად დარეგისტრირებული კომპანიების მფლობელობა. ჩემი ინფორმაციით (და მე ამის მტკიცებულება მაქვს), მას კვიპროსზე დარეგისტრირებული აქვს კომპანია "კალა კაპიტალ ლიმიტედი", რომელიც ბიზნესს სწორედ ენერგეტიკაში ეწევა. ეს "კალა კაპიტალ ლიმიტედი" ფლობს საქართველოში რეგისტრირებულ რამდენიმე ისეთ კომპანიას, რომელიც, ასევე, ენერგეტიკაში მოღვაწეობს. ასეთია შპს "კალა კაპიტალი", "ჰიდრომშენი", "კალა ენერჯი" და ა.შ. ყველაფერ ამას ფლობს კვიპროსზე დარეგისტრირებული "კალა კაპიტალ ლიმიტედი" და მისი მფლობელი კი კახი კალაძეა. აი, ასეთ მაფიოზობანას თამაშს აქვს ადგილი.

- თქვენ შესაძლო გარიგებაზე საუბრობთ, ამ შემთხვევაში საკითხი ასე შეიძლება დაისვას "ყაზტრანსგაზმა" უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ თანხის ამოსაღებად ისინი დაიწყებენ სამართლებრივ პროცედურას. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? სიტუაციას დღე-დღეზე ხომ, ფაქტობრივად, სამართლებრივი მსვლელობა შეიძლება მიეცეს?

- ასეთი წერილის გამოგზავნა არის ჩვეულებრივი პროცედურა, ფორმალობა, რომელიც აუცილებლად არის საჭირო, რომ სახელმწიფოს შეატყობინო იმის შესახებ, კომპანია აპირებს გასვლას და თავის ინვესტიციების დაბრუნებას.

- ანუ სამართლებრივად ეს რაიმე განსაკუთრებული ცნობა არ არის?

- არაფერი განსაკუთრებული არ არის, ეს არის, უბრალოდ, საზოგადოებისთვის გაკეთებული განცხადება, რომ "ყაზტრანსგაზი" გასვლას აპირებს და ამის შესახებ მოლაპარაკებას იწყებს სახელმწიფოსთან. თავის მხრივ, სახელმწიფო, ასევე ფორმალურად, დაიწყებს ახალი მფლობელის ძიებას და აი, აქ გამოჩნდება დიდხანს ნანატრი "კალა კაპიტალ ლიმიტედი", თუკი ის ვერსია, რასაც ვაცხადებთ, არის სწორი. ასეთ შემთხვევაში, ეს კომპანია წელიწადში დაახლოებით 300-400 მილიონის ოდენობის შემოსავალს მიიღებს.

- გვერდზე რომ გავწიოთ ახლა ეს შესაძლო კულუარული გარიგებები და კალაძის ინტერესები, რა შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ 130 მილიონი დოლარის გადახდა? ანუ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს პროცესი?

- ყველაზე კარგი გამოსავლაი იქნებოდა ის, რომ სახელმწიფომ თავის საკუთრებაში დაიბრუნოს სტრატეგიული ობიექტები და მას სახელმწიფო მენეჯმენტი მართავდეს. თუ სახელმწიფო ასეთ არჩევანს გააკეთებს, თავისუფლად შეიძლება მოლაპარაკება ინვესტორთან, "ყაზტრანსგაზთან", რომ სახელმწიფომ ეტაპობრივად დაფაროს ეს თანხა, რა თქმა უნდა, მოგებისა და კომპენსცაიების გათვალისწინებით, რაც დაიფარება "თბილგაზის" მიერ ამოღებული იმ მილიონებით, რომლის ამოღებაც ახლაც ხდება, უბრალოდ, თუ ეს თანხები თავის დროზე ვანო მერაბიშვილისა და ხეთაგურის ჯიბეში მიედინებოდა, ახლა კახი კალაძისა და გიორგი ბერაშვილის ჯიბეში მიედინება და "თბილგაზი" დღემდე მოგებაზე არ არის, არ აჩვენებს.

ნინო ლაბარტყავა

გაზეთი "ალია"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."